უნდა ჰგავდე იმ ბავშვს, რომელსაც აინტერესებს, რამდენად ცხელია ღუმელი
ინტერვიუ მიხეილ ციხელაშვილთან
ესაუბრა დალილა გოგია
„ტანჟერული სიზმარი“ მიხეილ ციხელაშვილის მეტაფიქციური რომანია, რომელიც თავის თავში უამრავ ამბავს ატარებს. ამ წიგნს ვუწოდებდი საკმაოდ თამამ, თანამედროვე ქართული რომანებისგან მკვეთრად განსხვავებულ ტექსტს, რომელიც სიყვარულის, ან, როგორც ავტორი უწოდებს, შეყვარების ამბავს მოგვითხრობს. აგვისტოს ერთ ცხელ დღეს ქალაქ ტანჟერის ლეგენდარულ “კაფე ბაბაში“, ორი ახალგაზრდა, რეზი და სინთია გადაეკვეთება ერთმანეთს, მათ შორის გაჩენილი სიახლოვე კი, გულწრფელ, ზოგჯერ სულელურ საუბრებში, მუსიკის მოსმენასა და დაუღალავ სექსში გამოვლინდება. რეზისა და სინთიას ისტორიის პარალელურად, ვეცნობით ამ ამბის შემქმნელ, ეგომოუთოკავ მწერალ ვანოს, რომელსაც მიაჩნია, რომ რეზისა და სინთიას ურთიერთობაში ყველაფერი მის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. აღსანიშნავია, რომ თავად ქალაქი ტანჟერიც პერსონაჟად გვევლინება და სხვა გარემოებებთან ერთად, ისიც განაპირობებს ისტორიის მიმდინარეობას. მკითხველი თვალს ადევნებს როგორც წიგნის წერის შიდა სამზარეულოს, ასევე პერსონაჟების ტრანსფორმაციას, მათ ამბოხს ამბის მიმართ და ამ ამბის საკუთარ ჭკუაზე მორგების მცდელობას. რომანის ფინალი მკითხველს, შეიძლება ერთდროულად მოულოდნელადაც მოეჩვენოს და ლოგიკურადაც, რაც მას აუცილებლად დააბრუნებს წიგნთან და ისტორიის გაგრძელებაზე დააფიქრებს.
რატომ დაწერე ეს წიგნი?
პირველ რიგში, იმიტომ, რომ “ტანჟერული სიზმრის” წერა თვითთერაპიული პროცესი იყო. მინდოდა ჩემს ემოციურ მეხსიერებას ფორმა მიეღო ჯერ ტექსტის, შემდეგ კი ფიზიკურად, წიგნის სახით. რაღაცნაირად, გადასარჩენადაც მჭირდებოდა, რადგან გამოწვევებით სავსე პერიოდში იწერებოდა და თავშესაფარი ხდებოდა ხოლმე ეს ტექსტი.
გამოწვევებში რას გულისხმობ?
კოვიდი ახალი მოდებული იყო, როცა დასაწერად დავჯექი. მალევე საცხოვრებლად გადავედი პორტუგალიაში. ადგილის ცვლილებამ კიდევ უფრო გაამძაფრა ნებისმიერი გამოწვევა – პირადი ცხოვრების, სამსახურებრივი, მენტალური ჯანმრთელობის, სოციალიზაციის… ვხედავდი, თუ რამდენი რამ მქონდა აღმოსაჩენი თუ გადასაფასებელი ჩემ თავში და გარემოში. წერის პროცესი დიდი აღმოჩენების ფონზე მიდიოდა.
რთული პროცესი იყო? რამდენი ხანი წერდი?
ჯამში ოთხი წელი. პირველი დრაფტი დავწერე ასე შვიდ თვეში 2020 წელს. მაშინ უკვე ვიცოდი, რა უნდა დამეწერა, სად დამეწყო და სად დამესრულებინა. ეს დრაფტი მჭირდებოდა, რომ ამბის ხერხემალი დამენახა. მალევე დაიწერა მეორე დრაფტიც, მაგრამ ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი. მერე დადგა 2021 წლის ზაფხული, როდესაც ძალიან ინტენსიურად დავიწყე მესამე დრაფტზე მუშაობა; დღეში ხუთი საათი მაინც ვწერდი. დედლაინიც დავუთქვი თავს – სექტემბერში ვაპირებდი გადასვლას სანტარემის რეგიონიდან ქალაქ პორტუში, მანამდე მოკლე მოგზაურობაც დავგეგმე და სანამ წავიდოდი, უნდა დამესრულებინა. კი მოვასწარი მაგრამ ამ მოგზაურობის დროს, მოხდა ისე, რომ ერთ-ერთ სასტუმროში რამდენიმე ლოქერი გატეხეს, მათ შორის ჩემიც და მომპარეს ლეპტოპი. დავრჩი ტექსტის გარეშე, რადგან დღემდე ვერ გამოვიმუშავე ჩვევა, ტექსტები დრაივზევე ვწერო. საკუთარ თავს ვაბრალებ იმას, რომ დრაფტი, რომელზეც ყველაზე ინტენსიურად ვიმუშავე, დავკარგე და დავრჩი ძველი ვერსიის ანაბარა.
ურთულესი გადასატანი ამბავი გამოდგა, თუმცა რეტროსპექტიულად რომ ვუფიქრდები, ალბათ, ასე იყო საჭირო – გლოვის ეს პროცესი უნდა გამომევლო. მე მაინც ვიცოდი, რომ ამ რომანს დავწერდი. მომდევნო თვეები ბევრს ვფიქრობდი ტექსტზე, მსგავსი პაუზები დამეხმარა პერსონაჟები უფრო დიდ სიღმეებში ჩამეყვანა. 2022 წლის გაზაფხულზე ისევ მივიბრუნდი და მომდევნო დრაფტი ასევე ინტენსიური ჩაჯდომის შემდეგ, 4-5 თვეში დავასრულე. მაშინ კი გამიჩნდა განცდა, რომ მეთქი ეგაა, მოვრჩი, მაგრამ ერთი თვის შემდეგ ისევ დამიწყო გულში ჭიამ ღრღნა, ვგრძნობდი რაღაც მაინც აკლდა, რაღაც კიდევ იყო მოსაფიქრებელი.
