თაობათაშორისი ტრავმის ანატომია: დაგლას სტიუარტის „შაგი ბეინი“
შოტლანდიელი მწერლის, დაგლას სტიუარტის სანახევროდ ავტობიოგრაფიული რომანის, „შაგი ბეინის“ განსაკუთრებულობაზე ხაზის გასასმელად ხშირად ამბობენ, ეგ ის წიგნია, „ბუკერის“ პრემია რომ მიიღოო. მაგრამ თავისთავად ეს ფრაზა ვერცერთ წიგნზე დიდი ვერაფრის მთქმელია — განსაკუთრებით კი ისეთ „არანორმალურზე“, როგორიც უსაზღვრო სიყვარულისა და უსაზღვრო ტკივილის დამტევი „შაგი ბეინია“.
რომანის სათაური, „შაგი ბეინი“, ერთი შეხედვით, შეცდომაში შემყვანიც შეიძლება გვეჩვენოს, რადგან თხრობის დიდი ნაწილი ამ პატარა, გლაზგოელი ბიჭის პერსპექტივიდან სულაც არაა დაწერილი. რომანი ერთგვარი სპექტაკლია, რომლის განმავლობაშიც ბეინ-კემპბელების სამთაობიანი ოჯახის სხვადასხვა წევრი მონაცვლეობით იკავებს სცენის ცენტრში ადგილს და თავის სამყაროში გვახედებს, საკუთარ წილ ტკივილს გვიზიარებს, თვალს თვალში გვიყრის და ჩივილს იწყებს, თითქოს ამ გზით ცდილობსო ტრავმების მოშუშებას. თუმცა მათი ეს ერთგვარი მონოლოგები, რომელთა ინტიმურობასაც სტიუარტი ისე გადმოსცემს, რომ მესამე პირში თხრობის ერთგული რჩება, ყოველთვის შაგი ბეინის თანდასწრებით ითქმის.
შაგი მუდმივად სცენაზეა — ხან უკან, კულისებთან ახლოს, ხანაც სულ მთლად სცენის შუაში, პროჟექტორების ქვეშ. იმიტომ რომ ოჯახის ყველა წევრის ისტორია მისი ისტორიაცაა. ეს წიგნი იმ თაობათაშორისი ტრავმის მოგზაურობის ამბავია, რომლის ბოლო გაჩერებაც ოჯახის ნაბოლარას, პატარა შაგის გული და გონებაა.
თაობათაშორისი ტრავმა იმ ტიპის მტკივნეულ გამოცდილებას აღნიშნავს, რომელიც მისი უშუალოდ გამომცდელისგან მომდევნო თაობებს გადაეცემათ. ეს ან მშობელთა ქცევით შექმნილი გარემოს ზეგავლენით ხდება, ანდაც ბავშვები წინა თაობების ტვირთს პირდაპირ სხეულებრივად, ეპიგენეტიკური მექანიზმებით იკიდებენ საკუთარ მხრებზე.
რომანში თაობებს შორის ამგვარი ტრაგიკული გადაჯაჭვულობა არსად ისე თვალსაჩინო არაა, როგორც ერთ სევდიან, სრულიად უტყვად გათამაშებულ სცენაში. ბებია ლიზი, დედა აგნესი და პატარა შაგი ბაბუის სასიკვდილო სარეცელთან სხედან და ოჯახის თავის გარდაუვალ სიკვდილს ელიან: „სამი თაობის წარმომადგენლები დიდხანს ისხდნენ ჩუმად, ხელიხელჩაკიდებულები და ერთი ჯაჭვის რგოლებივით გადაბმულები. […] აგნესმა ჯემპრის სახელოდან ტუალეტის ქაღალდის ნაგლეჯი გამოაძვრინა, ცრემლები მოიწმინდა და ქაღალდი დედამისს გადააწოდა. ლიზიმაც მოიწმინდა ცრემლები და ქაღალდი ახლა შაგის გადასცა. შაგიმ ქაღალდი ისე მოკეცა, ტუშის ლაქები და წირპლები შიგნით რომ მოექცია“.
დიახ, შაგის ტუშისლაქებიანი, წირპლიანი ქაღალდის ნაგლეჯივით გადაეცემა სხეულით სატარებელი ტრავმა. ინერტული, მსმელი ბებია-ბაბუა, გალოთებული, ემოციურად მოძალადე დედა, ოჯახის მიმტოვებელი, ბოროტმოქმედი მამა და დამცავი მექანიზმების ჯავშნით მოსილი, გაუცხოებული და-ძმა ლამის დეტერმინისტულად განუსაზღვრავენ მას ტრაგიკულ ბედს.
