საქართველოს ისტორია გმირობის მიღმა
ამ წიგნის სათაურს რომ წაიკითხავ, წესით, მაშინვე უნდა მიხვდე, რასთან გაქვს საქმე: თანამედროვე ქართული რომანისთვის ერთობ ტენდენციური ერთსიტყვიანი სათაურებისგან (გათვლა, დაშლა, გადამალვა) განსხვავებით, ბესო სოლომანაშვილი ადგა და 17-სიტყვიანი, დიახ, არ გეჩვენებათ, ზუსტად ჩვიდმეტი სიტყვისგან შემდგარი სათაური დაარქვა თავის სადებიუტო რომანს – ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა (ანუ ამბავი ჯალათი პაპაჩემისა, დედაჩემის მამა რომ იყო) ალუზიური მისტიფიკაცია. მე თუ მკითხავთ, სრულიად უადგილო იყო ამ წიგნის ვარდისფერი მაკარუნივით ყდის უკანა ნაწილზე ტრადიციული ანოტაციის დაწერა და იმის კიდევ ერთხელ ახსნა, რაც სათაურმა, მოკრძალებით რომ სულაც არ იწონებს თავს, უკვე ისედაც გვითხრა მკითხველებს – რაზეა რომანი, ვინ არის ამბის პერსონაჟი, ვინ შეიძლება იყოს მისი პროტოტიპი, რა ჟანრისაა ნაწარმოები.
თუმცა, აი, წიგნს რომ გადაშლი, იქ კიდევ უფრო მეტი მოულოდნელობა დაგხვდება, მიუხედავად იმისა, რომ სათაურს წესით უნდა შევემზადებინეთ ამისთვის. ბესო სოლომანაშვილი საქართველოს ისტორიის იმ უმნიშვნელოვანესი პერიოდის აღწერას შეეჭიდა, რომელმაც, სამწუხაროდ, ვერა და ვერ დაიმკვიდრა სათანადო ადგილი ქართულ დისკურსში – 1920-იანი წლების გასაბჭოება და 1930-იანების რეპრესიები. ცხადია, გასაგები მიზეზების გამო არ მომხდარა ამ მძიმე გამოცდილების რეფლექსია თავის დროზე საბჭოთა ცენზურის პირობებში, თუმცა დამოუკიდებელ საქართველოშიც ამ თემას თითქოს არასაკმარისი ყურადღება ეთმობა როგორც აკადემიურ სივრცეში, ისე მეინსტრიმულ კულტურასა და სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე. საბედნიეროდ, ლიტერატურაში ზაირა არსენიშვილის ვა, სოფელო და აკა მორჩილაძის კუპიდონი კრემლის კედელთან მსგავსი ბრწყინვალე ტექსტები მაინც დაიწერა. ამ დანაკლისის ამოვსების მცდელობაა ეს რომანიც, ოღონდ ბესო სოლომანაშვილი სრულიად სხვა გზას ირჩევს და იმ ეპოქის სისხლიან ქრონიკებს მოსალოდნელი დამძიმებული ან სენტიმენტალური ემოციებით კი არ აცოცხლებს, არამედ ლამის დასცინის, აკომიკურებს და ასე დისტანცირდება იმ კატასტროფის ბანალურობისგან, რომელმაც მაშინდელი ინდივიდუალური ტრაგედიები თავისი აღურაცხელი მასშტაბებით სტატისტიკად აქცია.
მაშინ, როცა ცნობილი დებულების თანახმად, საბჭოთა კავშირში სექსი არ იყო, ამ თითქოს პურიტანულად სტერილური ტოტალიტარული რეჟიმის ლუსტრაციისას ბესო სოლომანაშვილმა ყველაზე დიდი ყურადღება სწორედ სექსს დაუთმო და ისეთი პერვერსიები გამოამზეურა, როგორიც მსგავსად აბსურდულ გარემოს შეეფერება. ამ რომანში იმდენივე სისხლი იღვრება, რამდენიც ოფლი ვნების მოზღვავებისას და უფრო ხმამაღლა მაშინ გაჰყვირიან, როცა სიყვარულით კავდებიან, ვიდრე მაშინ, როცა დასახვრეტად ამზადებენ. ამ საყოველთაო ძალადობასა და სისასტიკეში, რომელიც ამ რომანში აღწერილ სამყაროში სუფევს, სიყვარულის ადგილი მაინც მოიძებნება: ჯალათობამდე თედოს რძეში ამოვლებული იისსუნიანი მალაქია უყვარდება; მოსამსახურე ბიჭს, მერე კაცისმკვლელად რომ იქცევა, კნეინა მაგდალინა ჩაუვარდება გულში; იოსებ-გოგო კი, სანამ მამა ყველას სათითაოდ დაუხოცავს, იქამდე ჩუმად ბიჭებთან მოსიყვარულებას ასწრებს. თუმცა ამ და კიდევ სხვა მსგავს სიყვარულის ისტორიებს იმ დროის დაუნდობელი სისასტიკე მხოლოდ ცოტა ხნით გაფურჩქნის საშუალებას აძლევს და მალევე ძალადობითა და სიძულვილით ანადგურებს. მათ შორის საინტერესოა იმ ჰომოფობიურ ზიზღზე დაკვირვება, რომელიც ამ რომანის მთავარ ანტაგონისტს – ჯვარნაკრავს მრისხანებისგან გონებას ყველაზე მეტად უბინდავს და იმათ მოგვაგონებს, დღესაც სიძულვილის დუჟი მსგავსად რომ გადმოსდით პირიდან.
