ერნესტ ჰემინგუეი
ერნესტ ჰემინგუეი 1899 წელს ოუკ-პარკში, ილინოისში დაიბადა. მისი სამწერლო კარიერა 1917 წელს კანზას–სიტიში დაიწყო. პირველი მსოფლიო ომის დროს მოხალისედ ჩაეწერა ამერიკულ წითელ ჯვარში და ჯარის სამედიცინო ნაწილის მანქანის მძღოლი იყო იტალიის ფრონტზე. მძიმედ დაიჭრა, იტალიის მთავრობისგან საბრძოლო მედლები მიიღო და სამშობლოში დაბრუნდა.
1921 წელს პარიზში დასახლდა. იქ გერტრუდ სტაინის გარშემო შემოკრებილი ექსპატრიანტების წრეში მოხვდა ფრენსის სკოტ ფიცჯერალდთან, ეზრა პაუნდთან და ფორდ მედოქს ფორდთან ერთად. მისი პირველი წიგნი, „სამი მოთხრობა და ათი ლექსი“, 1923 წელს პარიზში გამოქვეყნდა, რასაც მალევე მოყვა მოთხრობების კრებული „ჩვენ დროში“ – მისი ამერიკული დებიუტი. 1926 წელს გამოცემულმა რომანმა „აღმოხდება მზე“ ჰემინგუეი არა მხოლოდ „დაკარგული თაობის“ ხმად აქცია, არამედ თავისი დროის ერთ-ერთ გამორჩეულ მწერლადაც. ამას მოყვა 1927 წელს დაწერილი „კაცები ქალების გარეშე“. ჰემინგუეი ამერიკაში დაბრუნდა. 1929 წელს კი იტალიური ფრონტის გამოცდილებების ექოდ „მშვიდობით, იარაღო!“ გამოსცა.
1930-იან წლებში ჰემინგუეი ჯერ კი–უესტში, შემდეგ კი კუბაზე ცხოვრობდა. პარალელურად ბევრს მოგზაურობდა – მოინახულა ესპანეთი, იტალია, აფრიკის ქვეყნები. ამ მოგზაურობათა გამოძახილია 1932 წელს გამოცემული მისი ტრაქტატი კორიდაზე „სიკვდილი ნაშუადღევს“ და 1935 წელს, სპორტულ ნადირობაზე – „აფრიკის მწვანე ქედები“. მოგვიანებით ესპანეთის სამოქალაქო ომის რეპორტიორად მუშაობდა, რისი შედეგიცაა შესანიშნავი ნაწარმოებია „ვისთვის რეკს ზარი“. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე მწერალმა საკუთარი იახტა „პილარი“ სათანადო შეიარაღებით აღჭურვა აშშ-ის მთავრობის თანხმობით და კარიბის ზღვაში მტრის წყალქვეშა ნავების აღმოსაჩენად რეგულარულ პატრულირებას ეწეოდა.
მისმა ყველაზე პოპულარულმა ნაწარმოებმა, „მოხუცი და ზღვა“, 1953 წელს პულიცერის პრემია დაიმსახურა, ხოლო 1954 წელს ჰემინგუეის ნობელის პრემია გადაეცა „მისი ძლიერი, თხრობის ხელოვნებაში სტილის ჩამომყალიბებელი ოსტატობისთვის“.
ჰემინგუეი ამერიკული მოთხრობისა და რომანის ფორმის განვითარებაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ავტორია. ამერიკელი ხალხის წარმოსახვა მის დარად მეოცე საუკუნის სხვა ვერცერთმა მწერალმა ვერ შეძლო. მის ცხოვრებას ადრეული ასაკიდან გასდევდა ტრაგიზმი და მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მძიმე პრობლემები, რაც მისი ბიოგრაფიის მოკლე მიმოხილვისას ხშირად გამორჩებათ.
ერნესტ ჰემინგუეიმ 1961 წელს, კეჩუმში (აიდაჰო), თავი მოიკლა.