Omnes viae Romam ducunt
ყველა გზა რომში მიდისო, არაერთხელ გვექნება გაგონილი. რომის გაგონებაზე კი ბევრი ჩვენგანის წარმოსახვაში უპირველესად იულიუს კეისრისა და ოქტავიანუს ავგუსტუსის ფიგურები გაიელვებენ. იმ გზების ცენტრში, რომლებიც რომაულმა სამყარომ გაიარა, ნამდვილად კეისარი და ავგუსტუსი დგანან, თუმცა რომის ისტორია მათით არც დაწყებულა და არც დამთავრებულა.
ვერგილიუსის ნარატივი, რომ გმირმა ენეასმა ბერძნების მიერ ტროას კედლების დანგრევისას „მოიპარა“ ქალაქი და ლაციუმში წაიღო, სადაც ღმერთების დახმარებით ახალი ტროა, ანუ რომი დააფუძნა, ბევრად შორეულ წარსულში გადაისვრის რომის საწყისებს. მითებსა და ლეგენდებს შერეული ამბები ნელ-ნელა რეალურ, ნამდვილ ისტორიად იძერწება და თანდათანობით დოკუმენტურადაც შეგვიძლია მივადევნოთ თვალი, თუ როგორ აღიმართებიან გამრჯე გლეხებისა და დისციპლინირებული ჯარისკაცების მონდომებით რომის მაღალი კედლები, როგორ ითვისებენ რომაელები სივრცეს და როგორ გარდაიქმნება მცირე ზომის აგრარული დასახლება ჯერ რესპუბლიკად, ხოლო შემდეგ – სამ კონტინენტზე გაშლილ იმპერიად.
რომაული სამყაროს საფუძვლად დიდი ნიჭი, თავდაუზოგავი შრომა და უზარმაზარი ძალისხმევა დევს. ამის საილუსტრაციოდ მხოლოდ ესეც იკმარებდა: ყველა გზა, რომისკენ რომ მივყავართ, რეალურად რომიდან გამომავალი გზებია, რომაელების მიერ დაგებული. მაგალითად, Via Appia-ს (აპიის გზის) დაგებას არაერთი წელი დასჭირდა და მშენებლობაც რთული საქმე გამოდგა, მაგრამ მისი გავლა დღესაც შესაძლებელია – ცხადია, გაცილებით ნაკლებ დროში, თანაც რთულ კი არა, საინტერესო და სასიამოვნო მოგზაურობად ჩავთვლიდით თითოეული.
რისმაგ გორდეზიანისა და გიორგი უგულავას ავტორობით გამოცემული წიგნი „რომაული ცივილიზაცია“ რომთან დაკავშირებულ ამბებს გვიყვება. ამ წიგნის შინაარსი ისეთივე მასშტაბური და კომპლექსურია, როგორც თავად რომი და რომაული გზები. მისი დაწერაც ხანგრძლივ შრომასთანაა დაკავშირებული და სამძიმო საქმედ ჩანს, თუმცა, ბუნებრივია,
რომაული სამყაროს საფუძვლად დიდი ნიჭი, თავდაუზოგავი შრომა და უზარმაზარი ძალისხმევა დევს. ამის საილუსტრაციოდ მხოლოდ ესეც იკმარებდა: ყველა გზა, რომისკენ რომ მივყავართ, რეალურად რომიდან გამომავალი გზებია, რომაელების მიერ დაგებული. მაგალითად, Via Appia-ს (აპიის გზის) დაგებას
მკითხველს წასაკითხად ბევრად ნაკლები დრო სჭირდება და – გზების მშენებლობისა თუ უზარმაზარი მასალის დამუშავებისგან განსხვავებით – არანაკლებ სასიამოვნო პროცესია, ვიდრე რომის ქუჩებში სეირნობა.
არაერთი წელი დასჭირდა და მშენებლობაც რთული საქმე გამოდგა, მაგრამ მისი გავლა დღესაც შესაძლებელია – ცხადია, გაცილებით ნაკლებ დროში, თანაც რთულ კი არა, საინტერესო და სასიამოვნო მოგზაურობად ჩავთვლიდით თითოეული.
რისმაგ გორდეზიანისა და გიორგი უგულავას ავტორობით გამოცემული წიგნი „რომაული ცივილიზაცია“ რომთან დაკავშირებულ ამბებს გვიყვება. ამ წიგნის შინაარსი ისეთივე მასშტაბური და კომპლექსურია, როგორც თავად რომი და რომაული გზები. მისი დაწერაც ხანგრძლივ შრომასთანაა დაკავშირებული და სამძიმო საქმედ ჩანს, თუმცა, ბუნებრივია, მკითხველს წასაკითხად ბევრად ნაკლები დრო სჭირდება და – გზების მშენებლობისა თუ უზარმაზარი მასალის დამუშავებისგან განსხვავებით – არანაკლებ სასიამოვნო პროცესია, ვიდრე რომის ქუჩებში სეირნობა.
