გლოვა და სიყვარული
სალი რუნიმ 7 წელიწადში 4 რომანი დაწერა. ეს ძალიან ძნელი საქმეა, მითუმეტეს თუ გამოუცდელი ავტორი ხარ, რომელიც შთაგონებას უახლოეს გარემოცვაში და ყოველდღიურ ამბებში ეძებს. საერთოდ, იშვიათია მწერალი, რომელიც მიყოლებით რამდენიმე საშუალოზე უკეთესი რომანის დაწერას ახერხებს. სალი რუნის ბოლო ორი რომანის შემთვევაში ორი ძალიან კარგი ტექსტის დაწერა გამოუვიდა. მეტიც, თუ მისი შემოქმედების გაცნობას „ინტერმეცოთი“ დაიწყებთ, არ გეცოდინებათ რომ ეს ახალგაზრდა ირლანდიელი ქალი, სულ ახლახანს დებიუტანტი ავტორი იყო.
„ინტერმეცო“ დიდ ბრიტანეთში 2024 წელს გამოვიდა და ქართულ ენაზე სულ ახლახანს, ქეთი ჩართოლანის მიერ (და არაჩვეულებრივად) ითარგმნა. რომანმა წინამორბედების – საუბრები მეგობრებთან, ჩვეულებრივი ადამიანები, მშვენიერო სამყაროვ, სად ხარ? (სამივე რომანი გამოცემულია სულაკაურის გამომცემლობის მიერ, მთარგმნელი: გურამი ღონღაძე) – მსგავსად მსოფლიო მკითხველების დიდი ყურადღება გამოსვლიდან ძალიან მალევე დაიმსახურა.
„ინტერმეცო“ ამ ავტორის ყველაზე სრულყოფილი, კომპლექსური და ისევ ძალიან ფაქიზი ტექსტია. სალი რუნის ეტყობა, რომ ყველა წინა დაშვებულ შეცდომაზე ისწავლა და მხატვრულ ნაწარმოებში მისთვის უჩვეულო და ზოგადად, ერთ-ერთ ყველაზე რთული ადამიანური გამოცდილების – გლოვის – ასახვის რთულ ამოცანას შეეჭიდა. გლოვას, როგორც ადამიანის სიყვარულს, როგორც მისი კარგვის უკურნებელ ტკივილს და როგორც ამ პროცესიდან ხელახლა დაბადებას.
„ინტერმეცოში“ ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ძმა, პიტერი და აივენი გლოვასთან გამკლავებას სასიყვარულო ურთიერთობებში ჩაძირვით და ერთმანეთთან საერთო ენის პოვნით ცდილობენ. ამ პროცესში არაფერია მარტივი, ცალსახა და ერთგანზომილებიანი. საერთო ტკივილთან ერთად, ძმების ყოველდღიურობაში შემოდის ისეთი კომპლექსური საკითხები, როგორიცაა უთანასწორობა, უსამართლობა, ავადმყოფობა, სიფხიზლის სირთულე, ამას ემატება ერთმანეთისთვის ვერაფრით ნაპოვნი სწორი დრო და სიტყვები.
სალი რუნი რთული და აბსტრაქტული იდეების ყოველდღიურ რუტინაში თარგმნის დიდოსტატია. ის ახერხებს, რომ საფიქრალი, რომელიც ერთი შეხედვით ზედაპირული ჩანს, მრავალშრიანი მსჯელობის ლაბირინთად აქციოს და ამ თავგადასავალში მკითხველი ისე შეიტყუოს, რომ მისთვის ტექსტისგან თავის დასხლტომა შეუძლებელი გახდეს.
ალბათ, სწორედ მისი ამ სამწერლო თვისებების გამო იკითხა The Guardian-ის ავტორმა რომანის გამოსვლიდან მალევე: გეგულებათ უკეთესი მოქმედი მწერალი, ვიდრე სალი რუნი?