საყვარელი ადამიანისთვის ხმამაღლა წაკითხული წიგნი

ლელა კოტორაშვილი
17 მაისი, 2023

ასტრიდ ლინდგრენის მიბაძვით, როცა შვილებისთვის საჩუქრებს ვყიდულობ, ვცდილობ, სხვადასხვა ნივთთან ერთად წიგნებიც შევარჩიო ხოლმე. იანვარში წიგნის მაღაზიაში თვალი მოვკარი ერნსტ გომბრიხის წიგნს „მსოფლიოს მოკლე ისტორია“. ავტორის სახელსა და გვარს ყურადღებით დავაკვირდი. გომბრიხის „ხელოვნების ისტორია“ ძალიან მიყვარს და ავტორს ხელოვნების მკვლევრად ვიცნობდი. არ ვიცოდი, სხვა სფეროსაც თუ იკვლევდა. „მსოფლიოს მოკლე ისტორიასთან“ ერთად ჩემი 13 წლის გოგოსთვის უილიამ ბაინემის „მეცნიერება“ შევიძინე და გულის ფანცქალით მოვიტანე შინ. ვეჭვობდი, რამდენად დაინტერესდებოდა მხატვრულ ლიტერატურას შეჩვეული მოზარდი სამეცნიერო წიგნებით.

მოზარდებს ტექნიკური საგნების შესწავლა დიდ ძალას ართმევს. ფაქტობრივი მასალის დასწავლა ნამდვილად რთულია. ჩემი მიზანი იყო, რომ მსოფლიო ისტორიისა და მეცნიერების მთავარი მოვლენების გაცნობით სკოლის საგნებისადმი ინტერესი  გაღვივებოდა და თან მის შემეცნებით სამყაროს ახალი ცოდნა შემატებოდა.

გახსოვთ, 13 წლის ასაკში რას კითხულობდით? რა გაინტერესებდათ? სწავლა თუ გახარებდათ?

მე ყველაფერი მახსოვს. გატაცებული ვიყავი ისტორიით, ლიტერატურით, გეოგრაფიით… ჩემი გონება ყველაფერს ისრუტავდა. 90-იანი წლების ბავშვისთვის Google-ის საძიებო ველის ფუნქციას წიგნებში დატანილი სქოლიოები ასრულებდა. მძაფრად დამამახსოვრდა ვიქტორ ჰიუგოს რომანში ნაპოვნი “Homo homone lupus”, რუსი დეკაბრისტების სახელები, მარაიანას ღრმული… მოზარდების გონება ინფორმაციას ისრუტავს და ზოგი რამ მთელი ცხოვრება მიჰყვებათ. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, შემეცნებითი სამყაროს გასაფართოებლად შესანიშნავი წიგნია ერნსტ გომბრიხის „მსოფლიოს მოკლე ისტორია“.  ამ წიგნს ყველა ასაკის მკითხველს ვურჩევდი, რადგან თუკი მოზარდებს ახალი ცოდნის დაგროვებისკენ უბიძგებს, ზრდასრულებს გაბნეულ, მივიწყებულ ფაქტებს გაახსენებს.

ყველა წიგნს სჭირდება მკითხველის გულამდე მისასვლელი გზის გაკვალვა. იმისთვის, რომ მოზარდებს ინტერესი აღვუძრათ, გაგიზიარებთ რამდენიმე ხერხს, რომელიც ჩემი 13 წლის გოგოსთვის გამოვიყენე:

1. წარწერა ყდაზე

გადაშალეთ წიგნი და ყდაზე დაწერეთ დღის ჩანაწერი – როგორი დღე გქონდათ, რა გესმით, რას აკეთებენ თქვენი ოჯახის წევრები, რატომ ჩუქნით ადრესატს წიგნს… მე ორივე წიგნის ყდაზე გავაკეთე წარწერა და 2023 წლის 5 იანვარი შემოვინახე. ჩანაწერების წაკითხვის შემდეგ ჩემი შვილი მოვიდა და ჩამეხუტა. არ ვიცი, როდის წაიკითხავს ამ წიგნებს, მაგრამ ის განცდები, წარწერამ რომ მას ჩახუტების სურვილი აღუძრა, მუდამ ემახსოვრება. წიგნები ჩვენს ცხოვრებას ინახავს და რაც უფრო ბევრ მსგავს ამბავს გამოვტაცებთ ყოველდღიურობას, მით უფრო გავათბობთ ბავშვების გულებს.