Alme sol, … posis nihil urbe Roma visere maius
მასაზრდოებელო მზევ, არაფერი გეხილოს რომზე დიადი
არის ასეთი ეპიზოდი ჰომეროსის „ოდისეაში“ – ტროას ომის შემდეგ შინისაკენ მიმავალი გზადაგრძელებული ოდისევსი თავის ამბებს ბრმა პოეტისგან, დემოდოკოსისგან ისმენს. დაახლოებით მსგავსი მონაკვეთი გვხვდება ვერგილიუსის „ენეიდაშიც“ – ტროადან გაქცეული ენეასი კართაგენის დედოფლის, დიდოს სასახლეში ნახულობს ტროას ომის ამბებს – კედლებზე ნახატებად შესრულებულთ. რატომ გადაწყვიტა ვერგილიუსმა, რომ ენეასს ეგ ამბები კი არ მოესმინა (როგორც ოდისევსმა ისმინა დემოდოკოსის ნამღერი და არ მოისმინა სირინოზებისა), არამედ ენახა? რატომ აკეთებს აქცენტს ნახატზე, იმაზე, რაც თვალით დაინახვება და არა სიმღერაზე, რაც მოისმინება?
ბერძნულ კულტურაში მეტია მოქნილობა და პლასტიკა. მისი უპირატესი კატეგორიაა დრო –შინაგანობის გამომხატველი დრეკადი და დინამიური ფენომენი. დრო, რომელიც არ ჩანს, მაგრამ თავისი უხილავობის გამო, კიდევ უფრო დიადი და აღმატებულია. სიმღერაც ხომ უპირველესად დროში არსებული და დროით მიმდევრობად მოწოდებული ფენომენია. გაჟღერებული უხილავი სიტყვები გარედან შიგნით მოემართებიან. სმენაც ხომ გარეთ კი არ გასცემს, არამედ გარეგანს იჭერს და შიგნით შემოიყვანს. მოკლედ, თუ ბერძნულ ოდისეაში დროსა და სმენაზე კეთდება მეტი აქცენტი, რომისთვის სივრცე და მხედველობაა უპირატესი –გარეგანი და გაშლა-გაფართოებისკენ მიმართული ფენომენები. დროის პლასტიკური და მოძრავი ბუნების საპირწონედ, სივრცე მონუმენტურია, მყარად დაფუძნებული – აკი რომის ისტორიის მთავარ წიგნსაც „დაფუძნება“ ურევია სახელში – ab urbe condita.
რომი ითხოვს, სხვებმაც შენიშნონ და აღიარონ. ენეასის მიერ კართაგენის კედლებზე ნანახი ნახატები „წინასწარ“ ამხელს რომის მომავალი ექსპანსიის ბუნებას. რომაული არქიტექტურაცა და ლეგიონიც სივრცის სწორად დალაგება-დასახსვრაზეა აგებული. მის აღსაქმელად თვალი უფროა საჭირო, ვიდრე ყური (რომაელი გმირი, ალბათ, ციკლოპ პოლიფემოსსაც არ ამოსთხრიდა თვალს, ხოლო სირინოზებისმაგვარი ხიფათის დროს ყურებს კი არა, თვალებს დაიცობდა). ბერძნულ შინაგანობას რომაული მონუმენტური გარეგანობა გაეჯიბრება, რომელიც გიწვევს, გონება მზერის მეშვეობით ამოგზაურო სივრციდან სივრცეზე, ძეგლიდან ძეგლზე, ნახატიდან ნახატზე. სასიამოვნოა თვალის ეგ ხეტიალი რომაულ „ოთახებში“ და რეალურად არცაა ხეტიალი – რაკი სივრცე და ნაგებობები ისეა მოწესრიგებული, რომ თითოეული „ოთახი“ თვითკმარად აღიქმება, შეგიყოლიებს, მაგრამ არ დაიკარგები. ანალოგიურ პრინციპზეა აგებული რისმაგ გორდეზიანისა და გიორგი უგულავას ავტორობით გამოცემული წიგნიც. მის ფურცლებზე მოგზაურობის პროცესი სასიამოვნოა, შედეგი კი – სასარგებლო. ამასთან, თითოეული ქვეთავი ავტონომიურად იკითხება – მოგზაურობა სასურველი „უბნიდან“ შეგვიძლია დავიწყოთ. ნებისმიერი თემატიკით დაინტერესებული მკითხველი ამ წიგნში თავისთვის საინტერესოს იპოვის – ისტორია იქნება ეს თუ სამართალი, ლიტერატურა, ფილოსოფია თუ ორატორული ხელოვნება, მითოლოგიური და რელიგიური წარმოდგენები თუ ფესტივალები და თამაშები, ეკონომიკა თუ ტრანსპორტი და ლოჯისტიკა, რომაული განათლების სისტემა თუ უბრალო ყოველდღიური ცხოვრება – მდიდარი და ღარიბი მოსახლეობის თანაცხოვრებითა და კონტრასტით.
