არდადეგებზე საკითხავი წიგნები სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისთვის

18 ივნისი, 2026
არდადეგებზე საკითხავი წიგნები სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისთვის
არდადეგებზე საკითხავი წიგნები სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისთვის

ზაფხულის არდადეგები წაკითხული წიგნების მიხედვითაც გვამახსოვრდება. რაც დრო გადის, მეტად ვრწმუნდები, თუ როგორი დიდი გავლენა აქვს ბავშვობაში წაკითხულ წიგნებს. სწორედ ამიტომ არ დავიშუროთ ძალისხმევა და ვაპოვნინოთ ბავშვებს წიგნები, რომლებიც ზაფხულის არდადეგებს დაუვიწყარ შთაბეჭდილებებად აქცევს.

გთავაზობთ ჩემს მოსწავლეებთან და შვილებთან ერთად წაკითხული წიგნების ნუსხას სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებისთვის.

წიგნები I-III კლასის მოსწავლეებისთვის

წიგნები I-III კლასის მოსწავლეებისთვის

მაწანწალა ზურიკოს თავგადასავალი – მარიამ სიხარულიძე

„მაწანწალა ზურიკოს თავგადასავალი” – მარიამ სიხარულიძე

„მაწანწალა ზურიკოს თავგადასავალი” – მარიამ სიხარულიძე

მაწანწალა ძაღლმა, ზურიკომ, ქართულ საბავშვო ლიტერატურაში რამდენიმე თვეა, რაც შემოაბიჯა და დარწმუნებული ვარ, მკითხველის საყვარელი პერსონაჟი გახდება. ავტორის ილუსტრაციებით გაფორმებულ წიგნში შეხვდებით კეთილ, გონიერ ბიჭს, გუგას, რომელიც ბიძას საცირკო წარმოდგენებისთვის ცხოველების გაწვრთნაში ეხმარება. გუგასთან შეხვედრა ზურიკოს ცხოვრებას სწორ მიმართულებას აძლევს.

მართა საცხოვრებლად სოფელში გადადის – ელისა ჰეიდენ გესტი

„მართა საცხოვრებლად სოფელში გადადის” – ელისა ჰეიდენ გესტის მოთხრობის მიხედვით

„მართა საცხოვრებლად სოფელში გადადის” – ელისა ჰეიდენ გესტის მოთხრობის მიხედვით

ეს პატარა მოთხრობა „სულაკაურის გამომცემლობამ” კითხვის სწავლების ექვსსაფეხურიან საკითხავს მოარგო და ჩემი 7 წლის გოგოსთვის, რომელმაც პირველი კლასი დაასრულა, საყვარელ წიგნად იქცა. ყოველ გვერდზე თბილი ფერებით დახატულ ულამაზეს ილუსტრაციებს თან ახლავს რამდენიმე წინდადადება. ილუსტრაციისა და წინადადებების ამგვარი თანხვედრა ბავშვს კითხვას უადვილებს. წიგნს თანდართული აქვს ილუსტრირებული ლექსიკონიც, რომლის მიხედვით ჩემს შვილს შევთავაზე ახალი სიტყვების თავისი წარმოდგენით დახატვა.

მართას ქალაქში მშვენიერი ცხოვრება ჰქონდა, სოფელში ჩასულს კი იქაურობა მოსაწყენად ეჩვენება. ბაბუასთან სეირნობისას შენიშნავს ხიდან ჩამოშვებულ კიბეს, ზედ აცოცდება და იქ მათეს გაიცნობს. მცირე ზომის ტექსტი ბავშვებს დააფიქრებს სოფლად ყოფნის დადებით მხარეებზე.

იკაროსი – ბიჭი, რომელიც მზისკენ გაფრინდა

„იკაროსი – ბიჭი, რომელიც მზისკენ გაფრინდა”

„იკაროსი – ბიჭი, რომელიც მზისკენ გაფრინდა”

მეფე მინოსის კოშკში გამომწყვედული მამა-შვილი გაქცევის გეგმას მოიფიქრებს, ფრინველებს პურის ნამცეცებით მოიშინაურებს და საკანში დაცვენილ ბუმბულებს მოაგროვებს, კოშკზე ამოცოცებული სუროსგან ფრთების ჩონჩხს დაამზადებს, სანთლისგან კი ბუმბულებს ჩონჩხზე დაამაგრებს. ხელნაკეთი ფრთებით მამა-შვილი თავისუფლების მოსაპოვებლად გაფრინდება.

