ჯო საკო
ჯო საკო (დაბ. 1960) კომიქს-ლიტერატურის თანამედროვე კლასიკოსად მიიჩნევა.
ბევრი ლიტერატორისთვის იგი გრაფიკული ჟურნალისტიკის უმთავრესი პიონერი და ჟანრის განმსაზღვრელია.
ორეგონის უნივერსიტეტში ჟურნალისტის დიპლომის მიღების შემდეგ საკო ბეჭდურ მედიაში იწყებს მუშაობას, მალევე მშობლიურ მალტაზე გადაცხოვრდება და იქაური ინგლისურენოვანი ჟურნალის რედაქტორი ხდება. ადრეული ხმელთაშუა ზღვის მიგრანტთა კრიზისის ფონზე, საკო იწყებს თავისი კომიქსების გამოქვეყნებას. სწორედ ეს პერიოდი განსაზღვრავს მის ლიტერატურულ ფენომენს.
გვიან 1980-იანებში იგი ლოს-ანჯელესში ბრუნდება და The Comics Journal-ის რედაქტორი ხდება, თუმცა ინტერესებთან თანკვეთის მიუხედავად, საოფისე სამსახური მისთვის დიდ მოწყენილობად გადაიქცევა. ჟურნალისტური სიმართლის საძიებლად იგი 1991 წელს, პირველი ინტიფადას პერიოდში, საკუთარი სახსრებით პალესტინას მიაშურებს. რამდენიმე თვის განმავლობაში, იგი ადგილობრივებთან ცხოვრობს სხვადასხვა პალესტინურ ქალაქებში და იწყებს მათი ყოველდღიურობის აღწერას. ამ დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით კი ქმნის 300-გვერდიან ჟურნალისტურ კომიქსს “პალესტინა”, რომელიც წლების განმავლობაში კიდევ 15-ჯერ დაიბეჭდება, ითარგმნება ათობით ენაზე და გადაიქცევა კიდეც კომიქს კლასიკად.
მას შემდეგ ჯო საკო გრაფიკული ჟურნალისტიკის ჟანრში ქმნის და აქვეყნებს არაერთ მნიშვნელოვან წიგნს, რომელიც ასახავს სამხედრო თუ ჰუმანიტარულ კატასტროფებს ბოსნიასა და ჩეჩნეთში, ღაზასა და ერაყში, ინდოეთსა და ჩრდილო-დასავლეთ კანადაში.
პირად გამოცდილებებსა და ინტერვიუებზე დაფუძნებულ დოკუმენტურ პროზას ჯო საკო ამდიდრებს თავისი დინამიური და ექპრესიული – ფრანცისკო გოიას, ოტო დიქსისა და რობერტ კრამბის სტილით შთაგონებული ილუსტრაციებით. მისი საბოლოო ნამუშევრები კი წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებენ როგორც ლიტერატურის ასევე მხატვრობის მოყვარულებზე.
ჯო საკოს როლი მსოფლიო ლიტერატურაში უდიდესია და მისი შემოქმედების დამფასებლებს შორის არიან: მარგარეტ ეტვუდი, მარჯან სატრაპი, ჯონ ბერგერი, ედვარდ საიდი, არუნდატი როი, არტ შპიგელმანი, ალან მური, სალმან რუშდი, დონ დელილო და კიდევ უამრავი დიდი ლიტერატორი.
სხვადასხვა ნაშრომისთვის მიღებულ აურაცხელ ლიტერატურულ პრემიას შორის, გამოსარჩევია:
ამერიკული წიგნის პრემია (1996)
აისნერის პრემია (2001, 2010, 2025)
Time Magazine-ის პრემია (2000)
ანგულემის საერთაშორისო კომიქსების ფესტივალის პრემია (2011)
ჯო საკო ასევე არის გუგენჰაიმის სტიპენდიანტი და ლიტერატურის დოქტორი.