არუნდატი როი – სალომე ბენიძის რეკომენდაცია

სალომე ბენიძე
01 ნოემბერი, 2020

მახსოვს, კოვიდ პანდემია ახალი დაწყებული იყო, როცა არუნდატი როის ესე, „პანდემია პორტალია“ გამოქვეყნდა. არ ვიცი, რა მოხდა ჩემს სახლში გამოკეტვისგან სასოწარკვეთილ თავში ასეთი, მაგრამ როი, რომელიც მანამდეც მიყვარდა და დიდ მწერლად მიმაჩნდა, ამ ტექსტმა ჩემთვის სამუდამოდ აქცია „მწარე და ძვირფას“ ავტორად, რომელიც დაუფარავად და უცნაური სილამაზით წერს ტკივილებზე და ამით მოულოდნელი შვება მოაქვს მკითხველისთვის.

პროფესიით არქიტექტორი და შემდეგში – დაუცხრომელი აქტივისტი როი, რომელმაც ლიტერატურისკენ მიმავალ გზაზე კინოინდუსტრიაც გაიარა და აერობიკის ინსტრუქტორის პროფესიაშიც სცადა ბედი, 1997 წელს ბუკერის პრემიის ლაურეატი გახდა წიგნისთვის „წვრილმანების ღმერთი“, რომელიც, ნაწილობრივ, ავტობიოგრაფიულია. ქართველ მკითხველებს გაგვიმართლა, რადგან არუნდატი როის ორი მთავარი წიგნის, „წვრილმანების ღმერთის“ და „უზეშთაესი ნეტარების სამინისტროს“, თამარ ჯაფარიძისეული თარგმანი გვაქვს.

რატომ მიყვარს არუნდატო როი? ის ჩემთვის უაღრესად ფართო ხედვის და საინტერესო ენერგეტიკის მქონე ქალია, რომელიც ხშირად წერს და ლაპარაკობს სხვა ქალებზე, მათზე, ვისაც საკუთარი სიტყვის თქმის საშუალება არასოდეს მისცემია. ის წერს შეუძლებელ სიყვარულზე და ცხოვრებისგან დავიწყებულ ადამიანებზე, და მეც მის ტექსტებს ისე ვკითხულობ, თითქოს წიწაკის მურაბას ვუსინჯავ გემოს – ჯერ ფრთხილად, მერე კი უკანმოუხედავად, ცრემლით და სიამოვნებით.

როი ოცდამეერთე საუკუნის ხმებით და სახეებით აცოცხლებს აღმოსავლური თხრობის საუკეთესო ტრადიციას და ზუსტად იცის, როგორ წაგვაკითხოს ასობით გვერდზე გადაჭიმული გულსაკლავი ამბები თავაუღებლად. ასეთია არუნდატი როი – წვრილმანების ქალღმერთი.

On.ge
მარიამო ჯანელიძე
ანდრო ყირიმელი
ლანა ღოღობერიძე
ლევან ცაგარელი
დათია ბადალაშვილი
შოთა იათაშვილი
ზაზა აბზიანიძე
გუგა მგელაძე
ანა მიქაუტაძე
გუგა მგელაძე
თემუკა ზოიძე