„ამერიკა”

ლევან ძნელაძე
08 ივნისი, 2017

ფრანც კაფკას „ამერიკა“ არასოდეს სარგებლობდა ისეთი პოპულარობით, როგორითაც მისი სხვა ნაწარმოებები. ალბათ ამიტომაც ამ დაუმთავრებელი რომანის ქართული თარგმანი პირველად სწორედ 2017 წელს გამოვიდა და მანამდე არასოდეს უხილავს დღის სინათლე, თუმცა, საბჭოთა მთარგმნელობით სკოლას ამ ავტორის სხვა ტექსტებზე დრო ნამდვილად არ დანანებია.

ლიტერატურის ბევრი მოყვარული „ამერიკას“ ამ ავტორის ყველაზე უფრო ნაკლებად „კაფკასეულ“ ნაწარმოებად თვლის, იქიდან გამომდინარე, რომ დანარჩენ ორ რომანთან შედარებით აქ ნაკლებად დაძაბული გარემო და შედარებით ნაკლებად ჰალუცინოგენური / უფრო რეალური სამყაროა შექმნილი (გარდა ოკლაჰომის თეატრის ამბისა). ასევე, თხრობის მანერა ნაკლებად რთულია და რაღაცით ფილიპ დიკის ადრეულ რომანებსაც კი მაგონებს. თუმცა, მაინც მგონია, რომ ამ ნაწარმოებში არატიპური კი არა, ტიპური კაფკას ხმა ისმის.

ინგლისურ თარგმანში სახელია „Amerika“ და არა „America“ – ეს შემთხვევითი არაა. „Amerika“ ფრანც კაფკას მიერ წარმოდგენილი ამერიკის შეერთებული შტატებია და არა ნამდვილი. როგორც ცნობილია, ის არასოდეს ყოფილა ამ ქვეყანაში და ამას თხრობიდანაც ადვილად მივხვდებით.

და მაინც, როგორია კაფკას ამერიკა? ის უზარმაზარია და შიშისმომგვრელი. კაფკასეულ ამერიკაში ყველაფერი ძალიან დიდია და გადაჭარბებული – გზები, შენობები, ქუჩები, ძეგლები, პოლიტიკოსების გავლენა, ავტორიტეტი და ასე შემდეგ. ამ ყველაფრის ფონზე კი, მთავარი გმირი, მოზარდი კარლ როსმანი ჭიანჭველად მოჩანს.

პირველივე აბზაციდან ვხვდებით, თუ როგორი წარმოდგენა აქვს მწერალს ამ ქვეყანაზე, როცა ის თავისუფლების ქანდაკებას 16 წლის კარლის თვალით აღწერს: „თავისუფლების ქალღმერთის ქანდაკებას ზეაღმართულ ხელში მახვილი ეპყრა და მის გარშემო თავისუფლების ნიავქარი ქროდა“, – წერს კაფკა. სინამდვილეში კი ყველამ ვიცით, რომ ქანდაკებას ხელში არანაირი მახვილი არ უჭირავს (მეეჭვება მწერალს ეს არ სცოდნოდა). თავად ნაწარმოების მთავარი გმირის – როსმანისთვისაა ასეთი დამთრგუნველი ამ მიწაზე ფეხის პირველი დადგმა, რადგან მისთვის ამერიკაში გამგზავრება მშობლების მიერ მოვლენილი სასჯელია კონკრეტული დანაშაულისთვის. კაფკასეულ ამერიკაში თავისუფლების ქანდაკება დამსჯელის როლშია წარმოდგენილი.

მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ჭკვიანი და გონიერი თინეიჯერია, იოზეფ კ-სა („პროცესი“) და კ.-სგან („გოდოლი“) კარლ როსმანი თავისი ნაივურობით განსხვავდება. ეს მის ყველაფრის მიმართ დამოკიდებულებაში ჩანს. გარდატეხის ასაკში მყოფი კარლი ბევრ მოვლენას გულუბრყვილოდ აფასებს, მისთვის სრულიად უცნობ ადამიანებს უსამართლობასთან ბრძოლაში მხარს უჭერს, ისე, რომ თავად საქმის შინაარსს არ იცნობს. ადამიანებს ადვილად ენდობა, მისი მოტყუება ადვილია. გარდა იმისა, რომ მთელი სიუჟეტის განმავლობაში მას ატყუებენ, იყენებენ ან ცდილობენ მაინც მისი ბავშვური ბუნების გამოყენებას, პირველი გვერდიდანვე ვიგებთ, რომ ის საკუთარი ოჯახის მოახლემ შეაცდინა და შემდეგ მისგან ბავშვი გააჩინა. სწორედ ამის გამო დასაჯეს მშობლებმა და ევროპიდან  სხვა კონტინენტზე გაამგზავრეს.