ეს დრაფტი წავაკითხე ჩემს რედაქტორს, ნინო გოგალაძეს და გამომცემელ თინა მამულაშვილს. ძალიან სახალისოა, რომ, როგორც ველოდი კიდეც, გამომცემელს შენიშვნა გამომცემლის პერსონაჟის შესახებ ჰქონდა – სულ სხვა ტიპად მყავდა დახატული მაგრამ მერე ცოტა შევცვალე გამომცემლის პროფილი.
რაღაც მომენტში დამკრა თავში იდეამ თუ როგორ უნდა ყოფილიყო ბარტისეული ავტორის სიკვდილი ტექსტში. მომხიბლა ამ იდეის ფორმამ თუმცა მაინც, ვიდრე ამ ეპიზოდის წერას დავიწყებდი, კიდევ დიდხანს ვიფიქრე, თავში ვამუშავებდი; კლასიკური იდეაა და ჩემგან ასეთ არაკლასიკურ გადაწყვეტას ჯერ თავში უნდა ეერთგულა. მაშინ წერა დაპაუზებული მქონდა, მაგრამ ტელეფონში სულ ვიწერდი ხოლმე შენიშვნებს. საბოლოოდ, როცა დადგა დრო, ტელეფონში გაკეთებული ჩანაწერები დამემუშავებინა, აღმოვაჩინე, რომ 25 000 სიტყვას აჭარბებდა ეს ჩანაწერები. წარმოიდგინე, 25 000 სიტყვისგან სულ არ შედგება ჩემი მეორე წიგნი.
სწორედ ამ მომენტში ვიგრძენი საბოლოო მზაობაც; მქონდა განცდა, რომ, აი ახლა, ამ დრაფტით მართლა ბოლომდე მივიყვანდი რომანს. წამოვედი თბილისში, ჩავიკეტე ოთახში და ვწერე და ვწერე. ვიღვიძებდი და ეგრევე საწერად ვჯდებოდი. სხვათა შორის, მიშელ უელბეკი რომ იყო თბილისში ჩამოსული, მას ვკითხე წერის რუტინის შესახებ და მირჩია, წერა უთენია დაიწყე; ვიდრე ძილ-ბურანიდან გამოხვალ, შხაპიც კი არ მიიღო და არ გამოფხიზლდე, ეგრევე დაჯექი ტექსტთანო. ჩემზე იმუშავა მიშელის ამ რჩევამ. ასე დაიწერა წინა წიგნი “შრომა, გურია” და მეტწილად “ტანჟერული სიზმარიც”. 2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის თებერვლამდე ჩემთვის არაფერი არსებობდა წერის გარდა, არც ახალი წელი, არც შობა და დაბადების დღეები და სხვა რამ და მოკლედ რომ ვთქვა, ბოლომდე მივუძღვენი თავი.
მიგაჩნია, რომ ამ წიგნით თქვი ის, რაც თანამედროვე ქართულ მწერლობაში აქამდე არავის უთქვამს?
ახალი და უთქმელი რა ვთქვი ეგ მკითხველმა და ლიტერატორებმა გადაწყვიტონ. მე არ მადარდებს! ჩემთვის მნიშვნელოვანი ის უფროა, რომ მე ვთქვი ის, რისი თქმაც მინდოდა და სათქმელს ისეთი ფორმა მოვუძებნე, როგორიც საუკეთესოდ მოერგებოდა. მნიშვნელოვანია, რომ დავწერე ისეთი წიგნი, როგორის წაკითხვაც სულ მინდოდა ქართულ ლიტერატურაში და არასოდეს წამეკითხა.
თანაც, თუმცა მხოლოდ ჩემი თავისთვის ვწერდი, მაინც მქონდა განცდა, რომ ბევრ თანამოაზრეს ვიპოვიდი ტექსტის, როგორც ჩემი ერთი მეგობარი აფასებს, ბრუტალური გულახდილობის გამო; სუბიექტური რომანი იწერებოდა, სადაც თავს უფლებას ვაძლევდი ისე გამერეკა, როგორც მომინდებოდა – ლიტერატურა გაძლევს ამის საშუალებას. სუბიექტურობა ძვირფასი რამაა; იმის გააზრება, რომ შენსავით ვერავინ უყურებს სამყაროს, რომ შენნაირი მიმართება სამყაროსადმი სხვას არავის აქვს.
როგორია შენი დამოკიდებულება თანამედროვე ქართულ ლიტერატურასთან?
ძალიან მიყვარს. ჩვენი დროის ალბათ ყველა მნიშვნელოვანი მწერლის ერთი ტექსტი მაინც წამიკითხავს და მგონია რომ 70-იანების შემდეგ საუკეთესო მომენტი გვიდგას. მართალია ბოლო წლებში ცოტა დავშორდი, იმ პრაქტიკული მიზეზის გამო, რომ აქ აღარ ვცხოვრობ, ციფრულად კითხვა კი არ მიყვარს, მაგრამ სულ ვაბარებდი მეგობრებს, ჩამოეტანათ ჩემთვის საინტერესო ავტორების ახალი წიგნები – თამთა მელაშვილის, ივა ფეზუაშვილის, თემო რეხვიაშვილის…
ეს წიგნი რით განსხვავდება როგორც შენი წინა ტექსტებისგან ასევე სხვა თანამედროვე ქართული რომანებისგან?
ჩემი გადმოსახედიდან, საქართველოში ძირითადად იწერება სოციალური დრამა. ეს თითქოს გახდა ქართული ხასიათი. ამას შენიშვნად ან დამაკნინებლად არ ვამბობ, ჩემი წინა წიგნებიც ამ ჟანრთან იკვეთება და შემდეგ რომანსაც ვიცი სოციალური დრამას დავწერ. მაგრამ “ტანჟერულ სიზმარში” მინდოდა მეჩვენებინა, რომ გარდა იმისა, რომ ჩვენ აქ ასე ვცხოვრობთ, სახე გვეხევა და სულ ასეთ ტკივილებში ვართ, ახალგაზრდები ვართ და მაინც ვცოცხლობთ, ვგრძნობთ გარემოს, სისხლი გვიდუღს, გვიყვარდება, მუსიკას ვუსმენთ, შეცდომებს ვუშვებთ, ვჭორაობთ, ვსულელობთ, გასაზიარებელ ემოციებისა და განცდებს ვეძებთ. სწორედ ეს ხდება ჩემს წიგნში. ეს ძიება არ არის ფონი, წინა პლანზეა და განსაზღვრავს ჩვენს პიროვნებას. მხოლოდ კრიზისი და ტრაგედია ხომ არ ქმნის პერსონაჟს, არამედ, სიხარულიც, აღმაფრენა, თანაგანცდა, მისი პოვნის სურვილი და მიღება. მინდოდა მეთქვა, რომ ყველა კრიზისის მიუხედავად, ჩვენ ვართ, ვარსებობთ, გვიყვარს, ამით ვძლებთ, ეს გვაძლებინებს.
