„კანიბალიადა“
მიშა ბახსოლიანი, როგორც კი საბოლოოდ დაგარწმუნებთ, რომ ნაცად ბილიკს ადგახართ, ვაგზალთან, „ქსოვილებში“ ნაყიდ ვეფხვებიან ხალიჩას გაწევს და წაბარბაცებულებს ჩიჩიაგაჩხერილ კბილებს დაგანახებთ.
მაგ დროს მეც იქვე ვცხოვრობდი. ერთხელ ბიძაჩემი ბაზარში გავიდა და უკან რომ მობრუნდა, სახე ჩაშავებოდა, გაყინული დედა-შვილი ვნახეო. მერე აფხაზეთიდან გამოქცეული ნათესავები დროებით ჩვენთან გაჩერდნენ და მე მათთან ერთად იატაკზე მეძინა. არ იყო მაგდენი საწოლი. არც „ლეჟანკა“ არ იყო. ან იქნებ პირიქითა თანმიმდევრობა ჰქონდათ ამ მოვლენებს? აღარ მახსოვს.
მოკლედ, „კანიბალიადის“ ნახევრამდე ისე მივედი, რომ უფრო დაღვრემილი ვიყავი და მხოლოდ ზოგჯერ მეცინებოდა. ნახევარს რომ გადავცდი, კი გამახსენდა, ვისთან მაქვს საქმე და რატომ მომწონდა წლების წინაც ჯერ კიდევ ნორჩი ბახსოლიანის უფრო მოკლე ტექსტები.
ამ წიგნით მიშა ბახსოლიანი განმტკიცდა ქართული აბსურდის (ქართული აბსურდი – ხაზგასმით!) მწერლად და პოეტად, ვინაიდან „კანიბალიადა“ პოემაც არის და მის პოეტურ იუმორში იმდენი ჰუმანიზმია, რომ ამ ხორცს ჯონჯოლად ვნათლავ და ვაცხადებ – ხსნილია! შეესიეთ!