„13 წლის გოგომ ნელ-ნელა ცოდნის დაგროვება უნდა დაიწყო. დიდი სურვილი მაქვს, წაიკითხო, ახალი სიცოცხლით გააცოცხლო, ცხოვრებაში გამოიყენო და ზუსტად ვიცი, თუ ჩემს რჩევას მიჰყვები, ხშირად გაბრწყინდება ერნსტ გომბრიხის „მსოფლიოს მოკლე ისტორია“ შენი ცხოვრების გზაზე“. [ნაწყვეტი ჩემი წარწერიდან…]

2. წარწერიანი ბარათები

რა უნდა იყოს იმაზე სასიხარულო, როცა წიგნს შენთვის კითხულობენ?! თითქოს ის ადამიანი, ვისთვისაც წიგნს კითხულობ, ფიქრებში მოგყვება და შთაბეჭდილებების ვირტუალურ გამზიარებლად იქცევა. მეთოდს „წაიკითხე ჩემი წიგნი“ ჰქვია და ის ჩემთვის მერვეკლასელმა მოსწავლემ გამოიგონა. ერთ მშვენიერ დღეს წარწერიანი ბარათებით სავსე წიგნი მაჩუქა. შემდეგ „წაიკითხე ჩემი წიგნი“ პროექტად ვაქციეთ და დღემდე ვკითხულობთ ერთმანეთისთვის წიგნებს – კითხვისას წიგნში ბარათებზე წარწერებს ვუტოვებთ.

ინტერესის გასაღვივებლად ერნსტ გომბრიხის „მსოფლიოს მოკლე ისტორია“ ჩემი 13 წლის შვილისთვის სწორედ ამგვარად წავიკითხე – თითოეულ თავის დასრულების შემდეგ ვუბრუნდებოდი წაკითხულს და კომენტარებს ბარათზე ვწერდი. როდესაც ბარათებით გადავსებული წიგნი ვაჩვენე, მითხრა, ერთი სული მაქვს, მეც როდის წავიკითხავო.

ამ მეთოდის სირთულე ის არის, რომ მეტ დროსა და ენერგიას მოითხოვს, თუმცა ნამდვილად ეფექტური მეთოდია და თქვენც გირჩევთ.

ბარათებზე დატოვებული წარწერების ინსტრუქცია:

  • სთხოვეთ ჩამოწეროს 5 რამ, რაც ერთი თავიდან დაამახსოვრდა;
  • პარალელი გაავლეთ სხვა წიგნთან, ფილმთან, ცხოვრებასთან, საქართველოს ისტორიასთან;
  • შეაქეთ ავტორი ან ისტორიული პირები;
  • დაუსვით შეკითხვები;
  • ურჩიეთ თემატური საკითხების შესახებ ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება, მაგალითად, ერთგან ვთხოვე ალტამირას გამოქვაბულის მოძებნა;
  • აღუძარით წიგნში ნახსენები მუზეუმების ნახვის სურვილი.

მეთოდის უკეთ აღსაქმელად გიზიარებთ ჩემი შვილისთვის ბარათზე დატანილ რამდენიმე წარწერას:

„თეკო, ეს თავი უცილებლად უნდა წაიკითხო. ისე, წიგნის შესავალ წერილებს თუ კითხულობ ხოლმე? მე ყოველთვის დიდი ყურადღებით ვკითხულობ. შთამბეჭდავი იყო გომბრიხისა და მისი ცოლის სიყვარულის ისტორია. როგორი ამაღელვებელი ისტორია ჰქონია თავად წიგნსაც!“

„იაკობ გოგებაშვილის „საგანძურში“ ამოვიკითხე, რომ ქართველი მერცხლებიც ეგვიპტეში გამოიზამთრებენ ხოლმე“.