ჩემს წინა ორ წიგნში სხვადასხვა სტილის სამწერლო ენაა, შინაარსთან შესაბამისი. “ტანჟერული სიზმარიც” ასევე განსხვავდება მათგან. წერის დაწყებამდე ბევრს ვფიქრობდი რანაირად მომეთხრო ამბავი, ამ პოპ-სტილში ვერ ველეოდი იმას, რომ სამწერლო ენაც უნდა გამეპოპებინა. ჰოდა, ვეცადე შემემუშავებინა ერთგვარი ჰიბრიდი პოპ და პოეტური ენის. სხვანაირად უნდა მეფიქრა პარალელური თხრობების გადმოცემაზე, მქონოდა სხვადასხვა სახელოვნებო ჟანრების ინტეგრირება ან ალუზიები მათზე. თუმცა, წინა წიგნებისგან უპირველესად სათქმელით განსხვავდება: „ტანჟერულ სიზმარში“ პერსონაჟები ჩემი თანამედროვეები და თანატოლები არიან, მათ აქვთ იგივე განცდები, რა განცდებსაც მე ვატარებ. გასაგებია, რომ მუდმივად კოლექტიურ გამოცდილებაზე არ ვდგავართ, მაგრამ ცხოვრების მილენიალური აღქმა-გამოცდილება მაინც უნიკალური მგონია. ამიტომაც ჩემთვის ამოცანა იყო ის, რომ მეფიქრა მილენიალურ ტკივილებზე, რაც მე და ჩემს მეგობრებს თუ სხვა ძვირფას ადამიანებს განგვიცდია. არ მინდოდა ეს ყურადღების მიღმა დარჩენილიყო, მითუმეტეს მაშინ, როცა პირადადაა განცდილი ყველა პერსონაჟი. ეს მგრძნობელობა მგონია ყველაზე მნიშვნელოვანი, რისთვისაც მე, როგორც ავტორი უნდა ვიხარჯებოდე. ტექნიკა და ერუდიცია დასწავლადი რამაა, განცდის ამოცნობას და გაზიარებას სულ სხვა ძალისხმევა სჭირდება.
მგრძნობელობა ახსენე და მოდი ამაზე ვისაუბროთ. ტექსტს ეტყობა მგრძნობელობა, მისი ერთ-ერთი განმაპირობებელიც კია. შენი მიზანი იყო ემოციური გარემოს ასე მოურიდებლად წარმოჩენა თუ თავისთავად გამოვიდა ასე?
ბევრს ვფიქრობდი ტკივილზე თუ სიხარულზე, როგორც გამოვლენილ შეგრძნებებზე. მოდი, არ მოვერიდები და გეტყვი, რომ ქართულ ლიტერატურას, განსაკუთრებით კი კაცების ნაწერ ლიტერატურას, ჩემთვის აკლია მგრძნობელობა და ეს მე ყოველთვის მაწუხებდა; აკლია ეს ტკივილის რეალური აღწერა; ნებისმერი ჭრილობიდან წამოსული სითხე გტკივა და სისხლი იქნება ეს, ცრემლი თუ სხვა რამ, ის იწვევს განცდას ფიზიკური ტკივილის მიღმაც. ის აღწერები კი რაც მე წამიკითხავს მეტისმეტად ზედაპირული რჩება იმიტომ, რომ მეტწილად ვიწროდ მასკულინურია და თავშეკავებული. ისევე შეკავებული როგორც კაცის ტირილი. ვერ ვხვდები რანაირად მივედით იმ მოცემულობამდე, რომ თითებზე ჩამოსათვლელად გვაქვს ასეთი განცდით სავსე ტექსტები, მაშინ როცა ჩვენი ლიტერატურის ისტორია პირდაპირ დგას სევდით მოცულ, მგრძნობიარე ადამიანებზე. ავთანდილის ანდერძი როგორი “vulnerable” ტექსტია! “დავითიანი” როგორი “vulnerable” ტექსტია! როგორ ვეცნობით ტარიელს? ტირის! რამდენი ქაჯიც არ უნდა მოკლას ტარიელმა, ვერასოდეს იტყვი რომ ის პირველ რიგში კუნთმაგარი, კბილებდაკრეჭილი “მარტოხელა მგელია“. ის წყლის პირას ჩამომჯდარი მტირალი შეყვარებული ბიჭია და არაა არც ეს შეყვარება და არც მის გამო ტირილი დასამალი. ჰოდა, მეც მინდა, რომ ქართულ ლიტერატურაში კაცები უფრო მეტად და ცხადად მგრძნობიარეები იყვნენ. ავტორები თუ არა, პერსონაჟები მაინც არ ერიდებოდნენ ტკივილს, იცოდნენ რომ სქელი კანი არ აქვთ და ეს სულაც არაა ტრაგედია. პირიქით, ეს ძალაა და მინდა, რომ გამოავლინონ განცდები, როგორც ძალა. გამბედაობა დღეს სწორედ ისაა, რომ ისეთ მკაცრად პატრიარქალურ გარემოში, როგორიც საქართველოა, კაცები არ ერიდებოდნენ საკუთარი მოწყვლადი მხარის კვლევას, საკუთარ შიშებსა და ტრავმებზე საუბარს, საკუთარი ფემინური მხარის კვლევას და ა.შ.
ეგ ნაკლები მგრძნობელობა იქნებ სწორედ პატრიარქალური საზოგადოების ბრალია?
მერე რა?! ეგ არ გათავისუფლებს ვალდებულებისგან, იკვლიო საკუთარი თავი მწერალმა, რომელსაც გაქვს სურვილი, გამოხატო თავი. მე მჯერა, რომ კაც მწერლებს აქვთ მგრძნობელობა ბევრ საკითხზე, მაგრამ ტექსტებში ამას იშვიათად ავლენენ. ძალიან მყარია პატრიარქატის ნაჭუჭი თუ ჩარჩო, და აუცილებლად უნდა გაარღვიო და გახვიდე გარეთ. მწერალი მოურიდებელი უნდა იყო, თავშეკავებით არაფერი გამოვა.
