„ობობას ბუდეების ბილიკი“ – ჩეზარე პავეზეს ბოლოთქმა
ოცდასამი წლის იტალო კალვინომ უკვე იცის, რომ „პერსო-ნაჟების შექმნა“ კი არა, ამბების სიტყვებად ქცევაა მთავარი. ხალისით, უდარდელად, ონავრულად ხვდება და აკეთებს ამას, მას სიტყვები არც აშინებენ და არც მეტისმეტად ახვევენ თავბრუს: სიტყვები მხოლოდ შინაარსისთვის სჭირდება, მხოლოდ იმდენად აინტერესებს, რამდენადაც მათი აზრის გამოყენება. ისე მსუბუქად ისვრის სიტყვებს, როგორც ფიჩხს შეაგდებს ხოლმე კოცონში ის, ვისაც სითბო, ალი, ცეცხლი სჭირდება. დღეს უკვე ცოტანი არიან მწერლები, რომლებიც დიდი პერსონაჟების შექმნას ისახავენ მიზნად. სამყარო იცვლება და ვაი იმას, ვინც დროს ჩამორჩა, მაგრამ კიდევ უფრო უბადრუკია ის, ვინც დიდი პერსონაჟების დევნაში ფაქტები დაივიწყა, ნამ- დვილი, მომხდარი, სისხლითა და ხორცით ნაქსოვი ამბები და ფუჭად აკმევს სიტყვებს თავის საგვარეულო სამლოცველოში.
კალვინოს თხრობა სამოქალაქო ომის ამბებში დაიბადა. იმასაც ვერ ვიტყვი, მისი „ობობას ბუდეების ბილიკი“ (რომელიც „მონდადორის“ კონკურსზე დაიწუნეს და რომელმაც იმავე წელს „რიჩონეს“ კონკურსში გაიმარჯვა) ყველაზე ლამაზი ამბავია, რაც კი დღემდე არსებობს პარტიზანული ცხოვრების შესახებ-მეთქი: სხვა უბრალოდ არ გვაქვს. ამიტომ ვიტყვი, რომ კალვინოს მახვილი თვალი და ფუმფულა კალამი ისე დახტის, ისე ნავარდობს, როგორც ციყვი ხეზე, თითქოს რამეს კი არ გაურბის, არამედ ეთამაშება და ისე აკვირდება პარტიზანულ ცხოვრებას, როგორც ტყის ზღაპარს: სხვანაირს, საოცარს, ათასფერიანს.
ღარიბი, ონავარი ბავშვი პატარა ქალაქის ვიწრო ჩიხიდან, უხამსი, დაუნდობელი და თან უმანკო, უბნის მეძავის ძმა, უფროსებთან შეთამამებულ-შეხუმრებული, პისტოლეტს მოჰპარავს გერმანელს, დის საყვარელს. ყველაფერი ამით იწყება. პინი ობობას ბუდეში დამალავს პისტოლეტს, ისეთ ადგილას, რომელიც მხოლოდ თვითონ იცის. გერმანელები დაიჭერენ, დაკითხვაზე წაათრევენ, ციხეში სვამენ – პარკში მდგარ ვეებერთელა სახლში – საიდანაც კომუნისტ პარტიზანთან, „წითელ მგელთან“ ერთად გარბის. იმავე ღამეს მარტოსულ პარტიზანს, კუჯინოს გაიცნობს და მთაში, პარტიზანთა ბანაკში მიჰყვება. განაყოფი საგანგებოდაა ამ ხალხისთვის შედგენილი, მართალას მეთაურობით, რომელსაც მხოლოდ ერთი რამ უნდა ქვეყნად: მეთაურის პოსტიდან გაათავისუფლონ ანდა სულაც მოკლან. რაზმში მიმინო ჰყავთ, ბაბუფი, იქაა ტროცკისტი მზარეულის ცოლიც, ოთხი კალაბრიელიც. მართალა მზარეულის ცოლს ესიყვარულება. ერთ საღამოს, მათი დაუდევრობის გამო, ცეცხლი ედება პარტიზანთა თავშესაფარს, რაზმს სხვაგან გადასვლა უხდება. შტაბი კომისარს, კიმს აგზავნის ვითარების შესამოწმებლად. ამასობაში გერმანელები შეტევას იწყებენ და განაყოფს ბრძოლაში უხდება წასვლა, მაგრამ მართალას არაფრის გაგონება არ უნდა, ცარიელ ბანაკში მარტო რჩება ქალთან. მათი სიყვარულის სცენას პინი შეესწრება. პარტიზანები ბანაკს ცლიან, მართალას კი შტაბში იხმობენ, იარაღს ჩამოართმევენ. პინი ისევ გარბის, ობობას ბუდეებთან მიიჩქარის. აღმოაჩენს, რომ ტყავას, პარტიზანების გამყიდველს, მისი პისტოლეტი მოუპარავს. პინი დის სახლში პოულობს თავის პისტოლეტს. დას ეჩხუბება, პისტოლეტს წაართმევს და გარბის. ღამით კი ისევ კუჯინოს ხვდება და ერთად მიდიან ციცინათელებით აციმციმებულ მინდორში.
