სექტემბერში სკოლაში დაბრუნება მასწავლებლების ახალი წელი და ბედობაა!
მე მგონი, მასწავლებლები უფრო ვღელავთ სექტემბრის მოახლოებისას, ვიდრე მოსწავლეები. ზაფხულის შემდეგ სკოლაში მისვლა ყოველთვის სკოლაში პირველად მისვლას მახსენებს – იგივე განცდები, იგივე ნერვიულობა, იგივე შეგრძნებები…
ამბობენ ხოლმე, მასწავლებლობა სანატრელი პროფესიააო, იმიტომ, რომ მასწავლებლები მთელ ზაფხულს ისვენებენო. „დასვენება“ თითქოს ხმამაღალი ნათქვამია, ზაფხულის ცხელი დღეები უბრალოდ ძალების აღდგენასა და საკუთარი თავის „შეკოწიწებას“ უნდება; იმ ნაწილების ფაზლივით აწყობას, მთელი სასწავლო წლის განმავლობაში ხან ერთ კლასში რომ დავტოვეთ, ხან – მეორეში, ხან – მშობელთან და ხანაც – ადმინისტრაციასთან.
ზაფხული როგორც ანალიზისა და ფიქრის დრო
ზაფხული ფიქრის დროცაა, მთელი წლის გაანალიზების დრო: სად რა შეგვეშალა, ან პირიქით – რა იყო ჩვენი პატარ-პატარა გამარჯვებები. ვიხსენებთ და ვტკბებით.
დასვენება, კლასიკური გაგებით, თითქმის შეუძლებელია, თუნდაც პატარა შვილები არ გვყავდეს, ან ოჯახურ საქმეებს არ ვანდომებდეთ დროს. ჯერ ისევ სკოლის საორგანიზაციო და მომდევნო წლის დასაგეგმ აქტივობებს ვერ ვრჩებით, რომ ეროვნული გამოცდები და ახლა უკვე სხვანაირი შფოთვები წამოგვეწევა.
ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა შეძლოს ამ გამოწვევებთან გამკლავება და სკოლაში ძალებაღდგენილი, ენერგიამოკრებილი დაბრუნდეს, იმ ენერგიამოკრებილი, რომელიც მთელი წელი დასჭირდება. თუ ეს ენერგია არ გვაქვს, თუ ვერ მოვასწარით ან ვერ მოვახერხეთ ძალების აღდგენა და ისევ იმ ყოველდღიურ, დატვირთულ ციკლში დაღლილებს გვიწევს ჩაბმა, აი, ამ დროს ვიწყებთ სასიცოცხლო ენერგიების ხარჯვას და ვუქმნით ჯანმრთელობას პრობლემებს. ის რაც ჩვენია, ჩვენია! არ უნდა გავფანტოთ და საკუთარ თავს მოვახმაროთ.
ჰობის მნიშვნელობა
მასწავლებელმა უნდა შეძლოს და ზაფხულის ერთი თვე მაინც არ იფიქროს სკოლაზე, კლასებზე, მოსწავლეებზე, საგანზე. უნდა შეძლოს და სხვა რამით დაკავდეს, თუნდაც რაიმე ჰობით, ხატვით, კერვით, ძერწვით, კულინარიით… რაღაც ისეთით, რაც სწავლებასთან და მის ყოველდღიურობასთან კავშირში არ არის, მაგრამ მისთვის ძალიან საინტერესო და სასურველი პროცესია. ჰობის გაჩენა ან დაბრუნება, გარკვეულწილად თერაპიაცაა, გადატვირთვაა, რაც სიხარულით გვავსებს, დაფარულ ნიჭებს აღმოგვაჩენინებს – ეს კი არა მხოლოდ ჩვენთვის, მასწავლებლებისთვისაა საჭირო, არამედ მოსწავლეებისთვისაც. ვინ იცის, რომელ მოსწავლესთან როგორ გამოგვადგება? ვინ იცის, რომელ მოსწავლესთან აღმოვაჩენთ საერთო ინტერესებს და გავაბამთ უხილავ ძაფებს?
წიგნები ზაფხულისთვის
მე მგონია რომ მასწავლებელმა ზაფხულში წიგნებიც უნდა წაიკითხოს, თან აუცილებლად უნდა წაიკითხოს, და ჩვენ რომ ვატანთ ხოლმე ბავშვებს ზაფხულის საკითხავს, აი, ასე უნდა გავატანოთ ჩვენს თავებსაც საკითხავი. შემეძლო, აქ ის წიგნები ჩამომეწერა, რომლებიც მასწავლებლის პროფესიასთან ან აღმზრდელობით საქმიანობასთანაა დაკავშირებული, მაგრამ არა! ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ მასწავლებელიც ისვენებს მასწავლებლობისგან, ამიტომ უნდა წავიკითხოთ ის, რაც გვინდა, რაც მოგვწონს, რაც ამბავში ჩაგვითრევს; დავტკბეთ, ვისიამოვნოთ ამბით და არა ფილოსოფიური ფრაზებით ან წერის ჩახლართული სტილით. რაიმე, მსუბუქი, სასიამოვნო, მარტივი საკითხავი დასვენებისთვის მშვენიერი გადაწყვეტილებაა. თუმცა, რა თქმა უნდა, გემოვნებიანი და კარგი ავტორებიც არ უნდა გამოგვრჩეს. „სულაკაურის გამომცემლობა“ ზუსტად ისეთი წიგნებით გვამარაგებს, ზაფხულის ცხელ დღეებს რომ გაგვიხალისებს და სულიერ საზრდოსთან ერთად დაგვასვენებს კიდეც.