ამ საკითხის მეორე მხარე ისაა, რომ ამ განცდის გადმოცემის პარალელურად ტექნიკა შეიძლება იკარგებოდეს და ხშირად დამრჩენია ზოგიერთი ტექსტის კითხვისას განცდა, რომ სწორედ გამართული სამწერლო ტექნიკის გამო აკლია მარილი ბევრ ტექტს.
ცრემლის მარილი?
ზუსტადაც.
სიუჟეტის განვითარებასთან ერთად, შენს პერსონაჟებს უფრო და უფრო ნაკლებად ეტყობათ თავშეკავება. რაზე ააგე ისინი? შეიძლება მათ შეხვედრა დავარქვათ ერთი ნახვით შეყვარება?
შეყვარებაზე მეტად ალბათ მიზიდულობაა. შეყვარება პროცესია, ჩემს წიგნში ეს ერთ წამში არ ხდება; ჩემთვის მთავარი არის პროცესი იქ, სადაც პერსონაჟებისთვის დრო ლიმიტირებულია. მინდოდა ეს ყოფილიყო შეთანხმების მიღწევა იმაზე, რომ „ჩვენ ვართ თანამოაზრეები“ ეროტიკული მიზიდულობის პირობებში. მათ უჩნდებათ სიახლოვის განცდა, და სურვილი, რომელსაც თავს მიანდობენ.
ერთმანეთს ენდობიან?
რა თქმა უნდა. ნდობის გარეშე შეუძლებელია. მეორე თავში, როდესაც ისინი ფაქტიურად, ხელს აწერენ იმაზე, რომ მოდი, ვიდრე აქ ვართ, ვიყოთ ერთად, სინთია ეუბნება, რომ შეიძლება რაღაც მომენტში ყველაფერი გააფუჭოს, რეზი ამაზეც თანახმაა. შეთანხმების ნაწილია, რომ სცენარის ყველა შესაძლო განვითარებისთვის მზად უნდა იყო. გამბედაობაა, როცა აღიარებ, რომ შენს თავს რაღაც სერიოზული ხდება და უშვებ, რომ შეიძლება არ აღმოგაჩნდეს ამ დროს წარმოშობილი ემოციების ან სიტუაციის მართვის რესურსი, მაგრამ მაინც ღიად ხვდები ამ ემოციებსა და სიტუაციებს.
ჩემი ორივე პერსონაჟი მიმნდობია სამყაროსადმი; სწორედ ამიტომ თანხმდებიან, რომ ერთმანეთთან თავს გამოხატავენ და დააკვირდებიან თუ რა ფორმას მიიღებს ეს გამოხატვა, მათ შორის სხეულებრივ დონეზე.
ფიქრობ, რომ დღეს ეს ეპოქის ნიშანია, რომ ადამიანები მიდრეკილები არიან მარტოსულობისკენ და ახლობელ ადამიანებს მარტივად კარგავენ?
ამაზე ადრეც მიფიქრია და პასუხი ხან მაქვს „კი“, ხან „არა“. არ არის მხოლოდ ადამიანის ტიპზე დამოკიდებული, მოცემული მომენტიცაა გასათვალისწინებელი. ვფიქრობ, რომ მეტისმეტად რომანტიზებულია მარტოობა ჩემს თაობაში. ჩემხელები და უფრო ახალგაზრდები ატრიალებენ ტარკოვსკის ციტატებს, რომ მარტოობაზე მნიშვნელოვანი არაფერია, რომ ტანჯვა უნდა შეგეძლოს, ბლა-ბლა-ბლა. კი ბატონო, ამაზე არ ვდაობთ, მაგრამ ხშირად ჩვენ მხოლოდ პოზა გვაინტერესებს როგორც ტანჯვაში, ისე მარტოობასა და მარტოსულობასში. ამიტომაცაა, რომ როცა შენი ინტელექტუალი ავტორიტეტები ამდენს და ასე გესაუბრებიან ამ თემაზე, მხოლოდ თანაგრძნობას კი არ პოულობ მათ სიტყვებში, არამედ ამ სიტყვებიდან იმ ფორმულასაც ქმნი, რომ მარტოობა არის cool; რომ მარტოობით გაძლიერებულს შეგიძლია პედესტალიდან უყურო დანარჩენებს. აი, მანდ მისვლაა ჩემთვის კოშმარი. თუ კომფორტს პოულობ მარტოობაში, მაშინ რთულად უშვებ ადამიანს შენს საზღვრებში, რადგან კომფორტის დათმობა მარტოობაზე გაცილებით რთულია.
ტარკოვსკის მეორე მხარეს დავაყენებდი გენიალურ პასტორსა და მომღერალს სოლომონ ბარკს, რომელიც პანკმაც კი აითვისა. ის მღერის, რომ „მარტოსულობა დროის ფლანგვაა”. სადღაც ამის დაშვებაც უნდა გქონდეს მარტოობისას. ადამიანი სოციალური არსებაა და სჭირდება, რომ გვერდით ჰყავდეს სხვაც, თუნდაც, “ჯოჯოხეთი – ეს სხვაა” ჰქონდეს თავიდან ბოლომდე გააზრებული და განცდილი.
თუკი კითხვას რომანიდან გამომდინარე მისვამ, გეტყვი, რომ სინთიამაც და რეზიმაც, საკუთარ გამოცდილებებზე დაყრდნობით მიიღეს გადაწყვეტილებები. რა გამოცდილებაა, სწორი გადაწყვეტილებები მიიღეს თუ არა, ამის კატეგორიზაცია მკითხველმა აიღოს თავის თავზე. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წიგნის ყოველ გვერდზე არის ეროტიკული მიზიდულობა და ის ბევრ რამეს განსაზღვრავს. ამას ვერ დავტოვებთ ვერცერთი ეგზისტენციალური ტკივილისა თუ მსჯელობის მიღმა.
ეს მიზიდულობა მთავარი მოტივაციაა?
სიყვარულია მოტივაცია. სწრაფვა შეყვარებისკენ. უნდა გინდოდეს, რომ გიყვარდეს. სხვანაირად ჩანასახშივე ჩაკვდება ყველანაირი ვნება.
ისტორიის მწერალ ვანოსაც ეგ მოტივაცია აქვს?
