ნინო ხარატიშვილი „ვარდის სურნელზე“
,,ვარდის სურნელი“ იმ ლაბირინთს მაგონებს, რომელიც მკითხველმა ერთი ამოსუნთქვით უნდა გაიაროს, თითქოს შესვენება ან უკან მიბრუნება შეუძლებელია.
დანტეს ვერგილიუსის მსგავსად, ავტორის ალტერ ეგო დაუნანებლად გვიჩვენებს საკუთარ ინფერნოს. ხელს მაგრად ჩაგვკიდებს და ბინძურ, ნაცრისფერ ბერლინში მივყავართ; დანაწევრებულ თბილისს მოგვატარებს – აპოკალიფსურად მაღალ შენობებს, მათი უცნაური და განწირული ბინადრების ყოველდღიურობას; სხვადასხვა სამალავისკენ მიგვიძღვის – კორიდორებში, უფსკრულებში, მოგონებებში, შიშებში. მკითხველს უცხოდ და მიმზიდველად ეჩვენება ის, თუ რამდენად ღია და დაუცველია ავტორი, ამავე დროს ეჭვდება, ხომ არ არის ასეთი თხრობა გამოცდილი მოთამაშის განზრახვა, მარიონეტებად გვაქციოს.
ორივე შემთხვევაში, მკითხველი თითქმის მაზოხისტური სიამოვნებით მიჰყვება მრავლისმნახველ ვერგილიუსს, რომელსაც ბევრი ვერაფერი გააოცებს და შეაკრთობს. უბედური შემთხვევის მსგავსად, რომელსაც თვალს ვერ არიდებ, მიუხედავად გარდაუვალი კატასტროფისა – სიკვდილის შიშით, საკუთარი ვუაიერიზმის მსხვერპლად ქცეული – ამ რომანშიც შეუძლებელია უკან მიბრუნება სამივე სამყაროს გავლის გარეშე: ჯოჯოხეთის, განსაწმენდელის და სამოთხის.
თუმცა ზაზას მონათხრობში შენდობის მოლოდინი ამაოა, ედემის ბაღი კი მიუწვდომელი, მაინც არსებობს გასასვლელი, რომელიც ლაბირინთიდან გაგვიყვანს, შესაძლოა სინათლეში არა, მაგრამ ისეთ ადგილას, რომელიც სრულიად ახალ სივრცეს გვიშლის.
იქნებ ამ დამღლელი მოგზაურობის შემდეგ რომელიმე ჩვენგანმა მადლიერებაც კი იგრძნოს, ისე როგორც „ღვთაებრივი კომედიაშია“, სადაც გამოცდილი მეგზური საკუთარი ჯოჯოხეთის წრეებში გვატარებს, რათა შევიცნოთ, ან თუნდაც ამოვიცნოთ საკუთარი თავისთვის სრულიად განუყოფელი რამ.