Პროზით მოყოლილი საქართველოს ისტორია

ზურა აბაშიძე
23 მაისი, 2025

„თებერვლის ბოლოს დაიწყო ყველაფერი“. ამ სიტყვებით იწყება უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორია და დიდი მოგზაურობა პროტაგონისტთან და საჭესთან მჯდარ მის მეგობარ გიასთან ერთად. „მოგზაურობა ყარაბაღში“ 1992 წელს დაიბეჭდა თანამედროვე ქართული ლიტერატურის ყველაზე გავლენიანი ავტორის, აკა მორჩილაძის ხარჯებით ყვითელ ფურცლებზე. როგორც წიგნის მეორე, 2004 წლის მაგარყდიანი გამოცემის ავტორისეულ წინასიტყვაობაში წერია, „საიდანღაც უკიდეგანო აგრესია მოდიოდა. არც მიცდია, რომ მოვრეოდი, ვერც მოვერეოდი“. არადა წიგნი ნამდვილად არის ერთგვარი შერკინება ამ აგრესიასთან, ომთან, ბნელ, მძიმე წლებთან და ადამიანის მორალურ თუ ზნეობრივ დაცემასთან. ნაწარმოების მთავარი გმირი აფხაზეთის ომში გადაწყვეტს გამგზავრებას, თუმცა მისი მიზანი სულაც არ არის ომში ჩართვა, მას რაღაც სხვა განუზრახავს, ის, რაც ასე სურს ყველა დროის ახალგაზრდას – გადაადგილება, მოგზაურობა, აღმოჩენა, ახლის შეცნობა და თავგადასავალი. უზადო იუმორით,  ნოსტალგიით, ირონიით და დიდი სიყვარულით სავსე წიგნში მოგზაური უამრავ გასაჭირში გაეხვევა, ჩაუვლის ჯარისკაცებს, მებრძოლებს, მეძავებს, უბრალო ადამიანებს და ავტორი ამით საფუძველს ჩაუყრის თანამედროვე ქართულ ლიტერატურას.

მაგიური რეალიზმი ქართულად

ზაზა თვარაძის „სიტყვები“ 1994 წელს იბეჭდებოდა ჟურნალ „ცისკარში“, წიგნი, რომელიც კუბიკ-რუბიკსაც მოგაგონებთ სტილისტიკურად და შინაარსობრივად ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი მონაპოვარია თანამედროვე ქართული ლიტერატურისთვის. მისი წაკითხვა მრავალნაირად შეიძლება –  შეგიძლია, უბრალოდ მიჰყვე მთავარ გმირს, რომელიც ჯადოსნურ ჯიხურს „სანეტარო კანტორას“ აღმოაჩენს. ჯიხურში ყველაფრის შეძენა შეგიძლია, ნარკოტიკების ჩათვლით, თუმცა გმირი ირჩევს უცნაურ ყუთს, რომელშიც სიტყვებია მოთავსებული და სწორედ ამ ნაბიჯით იწყება მისი თავგადასავალი სიტყვების სამყაროში. შეგიძლია, სიუჟეტი უბრალოდ გვერდით გადადო და დატკბე ავტორის მოქნილობით, ოსტატობით, სიტყვაკაზმულობით, ქართული ენის შესაძლებლობებით და გემო ჩაატანო პოსტმოდერნისტულ თამაშს, რომელშიც ავტორი პირველი გვერდებიდან გითრევს.

აქ ცუდია, იქ კარგი

აკა მორჩილაძის სადებიუტო რომანს, სულ რამდენიმე წელში მოჰყვა მისი მეორე, მცირე მოცულობის რომანი „ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები“, რომელსაც არ ჰყავს ცენტრალური ფიგურა, აქ ამბებს რამდენიმე სხვადასხვა გმირი გვაცნობს: პეტრუჩიო, კაკუჩა, ზაზა, ქეთა, მამუკა, ნიკუშა, სოსო, ირაკლი, ვატო, თაზო, ნინაკა და, რაც ყველაზე მთავარია, ქუჩის უპატრონო ძაღლები, რომლებსაც ერთ-ერთი გმირი იმდროინდელ პოლიტიკურ მოღვაწეებსაც ადარებს. რომანის გამოცემიდან 30 წელი გავიდა, თუმცა თემები, რომლებიც რომანშია გაშლილი, დღემდე ნაცნობი და ახლობელია თანამედროვე მკითხველისთვის. აკა მორჩილაძის ახალგაზრდა გმირები ბნელ ოთახში მიტოვებულ პატარა ბავშვებს მოგაგონებთ, რომლებიც  სიბნელეში ხელის ცეცებით ცდილობენ გზის გაკვალვას, ელოდებიან, რას, არავინ იცის, პერიოდულად იმედიც გამოკრთება და ნამდვილი ახალგაზრდული ვნებებიც იფეთქებს – ყველაფერი სანთლის შუქზე, აქ ცუდია, იქ, სადღაც შორს, ნიცაში – კარგი.

