თარგმანი და მთარგმნელები საქართველოში

30 სექტემბერი, 2025
mthargmnelebis-blogi

არ ვიცოდი, თურმე დღეს მთარგმნელთა საერთაშორისო დღე ყოფილა და საქართველოც აღნიშნავს ამ დღეს.  

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ბევრ ქართველ ახალგაზრდას მიეცა საშუალება, წასულიყო უცხოეთში და ტრადიციული ინგლისურ-გერმანულ-ფრანგულ- რუსულ-სპარსულ-არაბულის გარდა ესწავლა სხვა ენებიც: ესპანური, იტალიური, სკანდინავიური, პორტუგალიური, ისლანდიური, ჩინური, იაპონური და რა ვიცი კიდევ სადაური… დღეს ვცდილობთ, არ ჩამოვრჩეთ მსოფლიოში მიმდინარე ლიტერატურულ პროცესებს, ვთარგმნოთ უთანამედროვესი მხატვრული თუ სამეცნიერო-პოპულარული ნაწარმოებები. გვყავს მთარგმნელები, თან არა მარტო „დიდი“ ენებიდან.  

მაგრამ ერთია ზოგადად უცხო ენის ცოდნა, თუნდაც ძალიან კარგად, და სხვაა პროფესიონალ მთარგმნელად ქცევა. ზოგი ამბობს, მთარგმნელმა უცხო ენა უნდა იცოდეს უნაკლოდო, ზოგი არ ეთანხმება და ამბობს, მთავარი მშობლიური ენის ცოდნააო. ორივე მთავარია, მაგრამ ნამდვილ მთარგმნელს მარტო ესენი მაინც არ ეყოფა. აქ ძალიან ბევრი რამაა მნიშვნელოვანი. პირველ რიგში, ეს არის ზოგადი განათლება – მთარგმნელმა ადვილად უნდა გაიგოს სათარგმნ წიგნში აღწერილი ამბების კონტექსტი: იცოდეს ის ეპოქა, სოციალურ-პოლიტიკური ვითარება, ამა თუ იმ ქვეყნის  კულტურა, ზნე-ჩვეულებები, და, აუცილებლად, მწერლის ენა: იოლად განასხვაოს, მაგალითად,  ჩარლზ დიკენსის ენა ჯერომ სელინჯერის ენისაგან (ისევე, როგორც ჩვენ მაშინვე ვხედავთ ხოლმე განსხვავებას, ვთქვათ, აკაკი წერეთლის ენასა და აკა მორჩილაძის ენას შორის – წიგნს ყდა რომ ჰქონდეს მოხეული და ავტორის სახელი და გვარი არ ეწეროს, მივხვდებით, ვინ არის ავტორი).  

ჰოდა ეს ბევრს არ ძალუძს. ასეთი დონის მთარგმნელები ჩვენ, რა თქმა უნდა გვყავს, მაგრამ ცოტა (განა ნებისმიერ დარგში ასე არ არის? საუკეთესო ექიმი, საუკეთესო  სანტექნიკოსი, დურგალი, საუკეთესო არქიტექტორი და საუკეთესო პროგრამისტი ცოტაა). გვყავს საშუალო დონის მთარგმნელები – მთარგმნელთა ძირითადი მასა, რომლებიც კეთილსინდისიერად თარგმნიან ყველა სიტყვას – ვერ შეედავები, ყველაფერი სწორია, მაგრამ თითქოს რაღაც აკლია; და სუსტი მთარგმნელები, რომლებიც სწორად ვერ იგებენ შინაარსს და შემდეგ წიგნი სავსეა სამარცხვინო ლაფსუსებით (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ლაფსუსი ყველას შეიძლება მოუვიდეს, საუკეთესოსაც კი). ეს მესამე კატეგორიის მთარგმნელები წარბშეუხრელად ჰკიდებენ ხელს წიგნს სათარგმნელად… მოკლედ, აღარ გავაგრძელებ.  

