„ვეგეტარიანელი“ – კორეულ ლიტერატურაში შეღებული კარი
როგორ დაიწყო ყველაფერი
წლების წინ, როცა კორეული ენის სწავლა დავიწყე, მახსოვს, ერთ-ერთ გაკვეთილზე მასწავლებელმა კითხვა დაგვისვა: რატომ გვინდოდა ამ ენის შესწავლა. როცა პასუხის რიგმა ჩემამდე მოაღწია, მარტო ორ სიტყვას მოვაბი თავი – 책 변역가 („წიგნის მთარგმნელი“). Არადა, ვრცლად მინდოდა მომეყოლა, რომ კორეული ლიტერატურა არც ერთ სხვა კულტურას არ ჰგავს და რომ მათში მოთხრობილი ამბები ყველა ჩვენთვის აქამდე ნაცნობი ისტორიებისგან განსხვავდება. მინდოდა მეთქვა, რომ კორეული წიგნები სულაც არაა ისეთივე გაპრიალებული სურათი, რომელსაც სერიალებიდან და მუსიკალური ინდუსტრიიდან ვიცნობთ, და რომ ქართველი მკითხველი უდავოდ იმსახურებდა შანსს, ამ არაჩვეულებრივ, ღრმა და სულისშემძვრელ სამყაროს გასცნობოდა. ამ ყველაფრის თქმა კი მინდოდა, მაგრამ ჩემი იმდროინდელი ლექსიკონი მხოლოდ იმ ორ სიტყვას ეყო.
გზანი უფლისანი არ ვიცი და გზანი ლიტერატურისანი მართლაც შეუცნობელია – სანამ მე ჩემთვის ვოცნებობდი, რომ ერთი ათი წლის მერე კორეული წიგნის თარგმნას შევძლებდი, ამასობაში ლუკა, ჩემი გენიალური გამომცემელი, წლები ეძებდა კორეული ენის მთარგმნელს. მაშინ ერთმანეთს არც კი ვიცნობდით და ჩვენი საქმიანი გადაკვეთაც სულ სხვა წიგნის გამო მოხდა. შორს რომ აღარ წავიდე, ერთის ოცნებამ და მეორის ჯიუტად ძიებამ საბოლოოდ „ვეგეტარიანელამდე“ მიგვიყვანა – კორეული ენიდან ნათარგმნ პირველ წიგნამდე.
„ვეგეტარიანელის“ უცნაური გზა აქ არ მთავრდება – როგორც კი წიგნის სათარგმნად მოვემზადე (უფრო სწორად კი, სანამ გულგახეთქილი შევყურებდი პირველ გვერდებს და ვცდილობდი, თავი ხელში ამეყვანა), ბუკერის პრემიის მფლობელი ჰან კანგი ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატიც გახდა! პირველი სამხრეთკორეელი ავტორი და პირველი აზიელი ქალი, რომელსაც ეს ჯილდო გადაეცა. „პირველი“ – ეს სიტყვა თითქოს მთელი იმ მოგზაურობის სინონიმი გახდა, რომელიც ამ წიგნის გამოცემას უკავშირდება.
„ჩემი ქალის ამბავიდან“ – „ვეგეტარიანელამდე“
ჰან კანგი სიჩუმის ხმაურიანი მწერალია. მისი პერსონაჟები იშვიათად ყვირიან, ხშირად სათქმელს ჩურჩულით ამბობენ, ან სულაც ხმას არ იღებენ. მათ ნაცვლად კი ავტორი ამბობს იმას, რისი მოსმენაც ხშირ შემთხვევაში არავის სურს. სხვა პოპულარული კორეელი მწერლებისგან განსხვავებით, რომლებიც ძირითადად სოციალურ თემებზე, პოლიტიკაზე, ისტორიულ კონტექსტებსა და ოჯახურ სირთულეებზე წერენ, კანგის პოეტურ, დაუნდობელ სამყაროში მთავარი აქცენტი ადამიანის სხეულზე, ძალადობაზე, ტკივილზე და ტრანსფორმაციაზე გადადის. კანგი თითქოს ყველა უხმო ადამიანის ექოა – ბასრი, შეულამაზებელი, პირდაპირი.
„ვეგეტარიანელი“ უცნაური წიგნია, რომელიც, მიუხედავად პოეტური ტონისა, არც თუ ისე მარტივი საკითხავია. Წიგნი, დაფუძნებული კანგის 1997 წელს დაწერილ მოთხრობაზე „ჩემი ქალის ამბავი“, რომელშიც ქალი, პირდაპირი მნიშვნელობით, მცენარედ გადაქცევას იწყებს. მოგვიანებით მწერალმა იდეას ახალი სუნთქვა შთაბერა და ასე დაიბადა წიგნი, რომელსაც დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მკითხველი იცნობს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, ოჯახსა და ტრადიციებზე დაფუძნებული კორეული საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის წიგნი მიუღებელი აღმოჩნდა და პოპულარობა მხოლოდ მოგვიანებით მოიპოვა.