ჰო, წელს ცხელი ზაფხულია, არა მხოლოდ ამინდით, ისეც – სოციალურ-პოლიტიკურადაც. ასეთ დროს ურთულესია ძალების აღდგენასა და დასვენებაზე ფიქრი, თუმცა სოციალური ქსელებისა და ცუდი ამბების ცოტა ხნით გვერდით გადადება არ გვაწყენდა; სულ ცოტა ხნით, ათი დღით მაინც! და შემდეგ ისევ ჩავებმებით უსამართლობასთან ბრძოლაში.
კარგი ფილმების ყურება ერთი დიდი ნეტარებაა. მე რატომღაც დოკუმენტურ ფილმებს ვარჩევდი, მონოტონური, მშვიდი გახმოვანებით, რაღაცნაირად ხმაც რომ გვამშვიდებს და უშფოთველ ბავშვობაში გვაბრუნებს. თუმცა, მძაფრი შეგრძნებების მოყვარულთათვის მშვენიერი სერიალებიცაა, სულ ახლები და ძალიან საინტერესოები.
ბუნებასთან კავშირი – მგონი ამით უნდა დამეწყო. ეს ისაა, რაც პირდაპირი გაგებით გვავსებს და გვაძლიერებს. არ არის აუცილებელი მთებისა და ზღვების მოვლა, სოფლად, საღამოს, ბალახზე მოკალათება, თვალების დახუჭვა და ღრმად სუნთქვა, სულ არაფერზე ფიქრი – სამყაროსთან კავშირის დამყარებაძალიან მიყვარს, როდესაც სექტემბერში, სკოლაში დაბრუნებისას გარეგნობაში შემაქვს ცვლილება: თმის შეჭრა ან შეღებვა, ახალი ჩანთა, ახალი კაბა, ახალი ფეხსაცმელი – ასეთი სიახლეები აჩენს იმის განცდას, რომ სასწავლო წელი სიახლეებით სავსე და საინტერესო იქნება.
მასწავლებლებისთვის ახალი სასწავლო წლის დასაწყისი ახალი წელის დღესასწაულია. ხშირად ცრურწმენაც გვიპყრობს – როგორც გავატარებთ პირველ დღეს, ისეთივე იქნება მთელი წელიო. ჩვენთვის სკოლის პირველი დღე ბედობაა. ამიტომაა ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, ამიტომ გვინდა, ძალიან, ძალიან კარგი დღე გამოდგეს.
ზაფხულის შთაბეჭდილებების გაზიარება
როგორც ბავშვები უყვებიან კლასელებს ზაფხულის ამბებს, ისე მასწავლებლები ვუყვებით ერთმანეთს – სად ვიყავით, რა შეგვემთხვა, რამდენი კილოგრამი დავიკელით ან მოვიმატეთ, რა წავიკითხეთ, რას ვუყურეთ… მე რომ მასწავლებლების მასწავლებელი ვიყო, აუცილებლად დავაწერინებდი მათ ზაფხულის შთაბეჭდილებებს, ზოგიერთს დავახატვინებდი კიდეც.
მე ერთი ტრადიცია მაქვს – ყოველ ახალ სასწავლო წელს აუცილებლად ახალი ბლოკნოტით ვხვდები, რომელიც წლის განმავლობაში ივსება ნაირ-ნაირი ჩანაწერებით, ჩანიშვნებითა და ამბებით. ბლოკნოტს დიდი მონდომებით ვარჩევ, უნდა იყოს ძალიან ლამაზი, განსხვავებული, მისი გარეკანი რაღაცნაირად სიმბოლო უნდა გახდეს მთელი წლისა. აბა, სცადეთ, ძალიან კარგი შეგრძნებაა და ამართლებს ხოლმე.
ყველაზე მნიშვნელოვანი – კარგად გამოიძინეთ! იძინეთ ბევრი, შუადღემდე, მოასწარით, თორემ ჩვენს მობილურში ჩართული მაღვიძარა სექტემბრიდან ისევ შვიდ საათზე ამღერდება და ჩვენც ახალი ძალებით, ახალი შემართებით, მოლოდინებითა და იმედებით ახალ სასწავლო წელს ვეკვეთებით – ახალი თავგადასავლების და ახალი ადამიანების აღმოსაჩენად!