წიგნში ტრაგედიას უხამსობა გადაფარავს, ოღონდ არა მხოლოდ ეროტიკული ეპიზოდების გამო, არამედ თხრობის სტილის, პერსონაჟების სახე-ხატების და მოთხრობილი ამბების უსამართლო ტრაექტორიების გამო. ეს კი გაფიქრებინებს, რომ მართლაც იყო რაღაც ძალიან უხამსი იმ ყველაფერში, რაც სამოცდაათი წლის განმავლობაში და მერეც დამოუკიდებელი სახელმწიფოს განვითარების პოლიტიკურ გზაზე საქართველოს მუდმივად გასდევდა ლაიტმოტივად: როგორ ცხოველდებიან ადამიანები ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილით. რაც უფრო უახლოვდები გარკვეულ ძალაუფლებას, მით უფრო უკონტროლო ხდება ეს პროცესი და ადამიანები განურჩევლად ცდილობენ სხვებზე დომინირებას, მათი სხეულების დაუფლებას. ოღონდ ესეც ამ რომანში ტრაგედიაზე მეტად ლამის კომედიად იქცევა თავისი აბსურდულობის გამო – ვის ხელში აღმოჩნდება მართვის სადავეები, რატომ მოხდება ეს და როგორ იყენებენ ამ ყველაფერს. აქ არ არიან პირსისხლიანი ბოროტმოქმედები, შიშის ზარი რომ დაგცენ, უფრო ისეთები, მათთვის შეუფერებელი როლებით სიმწრის ღიმილს რომ მოგგვრიან და კბილებს გაგაკრაჭუნებინებენ.
ისიცაა, რომ ამისთვის მაინცდამაინც საუკუნის წინანდელი ისტორიული მოვლენების გაცოცხლება და რეალური თუ გამოგონილი ფიგურების გამოხმობა სულაც არაა საჭირო, განა ახლა რამე განსხვავებული ხდება ჩვენ გარშემო? მაშინდელი და ახლანდელი უბედურებები ხშირად გარეშე მტერს ბრალდება, მაგრამ ბესო სოლომონაშვილი თავის ამ აბსურდულ თეატრში მთავარ როლებს იმ ქართველებს ათამაშებს, რომლებმაც უბრალოდ დრო იხელთეს, რომ პირადი სარგებელი ენახათ და სხვებზე ანგარიშსწორებით დაესამარებინათ საყოველთაო კეთილდღეობის იდეა. რომანის პირველი ნაწილი გროტესკისა და სატირის მასკარადია, თუმცა მეორე ნახევარში ავტორს შიგადაშიგ ეპარება რელიგიური და ნაციონალური სენტიმენტები, რაც სხვა დანარჩენის გვერდით ამჯერად მართლა უხამსობად მოჩანს. ასევე ვერ თავისუფლდება სტერეოტიპული წარმოდგენებისგან და ბოროტების საწყისი გაუნათლებლობა, სიღარიბე და ამისგან გამოწვეული შური ჰგონია: „ეგონათ, ღმერთი მართლა აღარ იყო და აღარ მოეკითხებოდათ, მაგრამ საიდან უნდა სცოდნოდათ უზნეობისა და სიზარმაცის გამო მიწიდან მოწყვეტილ, ჩამპალი ქარხანა-ფაბრიკებიდან გამოპანღურებულ, აყროლებული საპატიმროებიდან გამოყრილ მუშ-გლეხ-ბანდიტებს“ (გვ.142). სამწუხაროდ, ასე მთლიანად უგულებელყოფს კლასობრივი ბრძოლის მნიშვნელობას და იმ სოციალურ კრიზისებს, რომლებიც დღესაც მწვავედ დგას ქვეყანაში, პრივილეგირებული ჯგუფის პერსპექტივიდან აფასებს.
1990-იანების საქართველოში ჯერ აფხაზეთის, შემდეგ კი სამოქალაქო ომში ჩადენილი ენით აღუწერელი დანაშაულები, რომლებიც დღემდე კოლექტიურ ტრავმადაა დალექილი ქართული საზოგადოების არაცნობიერში, აღარც ისეთ წარმოუდგენელ განუკითხაობად და ცივსისხლიანობად მოგვეჩვენება, თუ გავიაზრებთ, რომ ეს იმ საბჭოთა მემკვიდრეობის ღირსეული გაგრძელებაა, რომელმაც ადამიანების დეჰუმანიზაცია უმაღლეს საფეხურზე აიყვანა. უკეთესი სამყაროს იდეის სახელით ადამიანების ძარცვა, დადუმება, ღირსების შელახვა, მკვლელობა დაკანონდა, თავისუფალი ნება კი დევიაციად გამოცხადდა. განსაკუთრებით ირონიულია, რომ ამ ყველაფერზე სათანადო პასუხი არავის მოეთხოვა, რის გამოც 90-იანებში დატრიალებული დესტრუქციული ქაოსის შემოქმედები აუღელვებელი სინდისით მოქმედებდნენ და რამდენადაც არც მათგან დასჯილა ვინმე შესაბამის დანაშაულებზე პასუხისმგებლობის გამო, სავსებით მოსალოდნელია, რომ ამბავი ახალ დასახვრეტებზე გაგრძელდეს. გააჩნია, ვის ხელში იქნება ძალაუფლება.