ძველი ბერძნული მითის წაკითხვის შემდეგ ბავშვებთან ერთად ვიფიქროთ, რა შეიძლება მოჰყვეს გამოუვალი სიტუაციიდან თავის დაღწევის დაუღალავ მცდელობას.

კლოდი არდადეგებზე – ალექს ტ. სმითი

„კლოდი არდადეგებზე” – ალექს ტ. სმითი

„კლოდი არდადეგებზე” – ალექს ტ. სმითი

კლოდი გასულ ზაფხულს ხმამაღლა წავუკითხე ჩემს გოგოს, რომელმაც ჯერ კითხვა არ იცოდა. კითხვისას ვიცინოდით, ვაკვირდებოდით ავტორის ილუსტრაციებს, მოუთმენლად ველოდით მოვლენების განვითარებას.

კლოდი მეგობარ სერ ბურძგლაწინდასთან ერთად არდადეგების სახალისოდ გატარებას გადაწყვეტს, ჩემოდანში ნივთებს ჩააწყობს და პლაჟისკენ გაეშურება. წიგნის პერსონაჟებთან ერთად მკითხველს დიდი მხიარულება ელის.

დიდი რუხი მგლის დღიური – ბენ მილერი

„დიდი რუხი მგლის დღიური” – ბენ მილერი

„დიდი რუხი მგლის დღიური” – ბენ მილერი

ოდესმე გიფიქრიათ, რას ფიქრობდა რუხი მგელი წითელქუდას გაცნობამდე? პერსონაჟის მიერ პირველ პირში მოთხრობილი ამბები პატარა მკითხველებს ემპათიას გაუღვივებს.

„რაც არ უნდა გავაკეთო, ბოლოს მაინც ყველას დასაცინი ვხდები”, – წერს დღიურში რუხი მგელი. კიდევ რა პრობლემები უნდა ჰქონდეს მგელს, ამას წიგნიდან შეიტყობთ.

წიგნები IV-VI კლასის მოსწავლეებისთვის

წიგნები IV-VI კლასის მოსწავლეებისთვის

ბილი და ბო – კრისტინე ლუი შლეტებაკენი

„ბილი და ბო” – კრისტინე ლუი შლეტებაკენი

„ბილი და ბო” – კრისტინე ლუი შლეტებაკენი

შემოდგომის მზიან დღეს ჩვენი უბნის ფანჩატურში ვიჯექი და „ქარიყლაპიას ზაფხულის” შესახებ ვიდეოს ვწერდი. სწორედ იმ დროს გამოიარა 11 წლის მათემ და ჩემი საქმიანობით დაინტერესდა. მათეს ვთხოვე, მაგიდაზე დაწყობილი წიგნებიდან რომელიმე შეერჩია. ყდის ილუსტრაციის მიხედვით „ბილი და ბო” მოეწონა და შინ წაიღო. მაშინ შევთანხმდით, რომ თუ წაიკითხავდა წიგნს, ერთობლივ ვიდეოს ჩავწერდით. მათემ წიგნი მალევე წაიკითხა და შემდეგ წასაკითხად მე მათხოვა.

უახლოესი მეგობრის საცხოვრებლად სხვაგან გადასვლა, ახალი მეგობრის პოვნა, რთული ქცევის მიღმა დამალული სოციალური პრობლემები – ამ თემებს ეხება წიგნში აღწერილი ორი ბავშვის ყოველდღიურობა. ჩემთვის კი წიგნის მთავარი თემებიდან ყველაზე საყურადღებო არასასურველი გავლენაა – ბილი ბოს გავლენის ქვეშ ექცევა და ისეთ რამეს აკეთებს, რაც იცის, რომ არასწორია.

