აი, რა მოხდა „სულაკაურში“ 2025 წელს

25 დეკემბერი, 2025

ძვირფასო მკითხველო, აი, მიილია კიდევ ერთი კალენდარული წელიწადი შენთან ერთად. ბევრი რამ განვიცადეთ, ბევრი ვნახეთ, ბევრიც ვისურვეთ. არაერთი სიხარული გაგიზიარეთ და შენგანაც მხოლოდ სიყვარული და გვერდში დგომა ვიგრძენით.

2025-მა წელმა ბევრი ამბავი გვისახსოვრა, მრავალი წიგნი შეგვმატა, ახალ ავტორებთან დაგვამეგობრა, ახალი მკითხველები გაგვაცნო. თუმცა, ცხადია, მხოლოდ კარგი ამბები არ განგვიცდია. ვიგრძენით დანაკარგიც და მისგან გამოწვეული ძლიერი სევდაც.

გასულ წელს ჩვენი ჩანაფიქრიდან ბევრი შევასრულეთ, ზოგიერთი კვლავ სურვილთა სიაში დაგვრჩა და იმედია, მომავალ 2026 წელს შენთან ერთად შევასხამთ ფრთებს. მანამდე კი მოგიყვებით იმ ამბებს, რომლებიც გვეამაყება ერთად და ცალ-ცალკეც.

ქართველი ავტორების წარმატება

გამომცემლობისთვის იმაზე დიდი სიხარული არაფერია, როცა ახალ წიგნს გამოსცემ და შემდეგ ეს წიგნი მკითხველის სიყვარულს მოიპოვებს. ასევე არანაკლებ გვიხარია და გვეამაყება, როცა ავტორები ლიტერატურულ პრემიებს იმსახურებენ. წელს ირაკლი მეტრეველი წიგნით „ნებადართული ჯადოქრობა” „საბას” საუკეთესო რომანის ნომინაციის გამარჯვებული გახდა, ხოლო სოფიო შამანიდის წიგნმა „აუტანელი ქალები/აუტანელი კაცები”, ამავე პრემიის ჟიურის მოწონება დაიმსახურა, როგორც საუკეთესო ლიტერატურულმა კრიტიკამ. ჩვენმა ახალმა ავტორებმა „ლიტერას“ ჯილდოებიც ისახსოვრეს – თინათინ ნოღაიდელმა წიგნისთვის „ულვაშები“ და არმაზ ბეკარმა მოთხრობათა კრებულისთვის „მშვიდობით, სომერსეტ!“.

Გვეამაყება ისიც, რომ არაერთი ქართველი ავტორი გაიცნო სხვა ქვეყნის მკითხველმა საკუთარ ენაზე. ეს ამბავი შესაძლოა, სასწაულადაც მივიჩნიოთ მთარგმნელობით ფონდთან ავტორების ბოიკოტის ფონზე. თუმცა მაინც შევძელით, რომ რამდენიმე წიგნს საქართველოს საზღვარი გადაელახა.

2025 წელს გამოიცა:
ეკატერინე ტოგონიძის „ასინქრონი” უკრაინულად, „შინ-შენ” კი – გერმანულად;
თამთა მელაშვილის „შაშვი შაშვი მაყვალი” ხორვატიულად, ხოლო „გათვლა” – პოლონურად;
აკა მორჩილაძის “მოგზაურობა ყარაბაღში” ფრანგულად;
კატო ჯავახიშვილის „სიყვარულით, ელლი” უკრაინულად;
დავით მაჭავარიანის გრაფიკული რომანი “ვეფხისტყაოსანი” – პოლონურად.

ავტორები სხვადასხვა ქვეყნიდან

2025 წელს ლიტერატურულ რუკაზე რამდენიმე ახალი წერტილი დავსვით – არაერთი უცხოელი ავტორის წიგნი ვთარგმნეთ და ჩვენს მხატვრულ და არამხატვრულ ბიბლიოთეკას შევმატეთ. მათგან რამდენიმეს გამოვყოფთ.

წელს ქართულ ენაზე პირველად გამოიცა სამხრეთკორეელი ნობელიანტი ავტორის, ჰან კანგის ბესტსელერი წიგნი – „ვეგეტარიანელი“ და ხელახლა ითარგმნა და გამოიცა მაგიური რეალიზმის შედევრი – ხუან რულფოს „პედრო პარამო“.