ფურთხის გუბეები

თავის შედარებით ახალ წიგნში ავტორი იხსენებს, რომ ბავშვობაში კარიკატურების ხატვით იყო გატაცებული, რაც უფრო გასაგებს ხდის, რატომ არიან მისი გმირები კომიკურები. ლაშა ბუღაძე ოთხმოცდაათიანი წლების მიწურულს ჩნდება ქართულ ლიტერატურულ სცენაზე და 2004 წელს გამოსცემს პირველ რომანს „ბოლო ზარი“. ის დასაკვირვებლად საზოგადოების მანკიერ, უხერხულ და უხამს მხარეებს ირჩევს, თითქოს ავტორს დიდი, ჯადოსნური სარკე დაუჭერია ხელში და ადამიანებს თავიანთ ნამდვილ სახეებს აჩვენებს. ის „ბოლო ზარში“ სულ ფესვებში ჩადის და იმ ადგილს იკვლევს, საიდანაც იწყება ჩვენი ტანჯვა. საკლასო ოთახებში განვითარებული დრამა თან გაცინებს, თან ამდენი სიშტერე თავს გაბეზრებს, იმდენად ქართულია ეს ყველაფერი, რომ ბრაზი სიბრალულში გადაგდის. წიგნში ყველაფერი მოშლილია: ურთიერთობები, როლები, მიმართებები, დამოკიდებულებები. პერსონაჟები ძალიან მოწყვლადები არიან, მიჰყვებიან რაღაცას ბრმად, ოღონდ რას, თვითონაც არ იციან. წიგნის დასასრულს კი ხვდები, რომ ფიქციური გმირები ახლა უკვე დიდები არიან და ქვეყნის ბედსაც განაგებენ.

სხვანაირი სურვილები

„ამ ქვეყანაში ვისაც არ უნდა ჰკითხო, იძახის, ყველაფერი კარგად იქნება, ყველა სურვილი ახდება, ძალიან ბედნიერები ვიქნებითო. საამისო დიდად არაფერი ეტყობათ.  არ მესმის, რანაირად ცხოვრობენ, ან ფული საიდან აქვთ და, საერთოდ, რამის ხალისი“ – ყვება ანა კორძაია სამადაშვილი თავის მოთხრობების კრებულში „მე მარგარიტა“. მწერალი 2000-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა სოფიო კირვალიძის ფსევდონიმით. ის ერთ-ერთი პირველი ქალი მწერალია, რომელმაც თავისი ტექსტებით ჯერ კიდევ აუთვისებელი ტერიტორიები მონიშნა და ახალი სუნთქვა აჩუქა ქართველ მკითხველს, მისი გმირები სრულიად ჩვეულებრივი ადამიანები არიან, თემებიც, ერთი შეხედვით, მარტივი და უნივერსალურია – სიყვარული, მოგზაურობა, სახლში დაბრუნება, მარტოობა, თაობების შეჯახება, მეგობრობა, თუმცა ამ მარტივი და ყოფითი ამბების უკან მთელი ქვეყნის ისტორია იშლება, ხვდები ამბებს წარსულიდან, აწმყოდან, წინასწარმეტყველებ მომავალს. ძველი, სქელყდიანი და მოოქრული ოჯახური ალბომის ნება-ნება ფურცვლას ჰგავს ამ მოთხრობების კითხვა. ვის აღარ შეხვდები ალბომში: შეყვარებულ, ნაღალატევ, გახლეჩილ და მერე ისევ გამთლიანებულ ქალებს და კაცებს.