დეტექტივი ელიკე: პირველი საქმე – ლელა ცუცქირიძე

„დეტექტივი ელიკე: პირველი საქმე” – ლელა ცუცქირიძე

„დეტექტივი ელიკე: პირველი საქმე” – ლელა ცუცქირიძე

საყმაწვილო რომანი დეტექტივის ჟანრის მოყვარულებს გაახარებს. ავტორის ილუსტრაციები კითხვის პროცესს ხიბლს მატებს. ჩახლართული სიუჟეტი, ექსცენტრიკული პერსონაჟები, სახალისო დიალოგები, მოულოდნელი დასასრული – წინ დიდი თავგადასავალი გელით.

როგორ შეიძლება საერთო ენა გამონახონ წიგნის პერსონაჟებმა – საბავშვო მწერალმა, ეულელია ც.-მ, მარტოხელა ქალმა და 11 წლის ელიკემ?

მათემატიკოსი ჭინკა – მოგზაურობა რიცხვების სამყაროში

„მათემატიკოსი ჭინკა – მოგზაურობა რიცხვების სამყაროში” – ჰანს მაგნუს ენცენსბერგერი

„მათემატიკოსი ჭინკა – მოგზაურობა რიცხვების სამყაროში” – ჰანს მაგნუს ენცენსბერგერი

ამ წიგნმა გამახსენა, თუ როგორ მიყვარდა მათემატიკა მერვე კლასამდე. მერე რაღაც ვერ გავიგე და საკუთარი თავი დავარწმუნე, რომ მათემატიკა არ მესმოდა. მათემატიკოსმა ჭინკამ კი დამაჯერა, რომ „უსასრულო და სასწაულებრივია რიცხვთა სამყარო”. ავტორი მარტივად, ბავშვისთვის გასაგები ენით წიგნის მთავარ პერსონაჟთან ერთად მათემატიკურ კანონზომიერებებს უხსნის ყველა იმ ბავშვს, რომლებმაც ჩემსავით დააჯერეს თავი, რომ რიცხვების სამყარო მათთვის ზედმეტად რთულია. წიგნს თანდართული აქვს სქემები, ამოცანები და ნახაზები, რაც მათემატიკოსი ჭინკას საუბარს კიდევ უფრო ნათელს ხდის.

ზაფხული, რომელმაც ყველაფერი დაიტია – იბენ აკერლი

„ზაფხული, რომელმაც ყველაფერი დაიტია” – იბენ აკერლი

„ზაფხული, რომელმაც ყველაფერი დაიტია” – იბენ აკერლი

სათაური ანდამატივით მიზიდავდა დიდხანს. სულაკაურის გამომცემლობის მიერ დაწყებითი მასწავლებელებისთვის ორგანიზებულ შეხვედრაზე დასმული შეკითხვა გამოვიცანი და ჯილდოდ ორი წიგნის არჩევის უფლება მოვიპოვე. „ზაფხული, რომელმაც ყველაფერი დაიტია” – დავინახე თუ არა, შინ წამოვიღე. ერთ დილას, სანამ ჩემი შვილები გაიღვიძებდნენ, კითხვა დავიწყე და დავასრულე კიდეც. ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი წიგნების ნუსხაში შეიყვანთ, ვისაც წიგნის წაკითხვის ბედნიერება წინ გელით.

მარტოსულობა, თითქმის უცნობ ბებიასთან დასასვენებლად გამგზავრება, კონფილქტი დედასთან, ბრაზი, სიამაყე და სირცხვილი, ამ ყოველივეს პარალელურად კი თავგადასავლებითა და მოულოდნელობებით სავსე დღეებით ტკბობა – წიგნის მთავარი პერსონაჟის, ნორას, დაუვიწყარი ზაფხულია.

იბენ აკერლი წიგნში ეხება რასიზმს და ავღანეთის ომს, რაც ბავშვების ცნობიერებას აამაღლებს.