მთავარი გმირი ყველა ეტაპზე ყველასგან მიტოვებული აღმოჩნდება, პირველ მიტოვებას ის მშობლებისგან იწვნევს, რომლებიც, კაფკას სიტყვებით, მას „ამერიკაში უკრავენ თავს“ ერთი ჩემოდნის ამარა. როგორც ჩანს, ის თვლის, რომ მშობლებს მისი მომავალი არ აინტერესებთ. მის პირველ თანამოსაუბრეს გემზე – ცეცხლფარეშს – ის დანანებით ეუბნება: „ახლა შეიძლება მეც ცეცხლფარეში გავხდე, ჩემს მშობლებს არ აინტერესებთ რა გავხდები“. შემდეგი მიტოვება (თანაც უეცარი და აუხსნელი) მისი შემთხვევით შეხვედრილი ბიძისგან – სენატორ ედვარდ იაკობისგან იქნება, რომელსაც, როგორც ავტორი გვიხატავს, ნიუ-იორკში უდიდესი ავტორიტეტი,  გავლენა და ფინანსური რესურსი უნდა ჰქონდეს. ყველასგან მიტოვება და ოჯახის მიერ ადამიანის უგულებელყოფა კაფკას შემოქმედებისთვის უცხო არ არის, თუნდაც გრეგორ ზამზას (ალბათ ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე დეპრესიული მოთხრობის) ამბავი რად ღირს, მაგრამ როსმანი საზიზღარ მწერად არ გადაქცეულა. ის ერთი ჭკვიანი და პოზიტიური თინეიჯერია, რომლის მისატოვებლადაც სერიოზული მიზეზი კაფკას არ მოუცია.

მიუხედავად იმისა, რომ კარლი ფეხის ყველა ნაბიჯზე უსამართლობას აწყდება (მშობლებმა და ბიძამ მიატოვეს, უფროსმა გამოაგდო, ნაცნობებმა მისი მსახურად დაყენება გადაწყვიტეს და წინააღმდეგობის გამო სცემეს, ზოგადად, ადამიანები უხეშად ეპყრობიან,თანაც სერიოზული მიზეზის გარეშე), ის მაინც პოულობს ძალას ფეხზე დასადგომად და ცხოვრების გასაგრძელებლად: ბოროტება და შურისძიების სურვილი მის გულში ფესვებს ვერ იდგამს.

„ამერიკა“ კაფკას პირველი რომანია. ყველა ადამიანის ცხოვრებაში პირველი ნაბიჯები ოჯახიდან იწყება; კაფკამაც გარესამყაროსთან გაუცხოებისა და სიმარტოვის თემაზე წერა  ოჯახური პრობლემების ლიტერატურაში გადმოტანით დაიწყო. ამ ნაწარმოებში მთავარ პრობლემებს სწორედ ოჯახის წევრები ქმნიან. შემდეგ ორ რომანში ის უკვე ბიუროკრატიას, სახელმწიფო მანქანას, ტოტალიტარიზმსა და კოლექტიურ აზროვნებას ეჯახება, სადაც ყველაფერი გაცილებით უარესად არის.

„ამერიკა“ დაუმთავრებელი რომანია და არავინ იცის, თუ როგორ დამთავრდებოდა ეს წიგნი, კაფკას რომ საკუთარ რომანებზე ხელი არ აეღო. დასასრულისკენ მკითხველი ადვილად ხვდება, რომ რამდენიმე თავს შორის დიდი სიუჟტური შუალედია გამოტოვებული. როგორც ჩანს, ავტორი შემდეგ აპირებდა ხაზის გამართვას, ბოლოს კი საერთოდ დაანება თავი.

კაფკასეული ამერიკა ძალაუფლების, უსამართლობის, წინააღმდეგობისა და მორჩილების სამყაროა, თუმცა, მე პირადად წარმოდგენა არ მაქვს, თუ რატომ აირჩია კაფკამ ამ მოვლენების შეერთებული შტატების მიწაზე განვითარება.

ბლოგპოსტი მომზადებულია მაქს ბროდის მეშვეობით და მისი უშუალო მხარდაჭერით. ის შესაძლოა არ ასახავდეს მაქს ბროდის პირად შეხედულებებს.

მიხეილ ციხელაშვილი - ბლოგი
On.ge
მარიამო ჯანელიძე
ანდრო ყირიმელი
ლანა ღოღობერიძე
ლევან ცაგარელი
დათია ბადალაშვილი
შოთა იათაშვილი
ზაზა აბზიანიძე
გუგა მგელაძე
ანა მიქაუტაძე
გუგა მგელაძე