კი. წიგნის ყველა პერსონაჟისთვის სიყვარული არის მოტივაცია. ვანოს აქვს მოტივაცია – ჰქონდეს ფურცელზე ის სიყვარული, რომელიც არ აქვს რეალურ ცხოვრებაში.
თუმცა, ის თავის ეგოს ვერ აბიჯებს.
ვერა, გამოუცდელია. დებიუტანტია მწერლობაშიც და სიყვარულშიც. სიყვარულში და მისკენ სწრაფვაშიც კი დიდი ჭიდილი მიდის ეგოსთან. ასევეა წერის პროცესშიც. რეზი და ვანო დიდი თრიგერები გამოდგებიან ერთმანეთისთვის.
ამიტომაც გამოდის, რომ ეს არის კლასიკური მითი – აჯანყება შემოქმედის წინააღმდეგ.
რა თქმა უნდა. რეზი პანკია, მას სურს თავად იყოს საკუთარი ბედის მმართველი და ვერ ეგუება ვერცერთ მონაკვეთს ცხოვრებაში, რომელსაც თავად არ მართავს. ის განუდგება მამას, როცა აღმოაჩენს, რომ მამა განაგებს მის ისტორიას, განუდგება ტექსტს, ამბავს, რომელიც არ არის მისი დაწყებული ამბავი, მას კი გონია, რომ თავად დაიწყო, მაგრამ არ ვართ დარწმუნებულები რომ ეს ასეა…
წიგნი გაჯერებულია სექსის სცენებით, რაც ცოტა უჩვეულოა ქართული ტექსტისთვის. ამის შესახებ რა გამოხმაურება ჰქონდა ტექსტს?
მივიღე როგორც აღფრთოვანებული შეფასებები ამ ეპიზოდებზე, ასევე კრიტიკაც. ბევრს ეუხერხულებოდა თურმე წაკითხვა. მეუბნებოდნენ, რა საჭიროა ან ამდენი სექსი, ან ამის დაწვრილებით აღწერაო. რა გითხრა აბა?! რას ჰქვია რა საჭიროა?! შეყვარებაა. ორ ადამიანს თუ ასე იზიდავს ერთმანეთი, ასეთი სიახლოვე აქვთ, რატომ არ უნდა დაწერო?!
არ მომერიდება იმის თქმა, რომ მე ყველაზე კარგი სექს-სცენები მაქვს თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში. ამას ჰაერზე არ ვამბობ. მე გამოვიმუშავე მგრძნობელობა ამის აღქმის და გადმოცემის მიმართ. წლების წინ, როდესაც გამომცემელ-რედაქტორად ვმუშაობდი, უამრავ ტექსტს ვკითხულობდი, გამოქვეყნებულს თუ გამოუქვეყნებელს. 50-დან 49 ტექსტში სექსის სცენებში ან ჭყიოდა მიზოგინია და ვიწროდ პორნოგრაფიულ ჭრილს არ ცდებოდა აღწერა, ან სექსი აღქმული და წარმოჩენილი იყო, როგორც ემოციური განცდა. თითქოს ამ ორს შორის არაფერი არსებობდეს! ჩემთვის კი მნიშვნელოვანია სხეული და მისი იმპულსი და ინსტინქტი. ის ელექტრობა, რომლის გამტარი არის ჩვენი სხეული ეროსის დროს. ერთმანეთს რომ ვეხებით, ტვინში ეხება ორი რაღაც ერთმანეთს ჩვენი ნერვებით და ნეირონებით, და მერე ეს ჩვენს მზერას, ღიმილს, ერთმანეთისადმი აღძრულ განცდებს განაპირობებს. აი, ეს ელექტრული სისტემა არ მინდოდა დამრჩენოდა შემონახვის გარეშე.
წიგნში ბევრი პოეზიაცაა. რას იტყვი ზოგადად, პოეტურ გონზე?
პოეტური გონი მნიშვნელოვანია, პირველ რიგში იმისთვის, რომ გადარჩე, და მეორე, არ დაკარგო ღიაობა სამყაროს მიმართ. ჩვენ სამყარო გვარწმუნებს, რომ გადასარჩენად, აუცილებელია, იყო მგელი, კბილები უნდა გქონდეს დაკრეჭილი. ჩემთვის პირიქითაა – მგონია, რომ მგლობით მე მოვკვდები. თუ სამყარო ჭრილობას მოგაყენებს და მერე ამ ჭრილობას შენი ღიაობით და მიმღებლობით უმკურნალებ, უფრო ძლიერი ხარ, უფრო მეტად ინტერესდები ნამდვილი განცდებით და იმუნური ხვდები მომდევნო ჭრილობებსაც. მე მჯერა, რომ მუდამ უნდა ჰგავდე იმ ბავშვს, რომელსაც აინტერესებს რამდენად ცხელია ღუმელი და გასაგებად მიდის რომ ხელი დაადოს. ნაცვლად ამისა კი ჩვენ რაღაც ნაჭუჭს შემოვიკრავთ დამცავ გარსად, რომ სამყარომ ჭრილობა არ მოგვაყენოს. რეალურად კი არ არის ეს გარსი დამცავი, რაღაც გაუგებარი კომფორტის და ბუტაფორიული დაცულობის ზონაა, რითაც ისხლიტავ ყველაფერს, რამაც შესაძლოა გატკინოს და გაგრძნობინოს ცხოვრება. პოეზია ამ გარსის, ამ ნაჭუჭის გაბზარვაში და სამყაროსთან ღიად ყოფნაში გეხმარება. მე ვგულისხმობ ზოგადად პოეტურ გონს, და არა პოეზიას, როგორც მხოლოდ ლიტერატურულ ფორმას. მე სამყაროს მიმართ პოეტური მიდგომა რთული პროცესების გადატანაში დამეხმარა. პოეზია როგორც ლიტერატურული ფორმა კი, დამეხმარა, როგორც მკითხველს. თანაც, პოეზია სხარტი რამაა – გეუბნება, სულ ერთი წუთი დამითმე, შანსი მომეციო. ერთ წუთს კი ყველას მისცემ, გაქანებული ADHD-ს ფონზეც კი შეძლებ მასზე კონცეტრირებას. ამიტომაც მგონია, რომ ჩვენს თაობას დღეს სასიცოცხლოდ სჭირდება კიდევ უფრო მეტი პოეზია. “ტანჟერული სიზმრის” წერისას გავაათმაგე პოეზიის კითხვა და თარგმნა. ვკითხულობდი რონ პეჯეტს, ენ სექსტონს, ბიტნიკებს, დიკინსონს, ელიოტს, ხარანაულს…
ქართველ პოეტებზე რას იტყვი?