ამბავი სამ ნაწილადაა გაყოფილი და მოგვითხრობს ახალგაზრდა ქალზე, იონგჰეზე რომელსაც ერთ ღამეს კოშმარი ესიზმრება, რის შემდეგაც ხორცის ჭამაზე კატეგორიულ უარს ამბობს. ერთი შეხედვით თითქოს ამ გადაწყვეტილებაში საგანგაშო არაფერია, მაგრამ იონგჰე თანდათანობით ოჯახის წევრების მხრიდან სხვადასხვაგვარი ძალადობის მსხვერპლი ხდება. ყველაზე შემაძრწუნებელი კი ის სიმშვიდეა, რასაც იონგჰე ყოველი ასეთი ძალადობრივი მოპყრობის შემდეგ ავლენს. იონგჰეს მდუმარე პროტესტი ავტორმა არა უბრალოდ ერთი პერსონაჟის გამოძახილად, არამედ ძალადობის მსხვერპლი ყველა ქალის უხმო კივილად აქცია.
„ცხოვრება რა უცნაური რამაა, ადამიანს რაც უნდა დაატყდეს თავს, რა საშინელებაც უნდა შეემთხვეს, მაინც აგრძელებს ჭამას, სმას, ბუნებრივი მოთხოვნების დაკმაყოფილებას, ბანაობას. ხანდახან ხმამაღლაც კი იცინის.”
მიუხედავად კულტურული სხვაობისა, „ვეგეტარიანელი“ სავსეა მეტაფორებით და ისეთი დეტალებით, რომლებიც ქართველი მკითხველისთვისაც მტკივნეულად ნაცნობი იქნება.
თარგმნის პროცესი
გულწრფელად ვიტყვი, რთულია ასეთი წიგნის თარგმნა. შეუძლებელია სიმშვიდე და საღი გონი შეინარჩუნო, როცა თავზარდამცემი მონაკვეთის გადმოქართულება გიწევს. ერთსა და იმავე წინადადებას ბევრჯერ კითხულობ, ეძებ სწორ ფორმას, სწორ სიტყვას და ამ დროს ხვდები, რომ პერსონაჟს თითქოს ადგილს უცვლი და მის ტყავში ძვრები. თითქოს შენს თავს ხდება ის ყველაფერი და გინდება, მის მაგივრად იკივლო. ეს შეგრძნება ალბათ მკითხველსაც გაუჩნდება, თან არაერთხელ.
მეორე სირთულე კორეული ენისთვის დამახასიათებელი მოწიწებითი ფორმები აღმოჩნდა. ძნელია „შენობითსა“ და „თქვენობით“ ფორმებში მოაქციო პატივისცემის ის უმნიშვნელოვანესი დეტალები, რომელზეც მთელი კორეული კულტურაა დაშენებული. ერთმა სუფიქსმა, ერთმა დამატებულმა მარცვალმა შესაძლოა მთელი წინადადების კონტექსტი, ფორმა და ამბავიც კი შეცვალოს. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ქართველი მკითხველი ადვილად აუღებს ალღოს ამ ნიუანსებს.
მესამე (და ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა) – ეს წიგნი, განსაკუთრებით კი მისი პირველი ნაწილი, აუცილებლად მოგაშიებთ! ყველა ის მონაკვეთი, რომელშიც რომელიმე კორეული კერძი იყო ნახსენები, პირდაპირი მნიშვნელობით მუცელს მიყურყურებდა. კორეას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი სამზარეულო აქვს და ჩემნაირ უჭმელ ადამიანებსაც ანდომებს ნაირნაირ კერძებს გემო გაუსინჯოს.
იმ ბევრ უცნაურ მოვლენას შორის, ამ წიგნთან დაკავშირებით თავს რომ გადამხდა, ყველაზე მძაფრი ის დღე იყო, როცა ბოლო გვერდის თარგმნა დავასრულე. ჰან კანგისეულ დამაყრუებელ სიჩუმეში დავრჩით მე, ნათარგმნი წიგნი და ახლად ფოთლებშესხმული უზარმაზარი ხეები, რომლებიც ჩემი ფანჯრიდან მოჩანდნენ. და ეს ყველაფერი უცნაურად წააგავდა წიგნის ამ მონაკვეთს:
„სიტყვები, რომლითაც ხეები ესაუბრებოდნენ, არ იყო არც თბილი, არც სიმშვიდის მომტანი და არც გამამხნევებელი. პირიქით, ეს თვით სიცოცხლის დაუნდობელი, შემაძრწუნებლად სუსხიანი სიტყვები იყო. საითაც გინდა გაეხედა, ვერსად პოულობდა ისეთ ხეს, რომელიც მის სიცოცხლეს დაისაკუთრებდა. არც ერთ ხეს არ სურდა მისი მიღება. ისინი უბრალოდ იდგნენ, უდრეკად, ჯიუტად და თავიანთი მასიური სხეულებით ვეება ცხოველებს წააგავდნენ.“
ავტორი: ნინი ჩაკვეტაძე