„ლურსმული დამწერლობა – სულ მაოცებდა ეს სახელი. დაურეკე მაიკოს და სთხოვე, ასირიოლოგიის შესახებ გესაუბროს“.

„კასტებად დაყოფილია ინდოეთის მოსახლეობა. ახლაც, 21-ე საუკუნეში, ვეთანხმები გომბრიხს: „აი, ხომ ხედავ, რა სასტიკი შეიძლება იყოს ადამიანი!“ შენ რას ფიქრობ?“

„პავლე მოციქულის ეს ეპისტოლე ძალიან მიყვარს. სიყვარულის გარეშე ჭკუაც, ფულიც, ძალაუფლებაც – ყველაფერი საშიშია“.

„მარკუს ავრელიუსი ხშირად შეგხვდება. როგორც ამბობენ, კარგი მოაზროვნე იყო. მომეწონა გომბრიხის კომენტარი, ბუდას მოეწონებოდა მისი აზრებიო“.

3. საინტერესო ამბები

არ იფიქროთ, რომ უფრო მცირე ასაკის ბავშვებს ვერ დააინტერესებთ წიგნში აღწერილი ისტორიული ამბებით. ერნტს გომბრიხის „მსოფლიოს მოკლე ისტორიის“ ერთ-ერთი მთავარი ღირსება ის არის, რომ ავტორი ირჩევს საინტერესო ამბებს და ბავშვისთვის გასაგები ენით ჰყვება. ჩემი 10 წლის ბიჭთან თუ მის თანატოლ მოსწავლეებთან ხშირად ვიყენებ წიგნში ამოკითხულ ამბებს. გომბრიხი გაოცებული გვიამბობს, რომის დასალაშქრად მიმავალმა ჰანიბალმა მეომრებთან და 40 სპილოსთან ერთად როგორ გადალახა იტალიის უღელტეხილი, მონ-სენი, მტრის დასაბნევად კი ხარებს რქებზე ანთებული მაშხალები მიამაგრა და მათკენ გარეკა, რამაც რომაელები ძლიერ შეაშინა და დააბნია.

ერთგან ალექსანდრე მაკედონელის სიმამაცის შესახებ გვიამბობს. გალავანზე ასულ მეფეს მეგობრები უკან დაბრუნებისკენ მოუწოდებდნენ, რადგან ასასვლელი კიბე შუაზე გადამტყდარიყო და მეფეს საფრთხე ელოდა. ალექსანდრე მაკედონელი კი ციხის ეზოში გადამხტარა და მტერს მარტო შებმია. „რა ამაღელვებელი სანახაობა იქნებოდა!“ – იქვე ავტორის კომენტარს ვკითხულობთ.

წიგნი სავსეა ამგვარი საინტერესო ამბებით და ბავშვების ყურადღების მისაზიდად ამბავი ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტია.

4. შესავალი

„მსოფლიოს მოკლე ისტორიას“ წამძღვარებული აქვს ერნსტ გომბრიხის შვილიშვილის, ლეონი გომბრიხის, შესავალი, რომელმაც ავტორიც, წიგნის დაწერის პროცესი და მისი შემდგომი თავგადასავალიც ჩემთვის დაუვიწყარი გახადა.