წიგნები VII-VIII კლასების მოსწავლეებისთვის

წიგნები VII-VIII კლასების მოსწავლეებისთვის

ნიჟარების ბილიკი – ალბერტო პელაი, ბარბარა ტამბორინი

„ნიჟარების ბილიკი” – ალბერტო პელაი, ბარბარა ტამბორინი

„ნიჟარების ბილიკი” – ალბერტო პელაი, ბარბარა ტამბორინი

წიგნი მკითხველთა კლუბის 12-15 წლის მოსწავლეებთან ერთად წავიკითხე და რამდენიმე მათგანმა წაკითხულ წიგნებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო წიგნად მიიჩნია.

ანდრეა, კომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებული მოზარდი, ინტერნეტ-მაღაზიის რეკლამისთვის ბებიის პენსიიდან 500 ევროს დაუკითხავად აიღებს. ამ ამბის გაგების შემდეგ ანდრეას მშობლები დასჯიან, მობილურ ტელეფონს ჩამოართმევენ და მამის მეგობარს, სტეფანოს, იაკობის გზის გასავლელად გააყოლებენ.

ვირტუალურ სამყაროს მოწყვეტილი ანდრეა ცხოვრების შუაგულში აღმოჩნდება – გაიცნობს სხვადასხვა ასაკისა და ეროვნების ადამიანებს, მოისმენს მათ ისტორიებს და იწყებს შთაბეჭდილებების წერას.

მკითხველს გიჩნდება განცდა, რომ ანდრეასთან და სტეფანოსთან ერთად შენც გაიარე იაკობის გზა და შინ პერსონაჟების მსგავსად კათარზისგამოვლილი დაბრუნდი.

ჩვენი ცხოვრების ფილმი – მაიტე კარანსა

„ჩვენი ცხოვრების ფილმი” – მაიტე კარანსა

„ჩვენი ცხოვრების ფილმი” – მაიტე კარანსა

რამდენიმე მთხრობელი ერთსა და იმავე ამბავს საკუთარი პერსპექტივით ჰყვება, რის გამოც მთავარი პერსონაჟის განცდებს მკითხველი მძაფრად აღიქვამს. 12 წლის ოლივია მარტო უმკლავდება სიღარიბეს, დედის დეპრესიას, ახალ გარემოში თავის დამკვიდრების სირთულეებს.

თანამედროვე ესპანელი მწერალი ყურადღებას ამახვილებს ისეთ სოციალურ პრობლემებზე, როგორიცაა ბანკის მიერ ოჯახის გამოსახლება, სიღარიბე, უმუშევრობა, სახელმწიფოს მკაცრ კანონებთან მარტოდ დარჩენილი დედის მენტალური განადგურება. ამ ყოველივეს ფონზე წარმოჩენილია ბავშვების ცხოვრება. „ჩვენი ცხოვრების ფილმი” გვახსენებს ჩვენს ქვეყანაში არსებულ პრობლემებს და გვიბიძგებს, რომ ჩვენც ვიყოთ დედაფატოუ – ოლივიას და ტიმის მეზობელი ქალი, რომელმაც უპატრონოდ დარჩენილ ბავშვებს დედობა გაუწია ან ლამინი, დედაფატოუს 12 წლის ბიჭი, ოლივიას სასტიკ გარემოში მფარველ ძმად რომ მოევლინება.

წერილი ოქროსფერი მარკით – ონჯალი რაუფი

„წერილი ოქროსფერი მარკით” – ონჯალი რაუფი

„წერილი ოქროსფერი მარკით” – ონჯალი რაუფი

ჩემი დაკვირვებით, თანამედროვე საბავშვო მწერლები მწვავე პრობლემებს გვერდს არ უვლიან და საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად, ემპათიის გასაღვივებლად მთავარ თემებად ირჩევენ სიღარიბეს, მარტოხელა მშობლობას ან რომელიმე მათგანის ავადობას. წიგნის მთავარი პერსონაჟები სწორედ ამ მწვავე ატმოსფეროში აღმოჩენილი ბავშვები არიან.

