ნაწილი იმისა, რაც მაფიქრებინა ლაშა ბუღაძის რომანმა „საქართველოს სახელით“
ხელოვნებისა და ლიტერატურის დარგებიდან ყველაზე მეტად პროზაა დაკავშირებული დაფიქრებასთან, ანალიზთან, რეფლექსიასთან. განსაკუთრებით ასეთია ჩვენი უახლოესი ისტორიული, წინააღმდეგობრივი, ჯერ ბოლომდე გაუაზრებელი მოვლენების ამსახველი რომანი. მხატვრული ნაწარმოები, რომელიც ხანდახან მთლად დოკუმენტურად ჟღერს, რომელშიც მოქმედებენ შენთვის ნაცნობი ადამიანები, მათგან ზოგს შორიდან რომ იცნობდი, ზოგს – კარგად, ზოგთან მეგობრობდი კიდეც; და რომელშიც შენ თვალწინ იშლება მოვლენები, ზოგის თანამონაწილე რომ იყავი და ზოგჯერ მათ შუაგულშიც იდექი.
წარდგე ამგვარი ნაწარმოებით თანამედროვეთა წინაშე მაშინ, როცა ვნებები ჯერაც არ დამცხრალა, ნამდვილი მწერლური სითამამეა.
პირველივე თავებიდან ხვდები, როგორი იქნება თხრობის საკმაოდ უჩვეულო სტილი: ერთმანეთზე გადაჯაჭვული დოკუმენტურობა და ირონიული ფანტასმაგორიულობა, ერთი მხრივ სრულიად რეალისტურად ასახული ჩასვლა ბაზელში 1995 წელს, დახუნძლული კონკრეტული და თან განზოგადებისკენ მიდრეკილი დეტალებით: „სულ რაღაც დღენახევარში და აქ ჩამოსვლიდან სამიოდე საათში სხეულს ჩემივე სუნი და მეხსიერება დაუბრუნდა, გამქრალი 1992 წლიდან, ისევე, როგორც ცივილიზაციური სიწითლე _ ფერმკრთალ სახეს“; და მეორე მხრივ, მომდევნო თავში მოულოდნელი სვლა: როგორ აირჩია ჯერ არდაბადებულმა ბავშვმა მშობლები: „ეს ახალგაზრდა ჩემთვის მინდა, მომწონს და მზად ვარ, შევიყვარო, რადგან ვენდობი, მჭირდება და ვიცი, მზადაა საჩემოდ… ამ კაცს მამაჩემად ვისურვებდი“. მერე ეს არდაბადებული ბავშვი რაღაც გარკვეული თვისებების გამო ირჩევს დედასაც. კითხულობ, გეღიმება და ავტორთან ერთად ერთვები მის მიერ შემოთავაზებულ გონებამახვილურ თამაშში.
ეს თამაში კი მით უფრო საინტერესოა, რომ ძალიან რთულ და ჩვენთვის ყველასთვის საბედისწერო მოვლენებს ასახავს.
ჩვენი უახლესი ისტორიის ერთმანეთზე დადებული უმძიმესი პლასტები…
თვითმფრინავის გატაცების მცდელობა, 9 აპრილი… იმ ამბების შემსწავლელი კომისია, რომლის წევრიც ვიყავი… დამოუკიდებლობის გამოცხადება, რუსთაველზე გაჩაღებული სამოქალაქო ომი…
ამ მოვლენებთან ძალიან პირადი და ძლიერი განცდები მაკავშირებს, ამიტომაც განსაკუთრებული სიფრთხილით დავიწყე კითხვა…
მაგრამ თანდათან ჩავერთე, გამიჩნდა ნდობა წაკითხულის მიმართ, რადგანაც გავიაზრე მთავარი: ლაშამ შეძლო უმნიშვნელოვანესი – არ მიანიჭა ავტორს, ანუ საკუთარ თავს მსაჯულის როლი, არამედ ამბები სხვადასხვა თვალთახედვითა და პერსპექტივით დაგვიხატა. ეს ზოგჯერ ბავშვის (მეს) გულუბრყვილო და თამამი ხედვაა, ბავშვისა, რომელიც ხან დაბადებულიც არ არის, ხან 6 წლისაა, ხან 12-ის, ხან 17 -ის. ზოგჯერ ამბავი სხვა, ხშირად ერთმანეთს დაპირიპირებული პერსონაჟების თვალითაა დანახული. მერე იმავე ამბავს ვიღაც განზე მდგომი, ობიექტური მთხრობელი გვიყვება… ან იქნებ ეს დღევანდელი ლაშაა?