ნახევრად ებრაელმა ერნსტ გომბრიხმა მეგობარი გამომცემლის  თხოვნით წიგნი ძალიან მოკლე დროში, 6 კვირაში, დაწერა. წიგნზე მუშაობისას კი შეხვდა თავის მომავალ საცოლეს, რომელიც დედამ გააცნო და სთხოვა, მისთვის ვენის მუზეუმებში მეგზურობა გაეწია. ყოველ თავს შეყვარებულს ხმამაღლა უკითხავდა. წიგნი 1935 წელს გამოიცა. ავტორი ოჯახთან ერთად ინგლისში გადავიდა საცხოვრებლად და ამგვარად გადაურჩა ნაცისტებს, რომლებმაც „მსოფლიოს მოკლე ისტორია“ მალევე აკრძალეს და ავტორს პაციფიზმში დასდეს ბრალი. საუკუნის მიწურულს ერნსტ გომბრიხმა წიგნი გერმანულიდან ინგლისურად თავად თარგმნა და ბოლო თავი დაუმატა, სადაც მეორე მსოფლიო ომის დროინდელი მოვლენები აღწერა, რამდენიმე არასწორად აღქმული ფაქტის შესახებ მკითხველს მოუბოდიშა და ბუდიზმის შესახებ ინფორმაციის ჩამატება შვილს სთხოვა.

„მსოფლიოს მოკლე ისტორიას“ მალე 100 წელი შეუსრულდება. წიგნი მსოფლიოს მრავალ თაობას აერთიანებს. 21-ე საუკუნის მკითხველს აფიქრებს შემწყნარებლობისა და თანაგრძნობის მნიშვნელობაზე, რათა კაცობრიობამ თავიდან აირიდოს სისასტიკე, სისხლისღვრა, ნგრევა… „ბავშვები იზრდებიან და ისტორიიდან მათაც უნდა იცოდნენ, რომ შეუწყნარებლობა და სისასტიკე ურჩხულებად აქცევს ადამიანებს“. [გვ.412]

ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ ერნსტ გომბრიხის ჰუმანური ტონი და მისი შესანიშნავი კომენტარები, მაგალითად, ესპანელების მიერ სისასტიკით ამოხოცილი მექსიკელი ინდიელების შესახებ ასეთ რამეს წერს: „ჩვენთვის, ევროპელებისთვის, ეს ისტორიის იმდენად ამაზრზენი და სამარცხვინო ფურცელია, რომ ამაზე დუმილს ვამჯობინებ“.

წიგნი რამდენჯერმე წავიკითხე და მუდამ ამაღლებული განწყობა მეუფლება. კონფუცი, უფლისწული გაუტამა, ბისმარკი, ბენედიქტელი ბერები, ლეონადრო და ვინჩი, ჟანა დ’არკი, გარიბალდი… – კიდევ ბევრი ვინმე მოაახლოვა ჩემს გულთან ერნსტ გომბრიხმა და მნიშვნელოვანი გზავნილები დამიტოვა, ერთ-ერთი ამგვარია:

„სხვადასხვა ხალხით დასახლებულ ჩვენს პატარა დედამიწაზე სულ უფრო საჭირო ხდება, ადამიანები ერთმანეთის მიმართ პატივისცემისა და შემწყნარებლობის გრძნობით განეწყონ, თუნდაც იმიტომ, რომ ტექნიკური მიღწევები, ახლა ერთმანეთთან სულ უფრო გვაახლოებს“.

საყვარელი ადამიანისთვის ხამამაღლა წაკითხული წიგნი ავტორის ბედისწერის ხაზს გაჰყვა და ახლა დამოუკიდებლად აგრძელებს მოგზაურობას. ამჯერად ქართველ მკითხველთან მოვიდა ნანა გოგოლაშვილის შესანიშნავი თარგმანით. მე ჩემი 13 წლის გოგოსთვის წავიკითხე. საინტერესოა, თქვენ ვისთვის წაიკითხავდით?

მიხეილ ციხელაშვილი - ბლოგი
On.ge
მარიამო ჯანელიძე
ანდრო ყირიმელი
ლანა ღოღობერიძე
ლევან ცაგარელი
დათია ბადალაშვილი
შოთა იათაშვილი
ზაზა აბზიანიძე
გუგა მგელაძე
ანა მიქაუტაძე
გუგა მგელაძე