ადაპტირებული კლასიკა ინგლისურად: როგორ ვაქციოთ ინგლისური ენის შესწავლა თავგადასავლად

20 ნოემბერი, 2025

ბავშვს რომ კითხვა შევაყვაროთ, წიგნები უნდა იყოს მარტივი, საინტერესო და მისთვის გასაგები ენით დაწერილი. როცა ტექსტი უცხო სიტყვებით არაა სავსე და სურათებითაა გაფორმებული, ბავშვი აღარ უფრთხის ინგლისურენოვან წიგნსაც კი – პირიქით, სიამოვნებით კითხულობს და ამაყობს, რომ თვითონ ახერხებს ტექსტის გაგებას. სწორედ ამიტომ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობ „სულაკაურის გამომცემლობის“ ადაპტირებული კლასიკის ინგლისურენოვან წიგნებს, რომლებიც ასაკის შესაბამისი ლექსიკითა და მარტივი სტრუქტურით გამოირჩევა. მათ ვიყენებ როგორც შვილებთან, ასევე მოსწავლეებთან.

განეწყო გაკვეთილისთვის, ვთხოვე, დაეხუჭათ თვალები და იმ მუსიკის ფონზე, რასაც ჩავურთავდი, წარმოედგინათ, როგორ სამყაროში მოგზაურობდნენ. დავინახე, რომ მათში ინტერესი აღიძრა და მუსიკაც ჩავრთე. ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო მათზე დაკვირვება. შემდეგ დაფაზე დავწერე სიტყვა Wonderland და ვკითხე, რა ასოციაციებს იწვევდა მათში ეს სიტყვა. პასუხები მრავალფეროვანი იყო – „ჰელოუინი“, „მეკობრეები“, „ჯადოსნური სამყარო“… ამ სიტყვებით ერთად შევადგინეთ გონებრივი რუკა (mind map), რაც დაეხმარა ბავშვებს თემის ვიზუალურად აღქმაში და ლექსიკური მარაგის გააქტიურებაში.

ამ ნაწილის მიზანიც ეს გახლდათ – წარმოსახვის უნარის გააქტიურება და შინაარსის გაგების საწყის ეტაპზე ბავშვების მომზადება.

ამის შემდეგ გავიხსენეთ, რომ სასკოლო სახელმძღვანელოში ჩვენი გაკვეთილის თემა იყო Magicland. სწორედ ამიტომ „Alice in Wonderland“-ის გამოყენება იყო წინა გაკვეთილების ბუნებრივი გაგრძელება, თუმცა წიგნის სათაური სპეციალურად არ ვუთხარი.

კითხვის დაწყებამდე ვაჩვენე წიგნის ყდა – ბავშვებმა აღწერეს, რას ხედავდნენ; ივარაუდეს, რას ეხებოდა ამბავი. ეს ვიზუალური მედიაწიგნიერების გააქტიურების ერთ-ერთი ხერხია, როდესაც ნახატებით/სურათებით ამბავს აღწერენ. რამდენიმემ გამოიცნო და თქვა, რომ ფილმი ჰქონდა ნანახი ამ გოგონაზე, ზოგმა თქვა, რომ ქართულის გაკვეთილზე უკვე წაიკითხეს ეს ამბავი, რამაც ძალიან გამახარა.

შემდეგ ერთად წავიკითხეთ სათაური და ავტორის სახელიც.

გადავედით წიგნის კითხვაზე – კითხვა მე დავიწყე, თან მარტივ შეკითხვებს ვიყენებდი შინაარსის გასააზრებლად:

● რატომ გაუკვირდა ელისს?

● როგორ მოიქცეოდი შენ მის ადგილას?

გასათვალისწინებელია ისიც, რომ კითხვა იყო ინტერაქტიული და ჩემს შემდეგ ბავშვებს გადავეცი ასპარეზი. ისინიც მორიგეობით კითხულობდნენ მცირე აბზაცებს, წარმოიდგენდნენ მოვლენებს და აკვირდებოდნენ პერსონაჟების ქცევებს.

გაკვეთილი მუსიკით დავასრულეთ: ბავშვებს ვთხოვე, დაეხატათ თავიანთი საოცრებათა ქვეყნის კარიბჭე. მათ სრული თავისუფლება ჰქონდათ, სურათი თავად წარმოედგინათ. აქტივობის მიზანი იყო ფანტაზიის უნარის განვითარება, შემოქმედებითი აზროვნების გაღვივება და ტექსტის ვიზუალიზაცია.

მომდევნო გაკვეთილებზე წიგნის კითხვა ეტაპობრივად გაგრძელდება:

● მეორე ეტაპი: ახალი სიტყვების განმტკიცება (curious, dream, magic), რომლებსაც ბავშვები გამოიყენებენ თამაშში და მცირე როლურ დიალოგებში.

● მესამე ეტაპი: „My Wonderland Diary“ — ბავშვები დაწერენ საკუთარ დღიურს თავიანთ მოგზაურობაზე Wonderland-ში.

● საბოლოო ეტაპი: შემოქმედებითი პრეზენტაციები: ნახატების გამოფენა, პერსონაჟების მცირე სცენების დადგმა, ტექსტის შინაარსის ვიზუალური გააზრება

მსგავსი ადაპტირებული გამოცემა ნათელი მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება მარტივმა, ფერადმა და საინტერესო ტექსტმა ბავშვებში კითხვისადმი სიყვარული გააღვივოს.

„სულაკაურის გამომცემლობის“ ადაპტირებული წიგნები ბავშვებს აძლევს შესაძლებლობას, ისწავლონ, იოცნებონ და გაილამაზონ ბავშვობა სხვადასხვა ‘’სამყაროში მოგზაურობით.’’