„წერილი ოქროსფერი მარკით” ინგლისის ერთი ღარიბი ოჯახის ისტორიას გვაცნობს. 10 წლის ოდრის ტყუპი და-ძმა ჰყავს და ავადმყოფ დედას უვლის. დამოუკიდებლად გადაწყვეტს, რომ მოძებნოს მამა და დახმარება სთხოვოს.

ფოსტალიონი მო წითელი საფოსტო ჩანთით ჩემი საყვარელი პერსონაჟია. მოს ყოველდღე მიაქვს ოდროს ოჯახში წერილები და რუტინული სამუშაოს მიღმა კარგად ხვდება ოჯახში არსებულ ვითარებას. მოს გულისხმიერება ოდრის გადაარჩენს. ვფიქრობ, ყველა ბავშვს უნდა ჰყავდეს მოს მსგავსი უფროსი მეგობარი.

ალასკა – ანა ვოლცი

„ალასკა” – ანა ვოლცი

„ალასკა” – ანა ვოლცი

სვენი და პარკერი კლასელები არიან. სვენს ეპილეფსიური შეტევები ემართება, რის გამოც ოჯახი თეთრბეწვიან რეტრივერს, ალასკას, შეუძენს. ალასკას ძველი პატრონი პარკერია, 13 წლის გოგო, რომელსაც სვენი დასცინის. შუღლით დაწყებული ურთიერთობის, ოჯახური პრობლემებისა და ავადობის შესახებ ორივე პერსონაჟი მონაცვლეობით გვიამბობს.

ამაღელვებელია იმაზე დაკვირვება, თუ როგორ ენატრება პარკერს ალასკა. ბავშვები წიგნის წაკითხვის შემდეგ გააცნობიერებენ, რამდენად რთული ცხოვრება შეიძლება ჰქონდეს კლასელს.

წიგნები IX-X კლასების მოსწავლეებისთვის

წიგნები IX-X კლასების მოსწავლეებისთვის

იშმაელი არ დამიძახოთ – მაიკლ ჯერარდ ბაუერი

„იშმაელი არ დამიძახოთ” – მაიკლ ჯერარდ ბაუერი

„იშმაელი არ დამიძახოთ” – მაიკლ ჯერარდ ბაუერი

ავსტრალიელი მწერლის საყმაწვილო რომანის მთავარი თემა ჩაგვრაა, თუმცა, სხვა მსგავსი შინაარსის მქონე წიგნისგან განხვავდება საინტერესო ლიტერატურული ალუზიებითა და სტრუქტურით.

წიგნში აღწერილია სასკოლო დებატები, პერსონაჟების დაბალი თვითშეფასება, მჩაგვრელის მიმართ მოზარდი ბიჭის მიერ გაწეული წინააღმდეგობა, პირველი სიყვარული, საყვარელი გოგოსთვის წაკითხული წიგნი, სკოლის გუნდისთვის დაწერილი ჰიმნი და ვეცნობით სქოუბს, ბიჭს სუსტი აღნაგობითა და გასაკვირი ინტელექტით, რომელიც იშმაელს, მთავარი პერსონაჟს, საკუთარი თავის რწმენას გაუღვივებს.

ენი გრინგეიბლიდან – ლ.მ. მონტგომერი

„ენი გრინგეიბლიდან” – ლ.მ. მონტგომერი

„ენი გრინგეიბლიდან” – ლ.მ. მონტგომერი

ენი ის პერსონაჟია, რომელსაც ყველა უნდა იცნობდეს. მას აქვს უნარი მკითხველს სამყაროს მშვენიერება შეახსენოს, წიგნის ფურცლებიდან ალუბლის ხეები, ამწვანებული მდელოები, ნაკადულები შეაყვაროს. ობოლ ენის და-ძმა მარილა და მეთიუ იშვილებენ და ენიც თანდათან სიცოცხლით ავსებს მათ სახლს.

მთელი გულით მსურს, ჩემმა 16 წლის გოგომ და მისმა თანატოლებმა წაიკითხონ „ენი გრიგეიბლიდან”, რადგან თანამედროვე ცხოვრებას ჰაერივით სჭირდება ენის მსგავსი აზროვნების მქონე ადამიანები.