ქართველობა, როგორც მძიმე ტვირთი

საშუალოსტატისტიკური ქართველი მკითხველისთვის ლიტერატურული ტექსტის ყველაზე გავრცელებული შეფასებებია: „მოშნია“, „წავა რა“, „მაგრა გაასწორა“, „კეკლუცობს“. კეკლუცობა ძალიან მძიმე და დამამცირებელ შეფასებად ითვლება, თუ ავტორი კეკლუცობს, ესე იგი, რაღაც ვერ არის რიგზე. ზაზა ბურჭულაძის შემოქმედებას კეკლუცობა ფონად გასდევს, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ მოშნი არ არის, პირიქით, ავტორი ამ კეკლუცობასაც რაღაც ახალ ჟანრად აქცევს. „მინერალური ჯაზი“ ავტორის ექსპერიმენტული ტექსტია, რომელშიც ახალგაზრდა ავტორი უკვე აცნობიერებს თავის შესაძლებლობებს, ძალას და მოქნილობას. სიუჟეტური ხაზის მოხელთება ძნელია, ავტორი კითხვის პროცესში არ გტოვებს და შენთან ერთად ქმნის სიუჟეტურ ქარგას, მისი გმირები უსიცოცხლოები, სტერილურები და გაყინულები არიან. ასეთივეა საქართველო იმპერიების ნანგრევებზე.

ომის სისასტიკე და არასრულწლოვანი გოგონები

აგვისტოს ომიდან რამდენიმე წელში წიგნის თაროებზე ჩნდება თამთა მელაშვილის მცირე მოცულობის რომანი „გათვლა“. წიგნში არ არის დაზუსტებული, რომელ ომზეა საუბარი, რომელ სოფელში ხდება მოქმედება, ვერც საბრძოლო მოქმედებებს შეხვდებით, ომის უშუალო მონაწილე ჯარისკაცებიც აჩრდილებივით გაკრთებიან აქა-იქ. წიგნი, რომელიც 2013 წელს ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე გერმანიის ახალგაზრდული ლიტერატურის ეროვნული პრემიით დაჯილდოვდა, პუბერტატის ასაკში მყოფი ორი გოგონას ისტორიას გვიყვება. თამთა მელაშვილი ომის სისასტიკეს გამოზოგილად, მოკლედ, ლაკონიურად გადმოსცემს. წიგნის კითხვა მართლაც ჰგავს გათვლას, რომლითაც ყველა ბავშვი ერთობა. მისი ენა უნიკალურია, არაფერში აგერევა, ნაწარმოების გმირები პატარა გოგონები არიან, რომლებიც დიდი ქალების როლებს ირგებენ და ნამდვილი ომის ფონზე, სულ სხვანაირ ომში ებმებიან სქესთან, სექსუალობასთან, მოზარდობის წლებთან და სასტიკ გარემოსთან.

ისინი მოდიან ღამით

როცა გგონია, რომ აკა მორჩილაძემ თავისი მაგნუმ ოპუსი დაწერა, რაღა უნდა ქნას, რით უნდა გაგაკვირვოს, თაროებზე ჩნდება ავტორის ორი ახალი რომანი, რომლებითაც ის სრულიად ახალ სიმაღლეზე ადის.  „ობოლე“ და „კუპიდონი კრემლის კედელთან “, ჩემი აზრით, ავტორის საუკეთესო ტექსტებია. აკა მორჩილაძის გმირები იმ სტუმრებს ჰგვანან, რომლებიც არასდროს მოდიან ხელცარიელები. ისინი მოდიან ღამით, მათ თან მოაქვთ ამბებით, ისტორიებით და თავგადასავლებით გატენილი ხურჯინები. ისტორიები არ წყდება, ყველას რაღაც აქვს მოსაყოლი. შეხედავ, ჩვეულებრივი გმირია, მაგრამ, საკმარისია, გვერდით მოუარო და ამ ერთი უბრალო გმირის უკან მთელი საქართველოს ისტორიას დაინახავ. „ობოლეში“ მოქმედება ჩვენს დროში ვითარდება. ახალგაზრდა, გათბილისელებული გმირი სოფელში მიემგზავრება, რათა მამა-პაპის დანატოვარი სახლის სახურავი შეაკეთოს და დიდ ხათაბალაშიც გაეხვევა.  „კუპიდონი კრემლის კედელთან“ კი შეუპოვარი და მამაცი მუსიას ისტორიას მიყვება, რომელიც ქმრის გამოსახსნელად დიდ ბელადთან, იოსებ სტალინთან მატარებლით გაემგზავრება მოსკოვში.

