ხუან რულფო
მექსიკელი მწერალი, სცენარისტი და ფოტოგრაფი ხუან რულფო 1917 წელს დაიბადა. სან-გაბრიელში ცხოვრებისას ადრეულ ასაკში გაეცნო ბიბლიოთეკას, რომელიც მათ ოჯახში ინახებოდა და სამუდამოდ დაამახსოვრდა ეს წიგნები. ზოგი მკვლევრის აზრით, მისი ცხოვრებისეული მოწოდება ნაადრევმა დაობლებამ განსაზღვრა, თუმცა არ ითვალისწინებენ, რამხელა ზეგავლენა ექნებოდა ზემოთ ხსენებულ წიგნებთან ნაადრევად ზიარებას მის შემოქმედებით საქმიანობაზე.
გვადალახარის უნივერსიტეტში ვერ ჩააბარა, რადგან ეს უკანასკნელი გაფიცვის გამო დახურული იყო, ამიტომ გადაწყვიტა, მეხიკოში გადასულიყო საცხოვრებლად. მოგვიანებით, ხელოვნების ისტორიის კურსებს ესწრებოდა, როგორც თავისუფალი მსმენელი და საფუძვლიანად შეისწავლა მექსიკის ისტორია, ანთროპოლოგია და გეოგრაფია, რაც კარგად აისახა მის ლიტერატურულ ნაწარმოებებსა და ფოტოებში.
მიუხედავად იმისა, რომ მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა ერთი რომანისა და მოთხრობების ერთი კრებულისაგან შედგება, ხუან რულფომ უდიდესი გავლენა იქონია ბევრი მწერლის შემოქმედებაზე და დღემდე მიიჩნევა შემოქმედად, რომელიც „გამაოგნებელი სიღრმით ჩასწვდა მექსიკის სინამდვილეს“.