მიყვარს რამდენიმე მათგანი. პორტუგალიაში თან მქონდა ორი ქართული კრებული – ანდრო დადიანის „განსაწმენდელი“ და პაატა შამუგიას „არგადარჩენა“. პაატას წიგნი საერთოდაც სამაგიდო წიგნად მექცა. მეგონა, რომ ჩემი ალტერეგო მეჯდა გვერდით და ჩემზე მიყვებოდა.
პოეზია ბევრია იმ მუსიკაშიც, რომელიც სულ ისმის “ტანჟერულ სიზმარში”. მუსიკით გინდოდა, მუსიკალური ფონი შეგექმნა თუ სხვა რამ გქონდა მიზნად?
მუსიკა ჩემთვის არასოდეს ყოფილა მხოლოდ სახელოვნებო ჟანრი, ის იყო ყოველთვის ჩემი მეგობარი და თავშესაფარი – როგორ პათეტიკურადაც არ უნდა ჟღერდეს ეს. მუსიკის გარეშე მე ვერ გადმოვცემდი ორი მუსიკოსის თავს დამტყდარ ამხელა ემოციის მქონე ამბავს. ამის მცდელობაც კი ჩემგან დიდი ტყუილი იქნებოდა.
აკუსტიკური გარემო ჩვენზე მოქმედებს ძლიერად, ყველაფერს თავისი ბგერა აქვს – ქალაქს აქვს თავისი მუსიკა, საუბარს, სექსს, პროტესტს, მოსმენის სიჩუმეს აქვს თავისი მუსიკა… არის მოუწესრიგებელი და მოწესრიგებული ბგერების ერთობლიობა და ის მარტო სიმღერებში და მუეძინთა ლოცვებში არ ისმის. ყველა კუთხეშია დამალული. ეს ორი პერსონაჟი კი, რომელთაც გამძაფრებული მგრძნობელობა აქვთ მუსიკის მიმართ, და შეიძლება სუნთქვასაც კი მუსიკად აღიქვამდნენ და ბგერებს სამყაროსგან მინიშნებად მიიჩნევენ, საკუთარი თავის გამოხატვის ფორმად მუსიკასაც ირჩევენ. თანაც, ორი ადამიანი ხომ მჭიდროდ შეკავშირდება, თუ მათ ერთმანეთის მუსიკა იზიდავთ?!
პირადი დამოკიდებულებაცაა: მე მიჭირს დაკავშირება იმ ადამიანებთან, რომლისთვისაც მუსიკა მხოლოდ გართობაა. როცა ჩემში ბგერა ამხელა ემოციებს აღძრავს, ვერც ჩემი წიგნის გმირები დარჩებიან გულგრილები. სინთია, გარკვეულ ემოციურ მდგომარეობაში სიმღერის ფრაზებს სხვანაირად აღიქვამს. მეც მქონია ასეთი მომენტები. ალბათ შენც გქონია, რომ მიდიხარ, უსმენ სიმღერას და უცებ ისეთი ფრაზა წამოვა, რომელიც იმ დროს ძალიან გჭირდება. ამ დროს შვებით ამოისუნთქავ, თითქოს კოსმოსი ლაგდება, თითქოს სამყარო გეუბნება, რომ მარტო არ ხარ; სადღაც ოკეანის გადაღმა გრძნობს ვიღაც დაახლოებით იგივეს, რასაც შენ ახლა, ამ წამს.
და მოცემულიც გაქვს მუსიკის ჩამონათვალი. ალბათ ეს არის მკითხველთან კავშირი, ერთიანობა მასთან, არა?
მინდოდა მკითხველისთვის შემეთავაზებინა პლეილისტი. არის ამაში რაღაც რომანტიკული. მე მიყვარს გაზიარება. ამ წიგნით ამხელა სიყვარულს, ემოციურ მეხსიერებას ვუზიარებ სხვებს და შეუძლებელი იქნებოდა არ გამეზიარებინა მუსიკა.
თუმცა წიგნის ვიზუალური კონცეფცია სულ ბოლოს მოვიდა – ამაზე წერისას არ ვფიქრობდი. თანაც ჩვენში ხომ მიიჩნევა რომ კარგად გამოცემული, საინტერესო კონცეფციის წიგნი აპრიორი შინაარსსა და საკითხის სიღრმეში მოიკოჭლებს?! შეიძლება აქვს ამას თავისი მიზეზიც, მარკეტინგს მაინც და მაინც არ უნდა ენდო, ოკეი, გასაგებია. სწორედ ამიტომ იყო, რომ პირველ რიგში მე ლიტერატურულად ღირებულ ტექსტს ვუყურებდი, სანამ ბოლომდე არ გამაწურინა თავი ტექსტმა, მანამდე არ მოვიდა კონცეფცია. დაიწერა და ამის მერე მივეცით წიგნს კასეტის ფორმა. მგონია, რომ ძალიან მოუხდა, შეკრა თემები, თანაც, მილენიალური მომენტიც იგრძნობა – ფიზიკური, არაციფრული კულტურის მომენტი.
აი, ახლა რას მოასმენინებდი მკითხველს, რომელ ბენდებს ან სიმღერებს?
ქართული მუსიკიდან ელენე ფიფიას, იგივე Eleon-ის ალბომს Ada Cosma.
არაქართულიდან მოდი ირლანდიელი პანკ-როკერების Fontaines D.C.-ს ახალი ალბომი Romance იყოს.
აი, კიდევ ერთხელ ახსენეთ პანკი. ის, რომ რეზი პანკია, წიგნში გარდამტეხ როლს თამაშობს. მთავარი კონფლიქტები სწორედ მისი პანკობის გამო ვითარდება წიგნამდე თუ წიგნის წერის პროცესშიც. რატომ არის ეს კულტურა შენთვის და შენი პერსონაჟებისთვის მნიშვნელოვანი?