ახლა ნუ მოკვდები, ძალიან გთხოვ, სამსახურში პრობლემები მაქვს

2011 წელს ლაშა ბუღაძის „ნავიგატორმა“ BBC-ს რადიოპიესების კონკურსში გაიმარჯვა. პიესა ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში დასაქმებული მორცხვი, მოჩვარული და ქვეშაფსია კაცის ისტორიას ყვება, რომელსაც სამსახურში ნავიგატორიან მანქანას მიაბარებენ. კაცი ნავიგატორთან საუბარს იწყებს და მის მიმართ მალევე უჩნდება გრძნობები. ავტორის გასული ათწლეულის ტექსტებში სულ ასეთ გმირებს გადაეყრებით: ვერშემდგარი კაცებს, საწებელას ქარხნის დირექტორებს, საქართველოს პრეზიდენტებს, პოლიტიკოსებს, აქტივისტებს, რომლებიც უცნაურად გამოხტებიან ხოლმე მთავარ სცენაზე. მწერალი დაუნდობელია, არსად ტოვებს ადგილს იმედის, სინანულისთვის, არ ჩანს გამოსავალი, უკეთესი გზა, უბრალოდ თვალს ადევნებ მასკარადს, თანამედროვე ქართველი დონჟუანის სასიყვარულო სამკუთხედს, მიჰყვები ნავიგაციას. მოუხვიე მარჯვნივ, მოუხვიე მარცხნივ, – გესმის უსიცოცხლო ხმა.

უგემური მსხლის ნაყოფი

10-იანი წლები განსაკუთრებულია ქართული ლიტერატურისთვის. ჩნდება ახალი თემები, ახალი ავტორები, იგრძნობა ახალი გულისცემა. თანამედროვე ქართული ლიტერატურა სწყდება ცენტრს და პერიფერიების კვლევას იწყებს. ნანა ექვთიმიშვილი ამის ძალიან კარგი მაგალითია. ავტორის სადებიუტო ფილმი „გრძელი, ნათელი დღეები“ 2012 წელს გამოვიდა დიდ ეკრანებზე. მას მალევე მოჰყვა რომანი „მსხლების მინდორი“, რომელიც პირველი ქართულენოვანი წიგნია ბუკერის საერთაშორისო პრემიის გრძელი სიიდან. ნანა ექვთიმიშვილი მოქმედების არეალად თბილისის გარეუბანს ირჩევს და ყვება ბავშვთა ინტერნატის გარშემო დატრიალებულ ამბებს. მთავარ გმირად ლელა გვევლინება, რომელიც ცდილობს, გულგრილობას, ძალადობას, სიღარიბეს და სასტიკ გარემოს შეებრძოლოს.

სახლიდან გამოსვლა

გმირი სახლიდან გამოდის – რა შეიძლება იყოს ამაზე კარგი დასაწყისი რომანისთვის. „სამხრეთული სპილო“ არჩილ ქიქოძის სადებიუტო რომანია, რომელშიც მთავარ გმირად ქალაქი გვევლინება. ურბანული ჟანრის რომანში მთხრობელი, პროფესიით რეჟისორი, საყვარელ ქალთან შესახვედრად მეგობარს სახლს დაუთმობს და თვითონ თბილისის ქუჩებში დასეირნობს. ქალაქი მალე იქცევა მეხსიერების ლაბირინთად, სადაც მთხრობელი ცდილობს, მოიხელთოს წარსულის. არჩილ ქიქოძის რომანში ყველა შენობა, ყველა ქუჩა რაღაც ისტორიას ყვება: მფრინავ პარკურებზე, ფანჯარასთან მწეველი ქალებსა და კაცებზე, რომლებიც ვერის პარკში ძაღლებს ასეირნებენ.

დედალოსი და იკაროსის ამბავი ქართულად

„მე არ შემიძლია აქ ცხოვრება. ყველაფერი იმდენად ბანალურია, როგორც მეტაფორა: „ნაცრისფერი კორპუსები“ – ამბობს ცოტნე ცხვედიანის გმირი ავტორის სადებიუტო რომანში „მაიაკოვსკის თეატრი“, რომელშიც პერიფერიები უფრო დიდი დოზით შემოდის. ავტორი სრულიად მივიწყებულ და ერთი შეხედვით უინტერესო ადგილს ირჩევს სამოქმედოდ. წიგნი, რომელიც „წინანდლის პრემიით“ დაჯილდოვდა, გარიყული, დავიწყებული და წაშლილი ადამიანების ისტორიებს გვიყვება, მთავარი გმირები, ახალგაზრდა ძმები კი დედალოსის და იკაროსის მითის გათამაშებას ცდილობენ. წიგნში მოქმედება ბაღდათში მიმდინარეობს და იდეალურად წარმოაჩენს პატარა, მივიწყებული ქალაქების მდგომარეობას. 