Ვფიქრობთ, მნიშვნელოვანი ამბავია ჰემინგუეის ნაწარმოებების ლიცენზირებული გამოცემაც, რომელთა უფლებების მოპოვებასაც წლები დაუღალავად ვცდილობდით. როგორც ჩვენი გამომცემელი, ლუკა გრიგოლია წერდა, ჰემინგუეის საავტორო უფლებები გახდა მობი დიკი, რომელიც ავტორის მემკვიდრესთან ერთად დაუსრულებლად მოგზაურობდა. თუმცა საბოლოოდ მაინც შევძელით ოკეანეში გაჭრილი მოგზაურის მოხელთება და ჰემინგუეის წიგნები ქართველი მკითხველის თაროებზე დაბრუნდა.

დაბოლოს, იმ ამბითაც ძალიან ვამაყობთ, რომ წელს ნობელის პრემიის გამოცხადებამდე ზუსტად ორი დღით ადრე მოვაწერეთ ხელი „სატანტანგოს“ სალიცენზიო ხელშეკრულებას და მალე ჩვენს ავტორთა სიას ნობელიანტი უნგრელი მწერალი – ლასლო კრასნაჰორკაი შეემატება.

საბავშვო წიგნების სიყვარული

განა რა არის გამომცემლობა საბავშვო წიგნების გარეშე?! ჩვენი ერთ-ერთი საამაყო ამბავი სწორედ ამ წიგნების მრავალფეროვნებაა. გვიხარია, როცა ახალი თაობები ჩვენი გამოცემებით სწავლობენ და იყვარებენ კითხვას; უყვარდებათ მხიარული, სასაცილო, ჭკვიანი და სამაგალითო პერსონაჟები.

წელს ჩვენს მკითხველთან ერთად აღვნიშნეთ მუმინებისა და პეპის 80 წლის იუბილე. კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ტუვე იანსონისა და ასტრიდ ლინდგრენის კეთილი და მხიარული ამბები. პეპი გრძელწინდას წერილებიც მივწერეთ და მისგან პასუხებიც მივიღეთ. და ამ წიგნების ხელახლა წაკითხვის შემდეგ კვლავაც დავრწმუნდით, რომ საბავშვო წიგნები ყოველთვის ჩვენი საიმედო მეგობრები იქნებიან.

მადლობა, მასწავლებელო!

მასწავლებელთა დაინტერესება და მოტივაცია გამომცემლობისთვის პრიორიტეტულია. სწორედ ამიტომ 2025 წელს, მსგავსად წინა წლებისა, „მადლობა, მასწავლებელოს“ კამპანია ჩავატარეთ და წლის საუკეთესო მასწავლებელთა ათეული გამოვავლინეთ. Კიდევ ერთხელ სიამაყით წარგიდგენთ მათ:

ლელა კოტორაშვილი – ქართული ენისა და ლიტერატურა, თბილისის N59 საჯარო სკოლა
ნუგზარ სადიკოვი – სამოქალაქო განათლება, თბილისის N55 საჯარო სკოლა;
მიხეილ ლაბარტყავა – ქიმია, საერო გიმნაზია „შავნაბადა“;
ელისო აბრამიშვილი – ქიმია, საჩხერის ილია ჭავჭავაძის სახელობის N2 საჯარო სკოლა;
ნათია ნარსავიძე – ინგლისური ენა, დმანისის N3 საჯარო სკოლა;
დიმიტრი პოპოვი – კომპიუტერული ტექნოლოგიები, სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლა;
თამარ ცანავა – ინგლისური ენა, თბილისის N178 საჯარო სკოლა;
თინათინ გიორგაძე – ქართული ენა და ლიტერატურა, ქალაქ ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის სკოლა;
ნესტან კუბლაშვილი – ქართული ენა და ლიტერატურა, თბილისის N172 საჯარო სკოლა;
რუსუდან ლომთაძე – ინგლისური ენა, ქალაქ ქუთაისის აფხაზეთის N5 საჯარო სკოლა.