ყველას წაგვიკითხავს – თუ არ წაგვიკითხავს, გვსმენია მაინც – ილია ჭავჭავაძემ 1861 წელს ჟურნალ „ცისკარში“გამოაქვეყნა სტატია „ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძე ერისთავის მიერ კაზლოვიდგან „შეშლილის“ თარგმანზედა“. სწორედ ამ წერილით დაიწყო ილიამ ბრძოლა ქვეყნის განახლებისათვის და პირველი იერიში მამების (უფროს) თაობაზე მიიტანა. ამ წერილმა ძალიან არაერთგვაროვანი შთაბეჭდილება მოახდინა იმდროინდელ განათლებულ საზოგადოებაზე. განათლებული კი იყო მხოლოდ არისტოკრატია – საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა წერა-კითხვაც არ იცოდა. თითქოს უცნაურია, მაგრამ თარგმანის ამ ილიასეულ შეფასებას მოჰყვა შემდგომ მთელი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა. ამ სტატიას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ეროვნული, პოლიტიკური, საზოგადოებრივი – ყველანაირი თვალსაზრისით. სტატიაში ბევრი რამ არის ნათქვამი, ჩვენ კი ამ შემთხვევაში თარგმანისა და მთარგმნელების საკითხი გვაინტერესებს. აქ შინაარსის მოყოლას არ დავიწყებ – მესმის, რომ ზოგადქართველი დღეს ამ წერილს ძირითადად როგორც სასკოლო ან საუნივერსიტეტო დავალებას კითხულობს, იძულებითი ტვირთია, მაგრამ თქვენ თვითონ (მოზარდებმაც და ზრდასრულებმაც) წაიკითხეთ, საკუთარი სურვილით და, გარწმუნებთ, ძალიან დიდ სიამოვნებას მიიღებთ (ჯერ მარტო „ხელი გავიქნიე ფეხი“ რად ღირს – გაგონილი გექნებათ). ეს არის ილიას მოსაზრებები თარგმანისა და მთარგმნელების შესახებ: რა უნდა ითარგმნოს, ვინ უნდა თარგმნოს, რატომ და როგორ. მას აქეთ დიდი ხანი გავიდა, 160 წელზე მეტი და დღესაც მნიშვნელოვანია ილიასეული კითხვები: რა, ვინ, რატომ და როგორ. დღეს გვყავს მთარგმნელები, რომლებიც სხვადასხვა ენიდან თარგმნიან. სად იყო მაშინ ამდენი უცხო ენის მცოდნე,  თან ასეთი კარგი…  

დღევანდელ ახალგაზრდა მკითხველს, ერთი შეხედვით, შეიძლება მოეჩვენოს, რომ ქართველებმა თარგმნა მე-19-20 საუკუნიდან დავიწყეთ, მაგრამ ქართულ მთარგმნელობით ტრადიციას გაცილებით დიდი, ღრმა ისტორია აქვს. უცხო ენებიდან თარგმნა საუკუნეების წინ დავიწყეთ და, პირველ რიგში, ეს იყო ბიბლია – ძველი და ახალი აღთქმის წიგნები და შემდეგ სხვა სასულიერო შინაარსის ლიტერატურა. სწორედ იმ მთარგმნელებს შემოჰქონდათ საქართველოში მსოფლიო ლიტერატურის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებები.  

საუკუნეების მანძილზე მთარგმნელობითი საქმიანობა არ შეწყვეტილა. და მეცხრამეტე საუკუნის 60-იანი წლებიდან, ილიას და მის თანამოაზრეთა მოსვლასთან ერთად დაიწყო აღმავლობა: ქართველთა შორის განათლების გავრცელება, აღორძინდა ქართული თეატრი, მოვიდა მწერლების ახალი თაობა და დაიწყო მნიშვნელოვანი წიგნების – მსოფლიო კლასიკის  თარგმნა. 

პირველ რიგში, აქ უნდა ვახსენოთ ივანე მაჩაბელი, რომელიც თარგმნიდა შექსპირს და მოლიერს, და ის თარგმანები დღესაც ცოცხალია. შემდეგ ეს საქმე გააგრძელეს საუკეთესო მთარგმნელებმა: თედო სახოკიამ, ვახტანგ ჭელიძემ, დალი ფანჯიკიძემ, თამაზ ჩხენკელმა, ვახუშტი კოტეტიშვილმა, ჯემალ აჯიაშვილმა და კიდევ ბევრმა. თავიანთი მოუღალავი (ხშირად არ დაფასებული) შრომით სწორედ მათ მოიტანეს ჩვენამდე მსოფლიო ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშები. დღეს მუშაობას აგრძელებს მთარგმნელთა შემდეგი თაობა – ბევრი მათი ნამოწაფარია. წამოვიდნენ ახალგაზრდებიც, რომლებიც ძალზე ნაყოფიერად მუშაობენ და ფეხდაფეხ მისდევენ მსოფლიო სალიტერატურო პროცესს – საქართველო ცდილობს, არ ჩამორჩეს მას. 

საქართველოში თარგმანის ტრადიცია ცოცხლობს. 

ავტორი: ანა ჭაბაშვილი