გმირის დაბრუნება

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ქართული ლიტერატურა თემატურად და სტილისტიკურად უფრო მრავალფეროვანი გახდა – გაჩნდნენ ახალი ავტორები, ჟანრები, ისმის ახალი ხმები – მაინც ძნელია თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში ისეთი გმირის პოვნა, რომელიც ყველა იმ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, რომელიც ფიქციურ გმირს საყოველთაო სიყვარულისთვის სჭირდება, ჰარი პოტერივით, შერლოკ ჰოლმსივით, დათა თუთაშხიას ან კვაჭი კვაჭანტირაძესავით. მხოლოდ რამდენიმე ქართველი ავტორი ახერხებს, შექმნას ასეთი გმირი და ერთ-ერთი თემურ ბაბლუანია. „მზეს, მთვარეს და პურის ყანას“ ნამდვილად ჰყავს გმირი, რომელიც წიგნის დახურვას გიძნელებს. მნიშვნელობა არა აქვს, ვინ ხარ, როგორი ლიტერატურული გემოვნება გაქვს – ჯუდე ანდრონიკაშვილს მაინც ბოლომდე მიჰყვები, გულშემატკივრობ, ნერვიულობ, რამე ცუდი არ დაემართოს და მასთან ერთად ადევნებ თვალს გასულ საუკუნეში დატრიალებულ მოვლენებს.

მივიწყებული ავტორი

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლიტერატურული მოვლენა ზაირა არსენიშვილის წიგნების გაცოცხლებაა, ბიბლიოთეკების დამტვერილი თაროებიდან ავტორის შემოქმედების გამოხსნა ნამდვილი საჩუქარია ქართველი მკითხველისთვის. მწერალი, რომელიც ლანა ღოღობერიძის ფილმების სცენარებითაა ცნობილი თავის მაგნუმ ოპუსს, „ვა, სოფელოს“  2000-იანი წლების დასაწყისში აქვეყნებს. გამოცემას დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია. წიგნი მალევე გაქრა მაღაზიებიდან. არადა, ძალიან ცოტა ამხელს ასეთი სიზუსტით და მოქნილობით ბოროტების იმპერიას, რომელმაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე ჩაყლაპა. ზაირა არსენიშვილის წიგნი იმეორებს ქართული ლიტერატურის უმაღლეს ტრადიციებს და, ამასთან ერთად, სრულიად ახალ პერსპექტივებს სთავაზობს მკითხველს.

ვის ეშინია ეთეროს?

არავის მიმართ ისეთი მომთხოვნი არ არის ქართველი, როგორც მწერლების და ქალების მიმართ. ყველაზე დიდი ჯოხი მათზე ტყდება. მწერალი აუცილებლად უნდა წერდეს მაღალი ლიტერატურული ენით, სასთუმალთან უნდა ედოს კონსტანტინე გამსახურდიას წიგნები, აუცილებლად უნდა იყოს ყარიბი, მწირი, უსიხარულო, უმეგობრო, არ უნდა იყენებდეს ტექსტებში უცენზურო სიტყვებს, მუდმივად უნდა იქექებოდეს წარსულში, მისტიროდეს გარდასულ დღეებს, თუ კაცი იქნება, უკეთესია და თუ მკვდარი – საუკეთესო. „შაშვი შაშვი მაყვალი“ ბოლო წლების საუკეთესო ქართული რომანია, რომელიც სრულიად უფერული, არაფრით გამორჩეული ქალის გამოღვიძების ისტორიას გვიამბობს. ეთერო კრებითი სახეა უამრავი ქართველი ქალისა, რომლის ისტორიამ არაერთი მკითხველი გააღიზიანა და კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ ჩვენ  ჯერ კიდევ ძალიან გვაშინებს ქალურობა, სექსუალობა, მენსტრუაცია თუ თამამი ლექსიკა, დამოუკიდებელი ნაბიჯები, რომანტიკული და სექსუალური ურთიერთობები, გვეშინია მათი გამოღვიძების.

