ბიჭი ოსლოს გეტოდან
ადამიანი ზოგჯერ ე. წ. „მექანიკური შეცდომის“ წყალობით უნებლიეთ ამჟღავნებს მის ქვეცნობიერში არსებულ რეალურ ფიქრებს, განცდებსა თუ წარმოდგენებს. ამგვარ შეცდომას კი ფსიქოლოგიის ენაზე „უნებლიე წამოცდენა“ ჰქვია.
როცა ამ სტატიის წერას ვიწყებდი, სათაურად „ბალადა გატეხილ გულზე“ დავაწერე და ჩემს შეცდომას იქვე მივხვდი. გამეცინა და „გული“ „ცხვირად“ გადავასწორე. მერე კი ეს „უნებლიე წამოცდენა“ გამახსენდა და დავფიქრდი:
ნუთუ წიგნის მთავარ პერსონაჟს, 13 წლის ბარტს გული გატეხილი აქვს?
ბარტი საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს დედასთან ერთად, რომელიც მისივე თქმით, „კარგად ნასუქი“ ქალია. დედის სურვილით, ბიჭი კრივზე დადის, რათა ყოველთვის შეძლოს თავის დაცვა. საცხოვრებლის სხვა ბინადრები მეტად „საეჭვო“ ხალხია. სადარბაზო მუდამ ნახმარი შპრიცებითა და ნაგვითაა სავსე. ზოგჯერ კი აქ უცნობები მოდიან და ალიაქოთს ტეხენ. თუ შემთხვევით კართან პროდუქტებით სავსე პარკი დაგრჩა, ან ეზოში – ველოსიპედი, ორიოდე წამში აღარ დაგხვდება. მოკლედ, ეს უბანი ოსლოს გეტოა, რომელსაც საშუალო ან მაღალი სოციალური ფენის ხალხი თავს მონდომებით არიდებს.
წიგნში მოქმედება ძირითადად ან ბარტის სახლში, ან მის სკოლაში ვითარდება და მკითხველი თითქოს ორ განსხვავებულ მოზარდს ხედავს. „სახლის ბარტი“ მოსიყვარულე ბიჭია, რომელიც ცდილობს, შიმშილი მოითმინოს, ხშირად გაიღიმოს და თქვას ტყუილები, რომლებიც დედას თავს უკეთ აგრძნობინებს და მხნეობას შემატებს. „სკოლის ბარტს“ კი ერთადერთი წესი აქვს: არაფერი შეიმჩნიოს. დამალოს საკუთარი მდგომარეობა, რათა კლასელების დაცინვას გადაურჩეს.
თუმცა სკოლაში ამბები მალე ვრცელდება და ბიჭიც, რომელსაც სახელი ბარტი „სიმპსონების“ პერსონაჟის გამო დაარქვეს, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ხდება.
„- მართალია, შენზე რასაც ამბობენ?
– და რას ამბობენ?
– იმას, რომ მიყრუებულ უბანში ცხოვრობ და დედაშენი ორას კილოს იწონის.
მთელი სხეული მიქვავდება.
არა, ტყუილია-მეთქი, ვპასუხობ.
– აბა, რამდენი კილოა?
– დაახლოებით სამოცი…
ერთ დღეს ვინმე გამხდარ ქალს აუცილებლად ვთხოვ, სკოლაში მოვიდეს და თავი დედაჩემად გაასაღოს.“
ამბობენ, რომ ძალადობა ხშირად შობს ძალადობას. თუმცა, ასევე ამბობენ, რომ კლასიკური მუსიკა ადამიანს აკეთილშობილებს.
ბიჭს, რომელიც ოსლოს გეტოში იზრდება, სინამდვილეში კრივი კი არა, ოპერა უყვარს. ბარტი თვითონაც მღერის, ოღონდ მხოლოდ მარტო და მხოლოდ სააბაზანოში. მას აუდიტორიის ეშინია და ცდილობს, თავისი ეს გატაცება დამალოს. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, სკოლაში ამბები მალე ვრცელდება. ბარტს აიძულებენ, გამოსაშვებ საღამოზე იმღეროს, რაც მისთვის არა მხოლოდ სცენაზე გასვლა, არამედ ცხოვრების მთავარ შიშთან პირისპირ შეჯახებაა…
ნორვეგიელი მწერლის, არნე სვინგენის ერთი შეხედვით სათავგადასავლო რომანი სინამდვილეში ისეთ მნიშვნელოვან და მწვავე თემებს ეხება, როგორიცაა: სოციალური უთანასწორობა, ბულინგი, ნარკომანია და ალკოჰოლიზმი. გვიჩვენებს იმ ადამიანთა მდგომარეობას, რომლებსაც საზოგადოება აიძულებს, თავისი თავის და საკუთარი ყოფისა რცხვენოდეთ. თუმცა ბარტისა არ იყოს, გულგატეხილობითა და მოწყენით ვერასოდეს ვერაფერს შევცვლით.
ამიტომ სტატიის დასაწყისში დასმული შეკითხვის პასუხი იქნება: არა! წიგნის მთავარ გმირს გატეხილი მხოლოდ ცხვირი აქვს და არა გული, რადგან ბარტი ის ბიჭია, რომელიც ჭიქას ყოველთვის ნახევრად სავსეს ხედავს და შეუძლია, ბედნიერი მომავლისთვის იბრძოლოს.