წიგნი, რომელმაც პარადიგმა შეცვალა: სიმონ დე ბოვუარის „მეორე სქესი“
ჯუდით ბატლერი იხსენებს თავის პირველ სამეცნიერო გამოსვლას, როცა ფემინიზმის შესახებ მოხსენების გაკეთება სთხოვეს:
„ძალიან დავიბენი. პირველად იყო, რომ რამის თქმას მთხოვდნენ. და მაშინ გამახსენდა ბოვუარის ის ფრაზა: ქალებად არ იბადებიან; ქალად უნდა იქცე.“
ამ ერთმა ფრაზამ მიახვედრა, რაც უნდა ეთქვა. თქმით კი ის თქვა, რაც მოგვიანებით მის ლეგენდარულ ნაშრომად „Gender Trouble“ იქცა.
„ქალებად არ იბადებიან; ქალად უნდა იქცე.“ – სწორედ ამ ფრაზით იწყება ბოვუარის „მეორე სქესის“ მეორე ტომი, რომელიც ახლახან გამოსცა სულაკაურის გამომცემლობამ. ასე რომ, ახლა უკვე შეგვიძლია, ბოვუარის ეს უმნიშვნელოვანესი ნაშრომი სრულად წავიკითხოთ მშობლიურ ენაზე.
მაინც რითაა „მეორე სქესი“ ასეთი გარდამტეხი, რომ მისმა ერთმა ციტატამ სრულიად ახალ დისციპლინას, გენდერის კვლევებს, ჩაუყარა საფუძველი?
უპირველესად, იდეით – ბოვუარის თეზისი ისაა, რომ კულტურაში უნივერსალიად მამაკაცი მიიჩნევა. თავად ფრანგულ ენაშიც კაცის აღმნიშვნელი სიტყვა „L’homme“ „ადამიანსაც“ ნიშნავს:
„მამაკაცი არა მარტო დადებითი, არამედ ნეიტრალური საწყისიცაა, […] ქალი წარმოჩინდება უარყოფით საწყისად, ისე რომ ყველა განსაზღვრება, რომელიც კი მას მიესადაგება, შეზღუდულობის გამომხატველად, ზოგადისადმი თანაზიარობას მოკლებულად აღიქმება.“ („სინამდვილე და მითები“, გვ. 10-11)
ამრიგად, ქალი კულტურისთვის არის სხვა, მაგრამ მისი სხვად ყოფნა არაფრით ჰგავს დანარჩენი მარგინალური ჯგუფების მდგომარეობას: შავკანიან მონას არ სჭირდება თეთრკანიანი ბატონი, არც პროლეტარს სჭირდება ბურჟუაზია, რომლის დამხობისკენაც იგი ისწრაფვის. აი, ქალი კი არის სხვა მამაკაცთან მიმართებით ანუ „იმ ერთი მთლიანის შიგნით, რომლის ორივე ნაწილსაც ერთიმეორე აუცილებლად სჭირდება.“ მართლაც, „იმ ურთიერთობას, რომელიც მას თავის მჩაგვრელთან აკავშირებს, ვერაფერს მიამსგავსებ.“ (გვ. 17)
ბერთრან რასელი „ფილოსოფიის პრობლემებში“ წერს, ფილოსოფიის ღირებულება კითხვებშია და არა – პასუხებშიო. „მეორე სქესსაც“ პარადიგმის შემცვლელ წიგნად ავტორის ეს დამოკიდებულება აქცევს – ის მთელ ნაშრომს აგებს შეკითხვებზე: კი მაგრამ, როდის ისწავლეს ქალებმა მამაკაცების მორჩილება? როგორ მოხდა, რომ ქალები თავს აღიქვამენ, როგორც სხვას?
ამ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად კი ჯერ ქალის შესახებ არსებულ ცოდნასა და შეხედულებებს განიხილავს („სინამდვილე და მითები“), შემდეგ კი ქალის ყოფიერების, მისი ბავშვობიდან ქალად ქცევისა და ამბივალენტური მდგომარეობის შესახებ მსჯელობს („ცხოვრებისეული გამოცდილება“). ამ მსჯელობიდან ბევრი რამ გადაისინჯა და დღეისათვის სადავოდ ან მოძველებულადაც შეიძლება მივიჩნიოთ; მაგალითად, ის, რასაც ბოვუარი ლესბოსელი ქალების შესახებ წერს. ასევე, მის დროს მხოლოდ თეორიულ დაშვებად არსებულ პართენოგენეზზე დღეს უკვე ექსპერიმენტები და კვლევები ტარდება. ამის მიუხედავად, შთამბეჭდავია ის სიღრმე და ყოვლისმომცველობა, რომლითაც ბოვუარი სხვადასხვა სფეროში არსებულ ცოდნას აანალიზებს.
ამ წიგნში ბევრი მწარე სიმართლეცაა, ქალის ყოფის ამბივალენტურობას რომ ააშკარავებს. მაგალითად, კომენტარი იმაზე, რატომ იქცევა ტირილი ზოგი ქალისთვის ჩვევად: „ეს დიდწილად იმიტომ ხდება, რომ გოგონებს მსხვერპლის როლის მორგება მოსწონთ, რაც ერთდროულად, მკაცრი ხვედრის მიმართ გაჩენილი პროტესტიც არის და სხვისთვის გულის აჩუყების საშუალებაც.“ („სინამდვილე და მითები“, გვ.56) საერთოდ, მთელი მეორე ტომი ერთგვარი მხილებაა ქალი მკითხველებისათვის, ბევრი იმგვარი რამისთვის თვალის გასწორება, რაც ჩვენმა გონებამ დიდი ხნის წინ გადაისროლა დავიწყების უფსკრულში. თან შემეცნების საშუალებაც არის – ძალიან საინტერესოა ბოვუარის დაკვირვებები მისტიკოს ქალებზე: მისეული ახსნა იმისა, რატომ აღწერენ ისინი ღმერთთან ურთიერთობის გამოცდილებას, როგორც სხეულებრივს და რატომ არ არის ეს უბრალო სუბლიმაცია.
ერთი სიტყვით, „მეორე სქესი“ აუცილებლად წასაკითხი წიგნია. მით უმეტეს, ჩვენს კონტექსტში, როცა მავანს შეუძლია, სამართლიანობისა და ქვეყნის მომავლისთვის მებრძოლ ქალებზე ხელაღებით თქვას, ეგენი ხომ ქალები არ არიან, ქალებისა რა უგავთო. ამ შემთხვევისთვის ზედგამოჭრილია სიმონ დე ბოვუარის ირონიული შენიშვნა:
„მაშასადამე, მდედრობითი სქესის ყველა არსება უცილობლად ქალი არ ყოფილა; ქალად ქცევა იმ იდუმალი და საშიში მდგომარეობის ნაწილია, რომელსაც „ქალურობას“ უწოდებენ. ამ ნიშან-თვისებას საკვერცხეები გამოიმუშავებს? იქნებ ის პლატონისეული ზეცის ანუ მხოლოდ იდეათა სამყაროს კუთვნილებაა?“
და მისივე, ასევე ორინიული დასკვნაც:
„მართალია, არაერთი ქალი დიდი მონდომებით ცდილობს, თვით ამ ფენომენის ჭეშმარიტ ხორცშესხმას წარმოადგენდეს, მაგრამ, საზოგადოდ, ქალურობის მოდელი ჯერჯერობით არავის შეუქმნია. მას სიამოვნებით აღწერენ ბუნდოვანი და წარმტაცი გამონათქვამებით, რომლებიც ნათელმხილველთა ლექსიკონიდან ნასესხები გეგონება.“