Non omnis moriar multaque pars mei vitabit Libitinam
მთლიანად არ მოვკვდები, ჩემი მრავალი ნაწილი დაუსხლტება სიკვდილს
წელს, აგვისტოს თვეში გარდაიცვალა დიდი ქართველი მეცნიერი რისმაგ გორდეზიანი. „რომაული ცივილიზაცია“ მისი გარდაცვალების შემდეგ რამდენიმე კვირაში გამოქვეყნდა. რისმაგ გორდეზიანს უფრო ელინისტად ვიცნობთ და საქართველოში მისი სახელიც ბერძნულ კულტურასთან ასოცირდება, თუმცა, ცხადია, რომისგანაც არ ყოფილა შორს და მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საქართველოში რომაული კულტურის კვლევის საქმეში. და მაინც, ქართულ ენაზე არცთუ ისე ბევრი სამეცნიერო (ან თუნდაც სამეცნიერო-პოპულარული) წიგნი მოგვეპოვება, რომაულ ცივილიზაციას რომ ეხებოდეს. ამ თემაზე თანამედროვე სტანდარტებით დაწერილი ქართულენოვანი ლიტერატურის სიმწირის გათვალისწინებით, კიდევ უფრო დიდი ფასი ედება ავტორების გაწეულ ძალისხმევას. წიგნი სანდო მეგზური იქნება იმ ტიპის მკითხველისთვის, რომელიც ახლა იწყებს რომაული სამყაროს შესწავლას – რაკი მოკლედ, მაგრამ ყველა მნიშვნელოვანი დეტალის გათვალისწინებით გვაცნობს რომის ტოპოგრაფიულ, გეოგრაფიულ და ფიზიკურ მახასიათებლებს, წერილობით წყაროებს რომის ისტორიის შესახებ, რომისა და კავკასიის ურთიერთობას, რომაული საზოგადოების სტრუქტურასა და ქალების როლს მასში, დემოგრაფიას, გზებს, ტრანსპორტს, ქალაქთმშენებლობასა თუ სხვა მნიშვნელოვან თემებს. ნაშრომი საგულისხმო დახმარებას გაუწევს მათაც, ვისაც გარკვეული აკადემიური ცოდნა აქვს რომის შესახებ. გარდა ცალკეული თემების ანალიზისა, ამ ტიპის მკითხველს განსაკუთრებით დააინტერესებს წიგნზე დართული ბიბლიოგრაფიული შენიშვნები, რაც კარგი ორიენტირი შეიძლება იყოს რომთან დაკავშირებული ამა თუ იმ საკითხის უფრო დეტალურად შესასწავლად.
მე მქონდა შესაძლებლობა, მცირე ხნით რისმაგ გორდეზიანის სტუდენტი ვყოფილიყავი. ჩემი აზრითაც, იგი ძველი ბერძნული კულტურით უფრო იყო შეპყრობილი, მაგრამ პიროვნულ თვისებებში საკმარისად ჰქონდა რომისეული კვალი – მხოლოდ ადმინისტრირების მისეული უნარიც გამოდგება ამის ძლიერ არგუმენტად. ერთი სიტყვით თუ დავახასიათებდი რისმაგ გორდეზიანს, ავარჩევდი სიტყვას „მასშტაბური“ (ანდა, როგორც თავად უყვარდა თქმა „ვეებერთელა“) – ცოდნით, გავლენით… მართალია, რომის შესახებ იმდენივე ნაწერი არ დაგვრჩენია ბატონი რისმაგისგან, რამდენიც საბერძნეთზე, მაგრამ მხოლოდ ნაწერები ხომ არაა საქმე?! მას უამრავი მოსწავლე დარჩა. მისი მოსწავლეებისგან (წიგნის თანაავტორი გიორგი უგულავა სწორედ ერთ-ერთი მათგანია) ქართველ მკითხველს რომის შესახებ სხვა ნაშრომების მოლოდინი უნდა ჰქონდეს. ხსენებული წიგნის შემდეგ, ეგ საქმე არ უნდა იყოს მძიმე, რაკი მძიმე რომის წინ არის და არა რომის შემდეგ.