აღმოაჩინე და შეიყვარე „საოცარი მუმინების ხეობა“
ბავშვებს ყოველთვის სჭირდებათ ადგილი, სადაც თავს დაცულად და მშვიდად იგრძნობენ, მათზე იზრუნებენ და ანუგეშებენ. ათწლეულებია, სწორედ ასეთი ადგილია მკითხველებისთვის მუმინების ხეობა – ხეობა, სადაც ერთმანეთს უფრთხილდებიან და მხარს უჭერენ.
წელს საბავშვო ლიტერატურის მოყვარულები მუმინების 80 წლის იუბილეს ვზეიმობთ. მუმინების საოცარი სამყარო ფინელმა მწერალმა და ილუსტრატორმა, ტუვე იანსონმა 1945 წელს შექმნა. რა უნდა ყოფილიყო მშვიდი, ტოლერანტული და კეთილი სამყაროს შექმნაზე მნიშვნელოვანი
საბავშვო მწერლისთვის მაშინ, როცა მეორე მსოფლიო ომი მთელ დედამიწას შიშის ზარს სცემდა?!
ტუვე იანსონი ხელოვანთა ოჯახში გაიზარდა. სწორედ ბავშვობის გარემომ განსაზღვრა მისი შემოქმედებითი მომავალი. დედა – ილუსტრატორი იყო, მამა – მოქანდაკე. ტუვე ბავშვობაში ხშირად ხატავდა უცნაურ, გრძელცხვირიან არსებას, რომელსაც მუმინტროლი შეარქვა. ეს უცნაური, თეთრი ფერის ჰიპოპოტამისმაგვარი ტროლები იქცნენ შემდეგ მისი წიგნების მთავარ გმირებად და მთელი მსოფლიოს მკითხველისთვის საყვარელ არსებებად.
ტუვე იანსონი ხელოვანთა ოჯახში გაიზარდა. სწორედ ბავშვობის გარემომ განსაზღვრა მისი შემოქმედებითი მომავალი. დედა – ილუსტრატორი იყო, მამა – მოქანდაკე. ტუვე ბავშვობაში ხშირად
ხატავდა უცნაურ, გრძელცხვირიან არსებას, რომელსაც მუმინტროლი შეარქვა. ეს უცნაური, თეთრი ფერის ჰიპოპოტამისმაგვარი ტროლები იქცნენ შემდეგ მისი წიგნების მთავარ გმირებად და მთელი მსოფლიოს მკითხველისთვის საყვარელ არსებებად.
ასე შეიქმნა მუმინების ხეობა – საოცარი, ხიფათიანი, მეგობრული და სახალისო ადგილი, რომელიც მკითხველს იმედით, სიყვარულით და სიმშვიდით ავსებს. გასაოცარ თავგადასავლებთან ერთად, მუმინების სამყაროდან მწერალმა მთელ მსოფლიოს მთავარი გზავნილი მიაწოდა – ბავშვებს ბედნიერებისთვის მოსიყვარულე ოჯახი, კეთილი მეგობრები და მშვიდი სამყარო სჭირდებათ. რვა ათწლეულის განმავლობაში ტუვე იანსონის წიგნებმა უამრავი ბავშვი და ზრდასრული დაარწმუნა იმაში, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მეგობრობა, პატიება, მიმღებლობა, ზრუნვა, ერთმანეთის მხარდაჭერა და სიყვარული, მაშინაც კი, თუ სამყარო, არც ისე კეთილია მათ მიმართ.

ქართველი მკითხველი მუმინებს კარგად იცნობს. რვავე წიგნი ნათარგმნი და გამოცემულია: „კომეტა მუმინების ხეობაში“, „ჯადოქრის ქუდი“, „მამა მუმინის მემუარები“, „უჩინარი ბავშვი“ და ა.შ. თითოეული წიგნი ძვირფასი საჩუქარია დიდი თუ პატარა მკითხველებისთვის.
ახლახან სულაკაურის გამომცემლობამ მუმინების 80 წლის იუბილის აღსანიშნავად ადაპტირებული, ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული წიგნი გამოსცა, რომელიც 5+ წლის ასაკის მკითხველებისთვის არის განკუთვნილი.
„საოცარი მუმინების ხეობა“ პატარებს მუმინების ხეობაში ამოგზაურებს, სადაც ჯადოსნურ პერსონაჟებს გაიცნობენ. ის ბავშვებისთვის გასაგებად მოთხრობილ ხუთ ამბავს აერთიანებს. ადაპტირებულია ილუსტრაციებიც, რომლებიც შვედმა მხატვარმა სესილია ჰეიკილემ ტუვე იანსონის ნახატების მიხედვით შექმნა.
ახალ, ადაპტირებულ გამოცემაში პატარა მკითხველი შეიტყობს, როგორ აღმოაჩინეს მუმინებმა პატარა, ულამაზესი ხეობა, რომელსაც შემდეგ მუმინების ხეობა უწოდეს და დასახლდნენ მშვენიერ ცისფერ სახლში.
მაშ, ასე, გაიცანით: ბუნების, თავგადასავლების და სიახლეების მოყვარული – მუმინტროლი; მზრუნველი, ალერსიანი და გულითადი მასპინძელი – დედა მუმინი; ბევრის მნახველი მოგზაური, მემუარების ავტორი და სახიფათო თავგადსავლების ჟინით შეპყრობილი – მამა მუმინი; თავისუფლების მოყვარული მოგზაური, რომანტიკული – სნუსმუმრიკი; ძალიან პატარა, ძალიან ცელქი და საშიში – პატარა მი; მშიშარა, ცოტათი ყოყლოჩინა, მაგრამ კეთილი – სნიფი; საზრიანი, მოხერხებული და ყოველივე მშვენიერის მოტრფიალე – ფრეკენ სნორკი. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მუმინების ჯადოსნურ სამყაროში!
რატომ იქცა მუმინების ხეობა საყვარელ და დაუვიწყარ თავშესაფრად როგორც არაერთი პერსონაჟისთვის, ისე მკითხველებისთვის?
ტუვე იანსონმა შექმნა სამყარო, რომელშიც სრულიად განსხვავებული არსებები თავს უსაფრთხოდ გრძნობენ. ეს კი ბავშვებს აქეზებს, თავადაც გახდნენ ისეთი კეთილშობილები, მეგობრულები და მამაცები, როგორებიც მუმინების ხეობის პერსონაჟები არიან. მწერალი მარტივად გვაცნობს უნივერსალურ ღირებულებებს – რატომ უნდა შევიფაროთ უსახლკაროდ დარჩენილი არსება, როგორ გავუფრთხილდეთ საყვარელ ადამიანებს და დავუჭიროთ მხარი ერთმანეთის იდეებს, თუნდაც გვაფრთხობდნენ ისინი.
მართალია, მუმინებს სიცივე არ უყვართ და შემოდგომაზე, საბანში ჩაფუთნილები, გაზაფხულამდე იძინებენ, მათი შესახებ ამბები ყოველ დროს შეგვიძლია ვიკითხოთ ჩვენს პატარებთან ერთად.