პანკი არის ნედლი, უმი, დაუვარცხნელი კულტურა. ეს არ არის მხოლოდ მუსიკა, ეს არის მიდგომა ცხოვრებისადმი განსაკუთრებით მაშინ, როცა სადღაც ქვემოთ ხარ, ფსკერთან და ყვირი სათქმელს. ყვირი იმიტომ, რომ გააგონო, სხვანაირად ვერავის მიაწვდენ ხმას. ამიტომაც უნდა იყო ხმაურიანი, ჟღერადი, იოგების დაწყვეტა შეიძლება მოგიწიოს, უნდა გადაფარო სხვა ხმები. პანკი ჩემთვის ასევე არის ბრძოლისუნარიანობა, ძალა იმისა, რომ შეაწუხო ის, ვისაც დაჩლუნგებული აქვს მგრძნობელობა ბევრი რამის მიმართ, სამაგიეროდ აქვს მართვის ძალაუფლება. ამ დროს შენი ძალაუფლება გამოიხატება სწორედ შეწუხებაში.
ახლა მახსენდება მაიკ მილსის ფილმში “მეოცე საუკუნის ქალები” ორი თინეიჯერი როგორ ასმენინებს დედას რომელიღაც ძალიან მჟღერ, დრაივიან სიმღერას, ზუსტად ვერ ვიხსენებ რომელი ბენდისას. დედა ეკითხება, კი მაგრამ თქვენც ხომ ხვდებით რომ დაკვრა არ იციანო?! ან კი დავიჯერო თავად ვერ ხვდებიანო?! გრეტა გერვიგის პერსონაჟი კი გულიდან ეპასუხება, რა თქმა უნდა ხვდებიან, მაგრამ მთავარია რომ განიცდიან, მერე რა რომ ნიჭი არ აქვთო. განა უფრო საინტერესო არაა, რომ შენი განცდის გადმოცემის ვნება იმაზე დიდია ვიდრე იმ უნარების ათვისება, რომ რაღაც ინსტრუმენტით დახვეწილად, ლამაზად თქვა შენი სათქმელიო?! ესაა პანკი.
რეზის პერსონაჟიც პანკია – ის ვერ მოათვინიერა ფულის შოვნამ, რადგან მისი ოჯახი მაშინ გამდიდრდა, როცა რეზის ეს უკვე ნაკლებად ეხებოდა. ის მოალბო, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ მოათვინიერა ტრაგედიამ და განშორებათა მთელმა სერიამ, ბევრ შესაძლო ვარიანტში. არ მინდა ახლა პერსონაჟის ბოლომდე ახსნა მომიწიოს, მაგრამ მისთვის ნორმალიზებულია განშორება, და თანაც ის მოქმედებს ინტუიციით და წყურვილით – განაგებდეს საკუთარ ბედს, – ჰოდა სადაც გაუვა, ადგება და ჯანყდება, ჩაფლავების არ ეშინია; უჯანყდება ავტორსაც და წიგნის წერის პროცესსაც; მას ეს პანკური ძალაუფლება აქვს და, აი, ამას ვერ ეგუება მწერალი ვანო, რომელსაც ჰგონია რომ პერსონაჟებზე თავად აქვს სრული ძალაუფლება.
ვინც მუსიკის ისტორიას კარგად იცნობს, მიხვდება, რომ მათი დაპირისპირების ყველაზე კრიტიკულ ეპიზოდში დამატებითი კაიფი მიდის პროგ-როკისა და პანკ-როკის დაპირისპირებითაც. სხვადასხვა ოთახში სხვადასხვა მუსიკა ისმის. ერთგან ყველაზე დახვეწილი ჟანრი როკ მუსიკაში, მეორეგან – ყველაზე დაუხვეწავი.
ბოლოს მოდი ტანჟერზეც ვისაუბროთ. როგორ მოხვდი ამ ქალაქში?
ტანჟერში ნამყოფი ვარ ყველა შესაძლო გზით – გემით, თვითმფრინავით, ავტობუსით, მატარებლით – და ყველა გზა იყო დასამახსოვრებელი. პირველი მოგზაურობისას მაროკოში ვცხოვრობდით სულ ძველი მედინას გალავანს შიგნით. როცა ტანჟერისკენ დავიძარით, ყველამ, ვისთან ერთადაც ვიყავი, გადავწყვიტეთ, რომ მედინაში კი არა, ამჯერად მედინასთან ახლოს გავჩერებულიყავით, გალავანს გარეთ. სხვათაშორის, ვცხოვრობდით ლიბერტეს ქუჩაზე, და ეს მდებარეობა ძალიან კარგი გამოდგა ქალაქში ნავიგაციისთვის. უნდა ვთქვა, რომ დიდი აღმაფრენა დამიტოვა ტანჟერმა, ძალიან დიდხანს გამყვა ეს განწყობა.
ტანჟერს აქვს დიდი და მდიდარი ისტორია. ის თავის დროზე იყო ინტერზონა, აქ თავს იყრის არა მხოლოდ შიდა აფრიკული, არამედ არაბული, ამერიკული და ევროპული ემიგრაციის დიდი ნაწილი, პლიუს ამას ესპანურ-ფრანგული კოლონიალისტური განწყობები, რომელიც თანაარსებობს ძალიან მძლავრ ბერბერულ კულტურასთან. ამ ბერბერული კულტურის გამოა, რომ მგონია, აქ დასავლური კულტურა დაჩაგრულია, არ შესწევს გაბატონების ძალა.
აქვს კი ეს ამოცანა დასავლურ კულტურას?
რატომაც არა?! სადაც კი შედის კოლონიალისტური რეჟიმი, ყველგან უნდა ბოლომდე გაბატონება. მაგრამ ყველგან ეს ვერ ხერხდება. დიდ ქალაქებში ეს არაბული კაპიტალიზმის გავლით ხდება, რაც იმხელა საუბრის თემაა, რომ მთელი კვირა შეგვიძლია ვისხდეთ და ვერ ამოვწურავთ. მაგრამ ამ საუკუნეების განმავლობაში ნაშენებ არაბულ-აფრიკულ კულტურებს, განსაკუთრებით კი მთისას, გაცხადებული გენოციდის გარეშე ვერ მოსპობ.
კი ვთქვი, რომ დასავლური და არაბული კაპიტალიზმი თავისას შვება დიდ ქალაქებში, მაგრამ ამის ფონზეც კი ტანჟერს შენარჩუნებული აქვს თავისი საწყისი. ბუნებრივი ელფერი არ აქვს დაკარგული და გაქვს განცდა, რომ ეს ქალაქი არის პერსონა თავისი გამოცდილებით, თავისი თავაშვებული წარსულით, დაშვებული შეცდომებით, იარებით და ამის დაფიქსირება იქ ყოფნის დროს არის მართლაც საოცარი შეგრძნება. ეს ადამიანურობა ჩემთვის სახელშიც ჩანს. ძალიან მიყვარს სიტყვა “ტანჟერი” და მისი ეტიმოლოგია.