ეს თითქოს დაუძლეველი დეტერმინიზმი რომანში იმითაცაა ხაზგასმული, რომ გმირები ლამის მიზანმიმართულად აქცევენ ხოლმე ზურგს უკეთესი ცხოვრების შანსს. ქვეყნის პოლიტიკური კურსით, ცივი ურბანული გარემოთი, ეკონომიკური სიდუხჭირითა თუ სხეულის დამანგრეველი ჩვევებით დატრიალებულ მორევში მოქცეულ პერსონაჟებს დროდადრო ცხოვრება მაშველ რგოლს უგდებს. შაგის უფროს ძმას, ლიკის, რომელსაც ხელოვნებამდე დაუხვეწავს ფიზიკურად გაქრობის ოსტატობა და ესკიზების ხატვაში პოულობს თავშესაფარს, „ნატიფი ხელოვნების“ საბაკალავროს კურსზე უგამოცდებოდ რიცხავენ. სასწავლებელში მიღების დამადასტურებელი ეს წერილი ფიზიკურ ნივთში მოქცეული მისი გამოუთქმელი ოცნებების ახდენის გამოხატულებაა. და ლიკი სასწავლებლად არ მიდის.
თითქოს ნახშირის ბორცვებში ძმის მიერ გავლილ ნაკვალევში ადგამს ფეხშიშველ ტერფებსო, შაგიც ზედმიწევნით იმეორებს ლიკის ცხოვრების გზას. ის იმ კოლეჯის კარამდეც კი მიდის, რომელშიც საოცნებო პროფესიას შეუძლია დაეუფლოს. და უკან ტრიალდება.
ბეინები ოცნებასთან მიახლოებას უფრთხიან. ეს მათთვის იმხელა რისკია, რომლის გაწევის ფუფუნებაც არ აქვთ. ესაა იმის გაცნობიერების რისკი, რომ, სინამდვილეში, არ შესწევთ უნარი, შნო, გამბედაობა, ძალა, საწადელს მიაღწიონ. ეს შიში მათ ხელ-ფეხს უბორკავს, პარალიზებულს ხდის და სურვილებს ზარდახშებში აკეტვინებს.
ყველაზე მთავარი კი, რაც შაგის დედას, ბებია-ბაბუას, და-ძმას თუ თავად მას სურს, „ნორმალურად“ ყოფნაა. ანონიმური ალკოჰოლიკების შეხვედრაზე მისული შაგის დედა, აგნესი, რომელიც პირველად დგება სკამიდან ფეხზე, რათა იქ მყოფებს თავი გააცნოს, სათქმელზე მეტად იმაზე ნერვიულობს, სხვები როგორ დაინახავენ — დარდობს, ლამაზი პალტო ჯდომისგან ხომ არ დაიჭმუჭნებოდაო. თითქოს მისთვის კარგად ყოფნაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ სხვების თვალში გამოჩნდეს კარგად მყოფი, „ნორმალური“ — რასაც უნდა ნიშნავდეს ეს.
„ნორმალურობის“ მიღწევა შაგისთვისაც უმთავრესი მიზანია. იქამდეც კი, სანამ საკუთარ იდენტობაში გარკვევას შეძლებს, მას გარშემო ყველა, მტერიცა და მოყვარეც არწმუნებს, რომ რაღაც რიგზე ვერ აქვს, რომ საზოგადოების მიერ დაწესებულ გენდერულ მოლოდინებს ვერ ასრულებს. და რომ შეასრულოს, სხვანაირად უნდა ილაპარაკოს, სხვანაირად უნდა იაროს, სხვანაირად უნდა იფიქროს, სხვანაირად უნდა იგრძნოს.
შაგი მართლაც ცდილობს, „შეასრულოს კუთვნილი გენდერი“. დაგლას სტიუარტი ჯუდით ბატლერისეულ გენდერული პერფორმატიულობის სცენას გვიხატავს , როცა მოზარდი შაგი იმპროვიზებულ პოდიუმზე უდრეკი სიჯიუტით სწავლობს „კაცურად“ სიარულს. მას ნორმალურობის არტეფაქტად ის წითელი წიგნი გაუხდია, რომელიც აგნესის ერთწლიანი სიფხიზლის დროს საბედისწეროდ გამოჩენილი კაცისგან, „ნორმალურობის“ მოტრფიალე იუჯინისგან იღებს და რომელშიც შოტლანდიის მრავალი წლის წინანდელი საფეხბურთო მატჩების შედეგები წერია. შაგი ამ შედეგებს ზეპირად სწავლობს და მართალია, ერთ მომენტში მას სკოლის მერხის ბნელ უჯრაში ისვრის, რომ მამაკაცურად წარმოჩენის „ფუჭი ილუზია“ დაასამაროს, მაგრამ ნორმალურად გახდომის სურვილი ამ დაწყევლილ ნივთთან ისევე აბრუნებს, როგორც დედამისი უბრუნდება ალკოჰოლს. ის არაფრისმთქმელ საფეხბურთო შედეგებს ცხოვრებისეულ მანტრად გაიხდის.