ამ ყველაფერს არიოსტოს გემო დაჰკრავს; ჩვენი დროის არიოსტოსი, რომელსაც სტივენსონი, კიპლინგი, დიკენსი, ნიევო ჰქვია და რომელიც სიამოვნებით ირგებს ბავშვის სამოსს. კატასტროფების, ნანახის, განცდილის, ნაცნობი სახეების, მიმიკისა და ღიმილის ერთგულად, თავდავიწყებით მოყოლის ეს სუფთა, მსუნაგი სურვილი მარად გაგვაოცებს, რადგან ძველი პოემების ეს უმანკო და თან კომპლექსური გულუბრყვილობა დღეს მხოლოდ ბავშვის გულში თუ შეიძლება მოიძებნოს. მერე რა, რომ კალვინოს ბავშვი უხამსია, მერე რა, რომ, როცა „ბოზს“ ამბობს, იცის, რასაც ნიშნავს, მერე რა, რომ ბორდელის სიმღერებს მღერის და იქნებ კაცის მოკვლაც შეუძლია: პინს არც დედა ჰყავს და არც კანონი იცის, ომია, ხალხი ერთმანეთს ხოცავს და ეს ყველაფერი პინის ბრალი არაა. კალვინო ფაქტებს ყვება და ამ ფაქტებს ფესვები, შინაარსი აქვს, ეს ფაქტები ხორცისა და სისხლის გროვებია და თუ მათ შეეხები, თუნდაც სიტყვების სიყვარულით, სისხლი მოდის, ჭრილობა იხსნება და განგრენიანი სამყაროს სიმყრალე გცემს. მაგრამ ეს არაა მთავარი. ბინძური ჩიხის აყალმაყალში პინის დღეები კრიალაა, უხამსი და თან უმანკოა, ქორფაა, ღირსების, აღმოჩენის, სიანცის ნარევია, როგორიც ასტოლფის ან ჯიმი ჰოკინსის გაოცება.
ამით ეფინება ნათელი იმას, რაც თავში ვთქვი: კალვინო პერსონაჟების შექმნას კი არ ცდილობს, რაღაც უტყუარი ინსტინქტით, პირიქით, აპატარავებს თავის პერსონაჟებს, არ ვიტყვი, ლაქებად აქცევს-მეთქი, არ მინდა, დავაკნინო, მაგრამ ნიღბებად, შეხვედრებად, მარიონეტებად აქცევს მათ. „ბილიკში“ ყველას რაღაც აკვიატება აქვს. ყველას ზუსტი, მკაფიო სახე აქვს, ყველა განსხვავებულია, როგორც ქაღალდის გამოსაჭრელი ჯარისკაცები სხვადასხვა შეკვრაში. მათი ყოველი ჟესტი კრიალა, დაწმენდილი, ხორციანი და ამავე დროს პაწაწინა სიტყვით გამოხატული, ისე, როგორც რაინდთა სამყაროში ხდება, სადაც ჟესტი ყველაფერია, მაგრამ ამავე დროს უამრავ სხვაში იკარგება. კითხულობ „ბილიკს“ და გეჩვენება, რომ სადღაც, შორს, გორაკებს, მთებს ხედავ ქარიანი დღის შემდეგ, თითოეული ხის ვარჯს, ბუჩქებს, კუბიკებივით სახლებს არჩევ მკაფიოდ. სუფთა ჰაერი უბერავს ამ წიგნის გვერდებიდან, სოფლის, ხედების, ღმერთის სამყაროს ჰაერი. შავ ბრიგადებსაც კი, თავზარდამცემ შავ ბრიგადებს, ასე ხედავს ციყვივით მოხტუნავე პინი: „შავები, ძვლიანები, მოლურჯო სახეებითა და თაგვის ულვაშებით“. ვინმეს უთქვამს უკეთ ოდესმე? მე-9 თავიც, სადაც კალვინოს „უფროსები“ გამოჰყავს სცენაზე, შტაბის მეთაური და კომისარი თითქოს ამ სამართებლის პირზე დადის. ეს თავი პარტიზანული დაჯგუფებების კრიტიკაა, სამოქალაქო ომის ინტერპრეტაციაა და ისტორიასა და ადამიანის შურისძიებაზე გვიყვება. მაგრამ მთხრობლის, ახალგაზრდა კიმის ხმა, რომელსაც „სტენი“ ჰკიდია მხარზე, „პატარა ავტომატი, გატეხილ ყავარჯენს რომ წააგავს“, ჯერ კიდევ ზღაპრის ხმაა, იმის ხმა, ვინც ისე ოცნებობს, ისე ფანტაზიორობს, როგორც ბავშვობაში და საკუთარ თავს დასცინის, იმეორებს: „ა.ბ.გ.“, „მარილი და თუთუნი, კომისარო“ ან „კიმ… ვინაა კიმი?“
დასკვნაში ახალი არაფერია. ფაქტების სიტყვებად ქცევა არც ფაქტების რიტორიკაში გადავარდნას ნიშნავს და არც ბელკანტოს სიმღერას. ნიშნავს, შეკუმშო, შეამჭიდროვო და სიტყვებში მოაქციო მთელი სიცოცხლე, რომლითაც ეს სამყარო სუნთქავს. წიგნი რომ ცხოვრების ასლი იყოს, ფასი არ ექნებოდა. არადა, ცხოვრების ფასი უნდა ჰქონდეს, ეს – უეჭველად. ფაქტი უნდა იყოს სხვა ფაქტებს შორის, ქმნილება სხვა ქმნილებებს შორის. და, ამ პირველ ცდაზე, ვფიქრობ, კალვინოს შესანიშნავად გამოუვიდა.
წიგნის მთარგმნელი: ხათუნა ცხადაძე