ჩვენი ორგანიზებით გაიმართა მასწავლებელთა კონფერენციაც, სადაც პედაგოგები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან გვესტუმრნენ. ვიმედოვნებთ, რომ კიდევ მრავალჯერ შევძლებთ მასპინძლობას და მათთან ერთად არაერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადავდგამთ განათლების სფეროს განვითარებისთვის.

გამომცემლობის მხარდაჭერა

„სულაკაურის გამომცემლობაში“ ვაცნობიერებთ, როგორი ძალა აქვს დამოუკიდებელ მედიებს ადამიანთა ცხოვრებაში, რომ ქვეყნის წინსვლა და განვითარება თავისუფალი სიტყვის გარეშე წარმოუდგენელია. სწორედ ამიტომ ჩავერთეთ მხარდასაჭერ კამპანიაში – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ და წიგნის ბაზრობიდან შემოსული თანხის ნაწილი მათ ფონდში გადავრიცხეთ.

Თუმცა, ჩვენი მხარდაჭერა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. ტრადიციულად, წლის განმავლობაში არაერთ პროექტს ვუჭერთ მხარს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, წიგნებზე ხელი მიუწვდებოდეთ მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ. შესაბამისად, საჩუქრად მრავალი წიგნი გავეცით – ხუთასამდე ბავშვი გავახარეთ, ასამდე ორგანიზაციას დავეხმარეთ და ათამდე სოციალური კამპანია ვაწარმოვეთ.

აი, რა მოხდა…

ძვირფასო მკითხველო, აი, ეს მოხდა 2025 წელს „სულაკაურში“. ბევრი რამ, რაც არ ვთქვით, ვიგულისხმეთ. ბევრი რამ, რაც არ დავაანონსეთ, სიურპრიზად შემოგინახეთ. თუმცა, ასეთი იყო ჩვენი მოკლე შეჯამება. იმედია, შენც ჩაერთე ჩვენს კამპანიაში და შენი პატარა ისტორია ჩვენს ბუკლეტზე უკვე დაწერე.

თუ ამის შესახებ ჯერ არაფერი გსმენია, მოკლედ აგიხსნით: კამპანიის მიზანია, ისტორიას საქართველოს რიგითი ადამიანები მოჰყვნენ, მაგალითად, შენ, ძვირფასო მკითხველო! ჩვენთვის შენ ისტორიის პირველწყარო ხარ, იმ ისტორიისა, რომელიც ჩვენს ქვეყანასთან ერთად გადაგხდა. ამიტომ შენზე უკეთ ვერავინ გვიამბობს. დაფიქრდი, რა დაინახე, რა განიცადე, რა გეწყინა ან გაგიხარდა 2025 წელს. ისტორია, შენი თვალით დანახული, გულწრფელი და ჭეშმარიტი, ბუკლეტზე დაწერე და წიგნში შეინახე, რათა წლების შემდეგ მან წაიკითხოს, ვისაც 2025 წელს არ უცხოვრია.

მადლობა მკითხველს!

ზოგჯერ განვლილი წლები ერთმანეთს ჰგავს, ზოგჯერ კი მკვეთრად განსხვავდება. მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ორგანიზაციას წარმოვადგენთ, რას ვქმნით, რას ვემსახურებით. მთავარია, თითოეული ვაცნობიერებდეთ ჩვენს პასუხისმგებლობას ხალხის წინაშე და არ ჩამოვრჩეთ ქვეყნის გულისცემას. და თუ ოდესმე პულსი აუჩქარდება, მაჯა გავუსინჯოთ, დავამშვიდოთ; თუ შენელდება, პირიქით, ბიძგი მივცეთ, რომ ძველებური ვნებით გააგრძელოს ყოფნა, ბრძოლა და სიცოცხლით ტკბობა…

ამბები დაუსრულებელია, როცა გამომცემლობა გქვია, როცა ისტორიებს აგროვებ, ბეჭდავ და ავრცელებ; და ღმერთმა არ ქნას, ოდესმე დასრულდეს! იმედი გვაქვს, კიდევ მრავალი წელი შენთან ერთად შევაჯამებთ განვლილს, დაველოდებით ახალს და ავივსებით საუკეთესოს მოლოდინით.

გილოცავ 2026 წელს, ერთგულო მკითხველო! დაე, ჩვენს პირად თუ საზოგადო სურვილებს საშობაო ვარსკვლავივით გაებრწყინოს!