მოკლედ გვიამბე.
ფინიკიურ ენაზე, “ტენჟა” ნიშნავს შეხებას, მიღწევას. ფინიკიელებისთვის ტანჟერი სავაჭროდ მნიშვნელოვანი ადგილი იყო, სადაც აღწევდნენ ადვილად. ჩემთვის სასიამოვნოა იმაზე ფიქრი, რომ ტანჟერი დღემდე რჩება მისაღწევ ტერიტორიად, ამიტომაცაა რომ ამერიკელი, რომელიც კვეთს ოკეანეს, ეხება ტანჟერს; ევროპელი რომელიც ტოვებს ევროპას, აღწევს ტანჟერს.
აქვე გვაქვს ძველი ბერძნული მითიც: პოსეიდონისა და გეას შვილი იყო უძლეველი გიგანტი ანტეოსი, რომელიც ჩრდილოეთ აფრიკაში ცხოვრობდა. მისი ცოლი იყო ტინგა/ტინჟა. ანტეოსი ზღვისა და მიწის ღმერთების შვილი იყო, რის გამოც, მიწაზე ყოველთვის მყარად ედგა ფეხი და ვერავინ ამარცხებდა, სანამ დღევანდელი ტანჟერის მიდამოებში არ გამოჩნდა ჰერაკლე, აიტაცა იგი ცაში და დაამარცხა. მერე დაისვენა ტანჟერის სანაპიროზე და თორმეტი გმირობის გასაგრძელებლად მოიკრიბა ძალა. ტინჟამ თავისი დამარცხებული ქმრის სადიდებლად დააარსა ეს ქალაქი. ანტეოსის მითი ბერბერებისთვისაც მნიშვნელოვანია იმით, რომ ჰყავთ გიგანტი, რომელიც მყარად დგას მიწაზე. ეს მითი გადავიდა მათ ლეგენდებშიც. ტინჟა მგლოვიარე დედოფალი და ქალღმერთი გახდა მათთვისაც. ერთ-ერთი ვერსიით ქალაქი სწორედ მის სახელს ატარებს. მითოსი, დამარცხება, შეხება, დასვენება… უხდება ეს ყველაფერი ტანჟერს.
ტურისტებსაც ეს იზიდავს?
ტურისტებს ალბათ იზიდავთ ავთენტური გარემო და ის ფაქტი, რომ ევროპასთან ასე ახლოს არსებობს მძლავრი არაბულ-აფრიკული კულტურა. ეგზოტიზაციის მაინც ვერ ვცდებით ტურიზმისას; თუმცა მე არ მაინტერესებს ამ თვალით დანახული ტანჟერი. ამიტომაც იყო, რომ წერის პროცესში კიდევ წავედი ქალაქში, მეორედ უკვე ზღვით მივადექი და მხოლოდ ტანჟერში დავრჩი, აღარ გავსულვარ მაროკოს სხვა ქალაქების სანახავად. ჩანაწერებს ვაკეთებდი, სახეებს, ხმებს ვიმახსოვრებდი. ეს კომპონენტები ქმნის ჩემთვის ქალაქს – ვიზუალური და აკუსტიკური ელემენტები, სუნი, ადამიანებს შორის კომუნიკაციის ფორმები, ადამიანებისა და არქიტექტურის კომუნიკაცია… ტურისტული ქალაქი მე არ მაღელვებს. ამიტომაც ვიწერდი უფრო მეტად განცდის დონეზე, რადგან აღწერა არ არის საინტერესო, აღსაწერად ხომ გუგლითაც შეგიძლია მიადგე ქალაქს?! როცა ძლიერი განცდა გეუფლება, უნდა გამოიჭირო ეს განცდა, ერთი-ორი წინადადებით ისე უნდა ჩაიწერო, რომ შემდეგ ის ემოციები გაგახსენდეს და წერის პროცესში იქნებ ხელახლაც განიცადო.
შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ქალაქი, რომელსაც თავისი ღირსების გრძნობა აქვს?
კი, ძალიან ღირსეულად უჭირავს თავი. ასე რომ არ იყოს, არც მიიზიდავდა ამდენ ხალხს, განსაკუთრებით ჩემთვის ძვირფას და შთამაგონებელ ადამიანებს – მარკ ტვენს, უილიამ კარლოს უილიამსს, ბიტნიკებს, ჯიმ ჯარმუშს, პოლ ბოულზს – რომელიც საბოლოოდ ვთარგმნე კიდეც ქართულად… ასე რომ არ იყოს არ მიიზიდავდა არავის, რადგან ტანჟერი არ არის ის ქალაქი, სადაც ყოველდღე ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებ, არც ეიფელის კოშკი აქვთ, არც კოლეზიუმი…
შენ გარკვეულწილად აგრძელებ ქალაქის პარსონაჟად ქცევის სახელგანთქმულ ტრადიციას. პირველად საიდან გაიგე, რომელ მწერალთან თუ რეჟისორთან გადააწყდი ტანჟერს?
ალბათ ჯარმუში იყო პირველი. მისი ფილმი „მხოლოდ საყვარლები გადარჩებიან“ იყო პირველი, რამაც ტანჟერი ჩააბუდა ჩემში. ეს ფილმი, რომელიც აგრძელებს ტანჟერის მითოსურ ტრადიციას, ძალიან მიყვარს და ეს რომანშიც იგრძნობა. მაგრამ მე არ ჩავსულვარ ტანჟერში, როგორც ამ ფილმის ქალაქში. მე მაროკოში მოგზაურობა მქონდა დაგეგმილი და ტანჟერი ერთი რიგითი ელემენტი იყო ამ გეგმაში. წასვლამდე მხოლოდ ის ვიცოდი, რომ „ჯარმუშის მოზაიკა“ იყო იქ. მე შევარქვი ასე, თორემ მას აქვს თავისი არაბული სახელი. ამიტომაც ჩემზე ჯერ ქალაქ ტანჟერმა იმოქმედა, და მერე დავიწყე მისი შესწავლა, როგორც კულტურის, თუ ალტერნატიული კულტურისა და მიზიდულობის ცენტრის. მე თავად აღმოვაჩინე ჩემი ტანჟერი.
წყარო: ქართული მწერლობა