მადლობა მასწავლებელო!
ხანდახან მგონია, რომ მასწავლებლები იმ ჯადოსნურ არსებებს ვგავართ, რომლებიც საჭირო დროს საჭირო ადგილას საჭირო ქმედებებს ახორციელებენ, კეთილ მარცვლებს უხილავად თესავენ და პატარა ადამიანების ცხოვრებაში გარდამტეხ როლს ასრულებენ…
თითქოს ჩვენი არსებობის შესახებ ყველამ იცის, ყველა ხედავს, ყველა საუბრობს, მაგრამ როდი აფასებენ სათანადოდ… ჩვენ კი ამაზეც ჩვეული ფარული სევდა გვაქვს, დავატარებთ და არ ვაჩენთ…
საკმარისია, ჩვენი მოღვაწეობის პერიოდში გადავაწყდეთ სამადლობელს, წახალისებას, იმწამსვე ავგიზგიზდებით, ერთიანად გავიშლებით მხრებში, გავიფურჩქნებით და ახალი ენერგიით ვაგრძელებთ ჯადოსნურ ამბებს, რომლებსაც მასწავლებლობა ჰქვია…
ოთხი წლის წინ მეც თავს გადამხდა ამბავი, რომელმაც ჩემს პროფესიულ ცხოვრებაში ძალიან დიდი, პოზიტიური გავლენა იქონია… აღმოჩნდა, რომ ჩემი შრომა, საქმიანობა, ფუსფუსი შეამჩნიეს. მხოლოდ კი არ შეამჩნიეს, ამაზე საჯაროდ ისაუბრეს, მადლობა გადამიხადეს, ყველას გააცნეს ჩემი თავი… ეს იყო ძალიან ამაღელვებელი, გასაოცარი გრძნობა…
სიტყვები, რომლებიც დაჯილდოების დღეს წინ უძღოდა ჩემი სახელისა და გვარის გამოცხადებას, ძალიან ემოციური იყო. ვიგრძენი, რომ თურმე ერთ დღესაც მოვლენ შენთან და გეტყვიან: „მადლობა, მასწავლებელო!“
„მადლობა მასწავლებელო“ არაა მხოლოდ კონკურსი. ესაა დაფასების, აღიარების, წახალისების, მოტივაციის მიმცემი მასწავლებლებისთვის. ესაა ძალა! ძალა, რომ მხრებში გავიშალოთ, ახალი ძალებით გავაგრძელოთ სვლა, სხვებს ჩვენი წახალისებით მაგალითი მივცეთ…
მგონია, რომ „მადლობა მასწავლებელო“ ჩემი პროფესიული მწვერვალებისკენ მიმავალ გზაზე ერთ-ერთ მთავარი, მნიშვნელოვანი მოვლენა იყო და არის… მან ხომ მე პირველად დამიძახა და მითხრა: „მე შენ გხედავ!“
ვუსურვებ კონკურსს, აღმოეჩინოს და ყველასთვის გაეცნოს ძალიან ბევრი საინტერესო, ჯადოსნური მასწავლებელი, რომლებიც ჩუმად, უხილავად ფუსფუსებენ და ელიან, რომ ერთ დღეს მათ სახელსა და გვარს მთელი საქართველო გაიგებს.
მადლობა, მასწავლებელო, უხილავი, ჯადოსნური შრომისთვის!
მადლობა „მადლობა მასწავლებელოს“ ჩვენს ცხოვრებაში არსებობისთვის.
ჩვენ თქვენ ძალიან გვჭირდებით!
ნათია უჩავა