ქარიყლაპიას ზაფხული – იუტა რიხტერი

„ქარიყლაპიას ზაფხული” – იუტა რიხტერი

„ქარიყლაპიას ზაფხული” – იუტა რიხტერი

ზაფხული ახალი დასრულებული იყო „სულაკაურის გამომცემლობის” მაღაზიაში შესულმა „ქარიყლაპიას ზაფხულის” ყდას და სათაურს რომ მოვკარი თვალი და მაშინვე შევიძინე. წიგნის სათაურივით მშვენიერი და შთამბეჭდავი აღმოჩნდა.

ამ წიგნზე ფიქრისას სევდიანი კლასიკური მუსიკალური კომპოზიცია მახსენდება და კიდევ ერთი ეპიზოდი, სადაც მთავარი პერსონაჟი, ანა, დედასთან, დედის მეგობარ გიზელასთან და მის ორ ბიჭთან ერთად ველოსიპედებით მიქრიან, დედები ხმამაღლა მღერიან. შემდეგ გიზელა ავად ხდება და ორი ოჯახის ცხოვრება რადიკალურად იცვლება.

ნუ მოკლავ ჯაფარას – ჰარპერ ლი

„ნუ მოკლავ ჯაფარას” – ჰარპერ ლი

„ნუ მოკლავ ჯაფარას” – ჰარპერ ლი

რა ბედნიერებაა, მკითხველად ჩამოყალიბების ადრეულ პროცესში რომ გირჩევენ წიგნის „ნუ მოკლავ ჯაფარას” წაკითხვას.

წიგნი რასობრივ უთანასწორობას, სამართლიანობის მხარეს დგომას, სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებისთვის არასასურველი იარლიყების მიწებებას, არასწორ საგანმანათლებო სისტემას ეხება და თითქოს ამ ყოველივეს მარტივად გაუმკლავდები, თუკი არსებობს ატიკუს ფინჩი, მთავარი პერსონაჟის მამა.

ერთი ეპიზოდი მინდა, შეგახსენოთ. ატიკუსი ჭყიტასთან ემოციური საუბრის შემდეგ ოთახს ტოვებს და კარს ხურავს, ამ მცირე მონაკვეთში მობრუნებას ასწრებს და კარის ხელს შეაშველებს, ხმაურიანად რომ არ მოიხუროს. მრავალი წლის წინ დავხატე ეს ეპიზოდი ჩემი მოსწავლეებისთვის ლიტერატურულ კაფეში წარსადგენად. ბრაზის მართვას სწავლა უნდა და ნეტავ, ამ ურთულეს გზაზე ატიკუს ფინჩი ხშირად გაგვახსენდეს.

წიგნები XI-XII კლასების მოსწავლეებისთვის

წიგნები XI-XII კლასების მოსწავლეებისთვის

ტალღა – ტოდ შტრასერი

„ტალღა” – ტოდ შტრასერი

„ტალღა” – ტოდ შტრასერი

ამ წიგნმა მე და ჩემ მოსწავლეებს ტალღასავით გადაგვიარა და ყველას გული მყისვე მოინადირა. წიგნი რეალურ ისტორიას ეფუძნება. ისტორიის მასწავლებელი გადაწყვეტს, მოსწავლეებს ნაცისტური გერმანიის მიერ ებრაელებისადმი გამოვლენილი სისასტიკე გააცნოს და კლასს როლურ თამაშს შესთავაზებს. მასწავლებლის ჩანაფიქრი მალე უმართავ პროცესად იქცევა.

„ტალღა” მკითხველს არწმუნებს, როგორი საშიშია რადიკალიზმი. მასწავლებლის ჩანაფიქრში მხოლოდ ერთი მოსწავლე, ლორი, შეიტანს ეჭვს და ყველას წინააღმდეგობას გაუწევს. ლორის პიროვნული სიძლიერე და ინდივიდუალიზმი გადამდებია.