კი, შაგისა და მის უახლოეს ადამიანებს სანუკვარი სურვილების ახდენის ეშინიათ. სამყარო მათ შესაძლებლობებს აძლევს, ისწავლონ, უკეთეს სახლებსა თუ ბინებში გადავიდნენ, ეფემერული „ნორმალურობის“ დევნას შეეშვან, მაგრამ ტრავმა მათ უკან ექაჩებათ. მათთვის ტკივილი ყველაზე ნაცნობ და ახლობელ განცდადაა ქცეული და მის გარეშე თავს დაუცველად გრძნობენ. ყველგან მას ეძებენ, რადგან სხვანაირად ყოფნა აღარ ახსოვთ ან, შეიძლება, არც არასოდეს იცოდნენ.
და ალბათ ყველაზე სასტიკი რამ, რასაც დაგლას სტიუარტი თავის პერსონაჟებს განაცდევინებს, სწორედ ცხოვრებისეულ საშინელებათა შორის მცირეხნიანი ამოსუნთქვებია. მეგობრებთან გატარებული მელანქოლიური საღამო, დედა-შვილის თავდავიწყებით ცეკვა, ერთწლიანი სიფხიზლე… ეს ყველაფერი საშიში მახეა, რადგან ტრავმათა უწყვეტი სერიის ბოლომდე შეგრძნებაც სწორედ ასეთი ამოსუნთქვების არსებობითაა შესაძლებელი, რაც უკან, ჩვეულ გარემოში დაბრუნების მოლოდინს გაუსაძლისს ხდის. ეს აბრუნებს შაგის დედას უკან ალკოჰოლიზმში, როცა ტანით იგრძნობს, რომ მისი ახალი კაცი, იუჯინი, „არანორმალურობას“ ვერ აპატიებს: „აგნესი კაცის უძრავ ხელებს დასჩერებოდა და ყელში მობჯენილ იმ ‘ვაი-შენ-საწყალო-ჩემო თავოს’ ყლაპავდა, რომელსაც სურდა, იუჯინს უფრო მეტად ეტკინა მისთვის გული; თავის იმ ნაწილს აკავებდა, რომელსაც უნდოდა, ის მიეღო, რასაც შიშით მოელოდა“.
მოლოდინის ეს მოუხელთებელი შეგრძნება ქართულ თარგმანშიც ოსტატურადაა დაჭერილი. ამ ტექსტის ნებისმიერ ენაზე მთარგმნელის მთავარ გამოწვევად, მარტივია, სხვადასხვა გლაზგოურ სლენგზე მოსაუბრე პერსონაჟების მეტყველების თავისებურებების დაჭერა ჩაითვალოს, მაგრამ გაცილებით ღირებულად და რთულად მოსახელთებლად სწორედ იმ შიდა ემოციური, ხან თბილი, ხანაც ყინულივით ცივი, ნაკადების დამორჩილება მგონია, რომელიც რომანის გულისცემას განსაზღვრავს. ამ ნაკადთაგან უმთავრესი კი ეს გამოუთქმელი მოლოდინია, რომლის მეშვეობითაც მკითხველი პერსონაჟებთან ერთად ნელ-ნელა სწავლობს, არ ენდოს ბედნიერების, სიმშვიდის წუთებს. ისიც გაფაციცებული, სისხლზე დაგეშილი ველური ცხოველივით ეძებს ბნელ კუთხე-კუნჭულებში ჩასაფრებულ უბედურებას და, სამწუხაროდ, ყოველ ჯერზე წარმატებით აგნებს მას.
ამგვარად დამუხტული ტექსტი გმირების თანაზიარს გხდის. ეს არაა პერსონაჟებთან თვითიდენტიფიცირება, არამედ, სწორედაც რომ, თანაზიარობა — იმ ადამიანის ტყავში შეძრომაა, შენ რომ შეიძლება ბევრით არაფრით გგავდეს, მაგრამ მაინც უსაშველოდ ახლობელი გამხდარა.
„შაგი ბეინი“ ემპათიაში სავარჯიშო წიგნია და სწორედ ეს გამოარჩევს მას ტრავმების უსასრულო მონაცვლეობაზე აგებულ სხვა მრავალი ნაწარმოებისგან. მკითხველის გულიც იმიტომ მოიგო, რომ ეს სასიყვარულო რომანია. იმ წრფელი, უპირობო სიყვარულის ამბავია, რომელსაც „არანორმალური“ შვილი თავისი „არანორმალური“ დედისადმი განიცდის. და ეს იმხელა სიყვარულია, რამხელასაც თაობიდან თაობამდე თოვლის გუნდასავით მოგორავე ტრავმის გალღობაც შეუძლია.
„მარველის“ სამყაროს ერთ-ერთი პერსონაჟი ერთგან ამბობს, რაა გლოვა, თუ არა სიყვარულის შეუპოვრობაო. ჰოდა, შაგი ბეინის სიყვარულიც წამით არ ნებდება, საყვარელი ადამიანის სიკვდილის მერეც არა; სიკვდილის მერე უფრო არა.
წიგნის მთარგმნელი: თამარ ჯაფარიძე