მოძრაობის, ახალგაზრდობის და გადაადგილების ტრაგიკომიკური ამბები

ქალაქში მოპედი დაქრის. მთავარ გმირს თავზე ჩაფხუტი დაუხურავს, უკან იტოვებს თბილისის უბნებს და თხზავს ამბებს. „კურიერის ამბები“ ლიტერატურულ პლატფორმა  „სიტყვებზე“ იწყება, სადაც ახალგაზრდა მსახიობი კურიერად მუშაობის გამოცდილებაზე მოკლე ჩანაწერებს აქვეყნებდა. თემო რეხვიაშვილის გმირს წიგნში არ უმართლებს, აგინებენ სცენაზე, ეზოდან აცლიან მოპედს, აგვიანდება ავტობუსზე, აცმევენ ლომის ფორმას, მაგრამ არასოდეს ღალატობს იუმორი, თვითირონია. მისი ენა მარტივი და მოქნილია, სიტყვები და ისტორიები – მსუბუქი. კითხვის პროცესში გგონია, რომ შენც მოპედზე ზიხარ და მიქრიხარ, მოძრაობ და ავტორთან ერთად ოცნებობ უკეთეს მომავალზე, ღირსეულ სამუშაო პირობებზე და საყვარელი შემსრულებლის ლაივ კონცერტზე მოხვედრაზე.

მომავლის საქართველო

„ამ მიწაზე მცხოვრებთ ყოველთვის ჰქონდათ ეს მარადიული დილემა: საკუთარ თავს დავეხმარო თუ საზოგადოებას“. ამ სიტყვებს შეხვდებით ზურა ჯიშკარიანის რომანში „სწრაფი, ღამისიერი“, რომელიც ავსებს თანამედროვე ქართული ლიტერატურის დანაკლისს – ჟანრული ლიტერატურის სიმწირეს. რომანი კიბერპანკის ჟანრს განეკუთვნება. წიგნში მოქმედება მომავლის საქართველოში მიმდინარეობს. ჟანრის წესები მარტივია: კიბერპანკი აღწერს ცივილიზაციის დასასრულს, ადამიანური ფასეულობების ვარდნას ტექნოლოგიების აღზევების ფონზე. მიუხედავად იმისა, რომ რომანი მომავალზე გვესაუბრება, მასში ძალიან ბევრ პარალელს იპოვით დღევანდელ დღესთანაც, როცა იდეოლოგიური მანქანა ცრუ შიშებით, კონსპირაციული თეორიებით და არარსებული მტრის ხატის შექმნით ცდილობს რეალობის ფალსიფიცირებას. ინტერტექსტუალურ რომანში ქართული ენის საზღვრები ფართოვდება, არქაულ, ლიტერატურულ თუ ყოველდღიურ ქართულს ციფრული რეალობისთვის დამახასიათებელი სიტყვები ოსტატურად ერწყმის და სრულიად ახალ ენობრივ ქსოვილებს ქმნის.

ტრანსგრესია და დედობა ახლებურად

თინათინ ნოღაიდელის „ულვაშები“ ფემინისტური ტექსტია, ოღონდ, განსხვავებით ბევრი სხვა ავტორისგან, დებიუტანტ ავტორს ამის არ ეშინია. მისი ტექსტი აგრესიული, მანიფესტური, მელოდიურია, მისი გმირები უცნაურები, ქართული ლიტერატურისთვის უცხოები არიან. ლაპარაკობენ სულ სხვა ენაზე, ცხოვრობენ სულ სხვა მხარეში, აჭარის მთებში, მათი გაგება და ჩაწვდომა ძნელია, მოითხოვს აჭარული დიალექტის, აჭარელი მუსლიმების ისტორიის ცოდნას, მაგრამ რომანის კითხვის პროცესში ეს უცხოობის განცდა იკლებს და მთლიანად ეშვები წიგნში, რომელიც კიდევ ერთხელ დააფიქრებს მკითხველს, თუ რა დამანგრეველი ძალა და გავლენას აქვს პატრიარქატს, კაცურ დომინაციას, ქალების მრავალსაუკუნოვან ჩაგვრას. ერთისთვის ასე მარტივი და სრულიად ჩვეულებრივია, მეორისთვის კი რა ძნელია,  იპოვოს საკუთარი ადგილი და ხმა სიძულვილით, გულგრილობით და ემპათიის ნაკლებობით დანაღმულ მიწაზე.