სოლო – გრონია ო'ბრაიენი

„სოლო” – გრონია ო’ბრაიენი

„სოლო” – გრონია ო’ბრაიენი

დეიზი სკოლის დამამთავრებელ კლასშია. ბავშვობის მეგობარი გოგო ჭორებს უვცრელებს, შეყვარებული მიატოვებს, მამას ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე აღმოაჩნდება… დეიზი პირველ პირში მოგვითხრობს საკუთარი განცდების, მარტოობის, ტკივილის შესახებ. თხრობა კი მუსიკალურ ნაწარმოებს ჰგავს – თავების სათაურებად დეიზის ემოციებს მიმსგავსებული სახელწოდებები აქვს, მაგალითად: Amarevole, Cupo, Intro…

დეიზის იმ ასაკშია, როცა თანატოლების აზრი უფრო აინტერესებს ადამიანს და მიკუთვნებულობის მოთხოვნილება არასწორ ნაბიჯებს ადგმევინებს. უახლოესი მეგობრის ძიებისას კი ოჯახი და საყვარელი საქმე, ბლოკფლეიტაზე დაკვრა, უკანა პლანზე იწევს. დეიზის საბოლოო არჩევანს კი წიგნში გაეცნობით.

ყვავილები ელჯერნონისთვის – დანიელ კიზი

„ყვავილები ელჯერნონისთვის” – დანიელ კიზი

„ყვავილები ელჯერნონისთვის” – დანიელ კიზი

ჩარლი გორდონი, წიგნის მთავარი პერსონაჟი, მე და ჩემმა რაჭველმა მოსწავლეებმა წიგნის გამოცემისთანავე გავიცანით და მთელი გულით შევიყვარეთ. წიგნის პირველად წაკითხვის შემდეგ 10 წელზე მეტი გავიდა. ამასობაში პირველკლასელებს წერა-კითხვა ვასწავლე და წიგნის მეორედ წაკითხვის სურვილი აღმიძრა მართამ, პირველ კლასში ლექსებს რომ წერდა ქარსა და ყვავილებზე. წიგნის ფესტივალზე ლიტერატურული კლუბის წევრებთან ერთად დენიელ კიზის „ყვავილები ელჯერნონი” ისე საინტერესოდ წარადგინა, სიამაყით ავივსე.

ჩარლი გორდონი შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ადამიანია და ძალიან უნდა, სხვების მგსავსად, წერა-კითხვა იცოდეს და ჭკვიანი იყოს. მას ექსპერიმენტში ჩართავენ და ოპერაციის შედეგად მისი ინტელექტი გაუმჯობესდება.

ჩარლი გორდონი უშიშარი, გულწრფელი და კეთილი კაცია, მაღალი ინტელექტის მქონე პროფესორისთვის კი ადამიანი და თაგვი მხოლოდ ექსპერიმენტის „მასალად” ქცეულა. „ყვავილები ელჯერნონისთვის” ამ ორი პერსონაჟის ქცევის ფონზე გვახსენებს, თუ როგორი მნიშვნელოვანია თავად ადამიანი მისი უნარების, ცოდნის, შესაძლებლობების მიუხედავად.

ცხოველების ფერმა – ჯორჯ ორუელი

„ცხოველების ფერმა” – ჯორჯ ორუელი

„ცხოველების ფერმა” – ჯორჯ ორუელი

ბოლოს კი მოვიტოვე წიგნი, რომელიც ჯერ არ წამიკითხავს. თქვენც გქონიათ გაუცხოება ძალიან ცნობილ წიგნთან? 2013 წელს ერთმა ბუკინისტმა 2 ლარად მომყიდა წვრილშრიფტიანი, თხელყდიანი „ცხოველების ფერმა”. რამდენჯერმე ვცადე კითხვის დაწყება, მაგრამ ბოლომდე ვერ დავასრულე.

ამ ზაფხულის პირველ საკითხავ წიგნად შევარჩიე „სულაკაურის გამომცემლობის” სქელყდიანი, კრის მოულდის შავ-თეთრი ილუსტრაციებით გაფორმებული „ცხოველების ფერმა”, რომელიც ნიკა სამუშიამ თარგმნა, წიგნში ჩართული ლექსები კი – ციცო ხოცუაშვილმა.