და სწორედ ეს – სხვადასხვა პერსპექტივით დანახული ჩვენი ისტორია – ანიჭებს თხრობას ჭეშმარიტ სიღრმეს. და კიდევ – იუმორი და ირონია, განსაკუთრებით, ყოველთვის ასეთი მიმზიდველი – თვითირონია. მაგალითისთვის შემიძლია მოვიყვანო ეპიზოდი, როდესაც ბაზელში ჩასული 17 წლის ბიჭი პირველად იგრძნობს ქალთან სიახლოვის ძალას. მერე ისინი ერთად მისეირნობენ ბაზელს ქუჩებში და ავტორი დასძენს: “ და მე იქვე, სუპერმარკეტისკენ მიმავალ გზაზე, დავთმე ყველა პრინციპი”.
და პერსონაჟები… მათი სიუხვე. ეს უამრავი და ხშირად სასაცილო, ნამდვილი თუ შეძენილი დედები, მამები, ბაბუები, ბებიები, ბაბუების მამები. ზოგი თანამდებობის პირი, ზოგი – კონფორმისტი, ზოგი – შიშით და შფოთით შეპყრობილი, ზოგი – თავშეკავებულად მეამბოხე.
რა მომხიბვლელია ეპიზოდი, როდესაც 6 წლის ბავშვი (ავტორისეული “მე”) აქეთ-იქიდან ხელჩაკიდებული მიჰყავთ მშობლებს სკოლაში. კვიმატი და გამჭრიახი ბავშვის აღქმაში ეს ერთმანეთს დაპირისპირებული მარჯვენა და მარცხენა მხარეა: „ბევრს არაფერს ამბობენ, მაგრამ მე ხომ ვგრძნობ, როგორ ჩხუბობენ აი, ამ წუთას, ჩემზე ხელჩაკიდებულები… მარჯვენა მხარე პირქუშად დუმს, მარცხენა გაფანტულია და ჩემ გამხიარულებას ცდილობს უშინაარსო სიტყვებით: აი, შენი სკოლა“… და ბავშვის ფიქრები: „რა არ მოსწონთ, ერთმანეთი, თუ ეს სინამდვილე, რომლის ნაწილი მეც ვარ?
რა უფლებით მტოვებთ ამ საშინელ ნაცრისფერ შენობაში?“
შიში, შფოთი… საბჭოთა კავშირის მკვიდრთა ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრად დამახასიათებელი თვისება. ამ თვისებით აერთიანებს მწერალი თავის უახლოეს პერსონაჟებს – დედასა და ბებიას და ამ ერთგვარობას ასე ხატოვნად აღწერს: „ისინი სხვადასხვა ეპოქაში მოვიდნენ ამქვეყნად, მაგრამ როცა შეეშინდათ, წაბლისფერი თვალები ზუსტად ერთნაირად გაუფარდოვდათ გენეტიკურად თუ ისტორიულად ერთნაირი შიშისგან: საით მიექანება მსოფლიო?“
ბებიას პირველად „რეგიონული მასშტაბით“ 1937 წელს შეეშინდა, როდესაც მისი მამა დააპატიმრეს, მერე – 1941 წელს, მერე – 1956 წელს, ხოლო მსოფლიო ისტორია მის ცხოვრებაში 1962 წლის კარიბის კრიზისით შეიჭრა: მსოფლიო ომის შიში. ეს შიში არც მოგვიანებით განელებია და ასე გაატარა მთელი ცხოვრება, როგორც ტოტალიტარული ქვეყნის ტიპურმა მოქალაქემ – მუდმივ შფოთსა და უფრო ცუდის მოლოდინში.
ეს ბებია ერთ-ერთია იმ უამრავ მოქმედ პირს შორის, რომლებიც ცოცხლობენ რომანის ფურცლებზე. მათ შორის პირადად ჩემთვის ყველაზე საინტერესო ორია, მამა-შვილი, ე. წ. პროფესორი ირაკლი და მისი შვილი თამრიკო; ეპოქის მთავარი ტენდენციების გამომხატველი ორი ერთმანეთს დაპირისპირებული პერსონაჟი: ეროვნული იდეით შთაგონებული და საბოლოოდ ფანატიზმამდე მისული თამრიკო და მჭვრეტელი, ანალიტიკოსი, ეჭვებით შეპყრობილი და, შესაბამისად, უმოქმედო ინტელიგენტი – ირაკლი.
თამრიკო იმდენად ცოცხალი პერსონაჟია, რომ მან ჩემი გულწრფელი სიმპათია დაიმსახურა, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში ყველაზე მეტად სწორედ ფანატიკოსებს ვერ ვეგუები. ეს ის შვილია, მამა რომ დაგმო ტელევიზიით და მაშინვე მოინანია, ვისაც „ვერა და ვერ დაეძლია ეს მამა და ამ დროს მისი ცხოვრების მთავარი ადამიანი იყო – სიკვდილის მერეც“.
და ბოლოს, ირაკლი, ანუ მერაბ მამარდაშვილი. ჩემს აღქმაში – საკვანძო პერსონაჟი, არა მარტო რომანის, არამედ იმ დროისა; ნამდვილი გამონაკლისი: მე არ მეგულება კიდევ ვინმე, ვინც იმ ტრაგიკული ამბების მონაწილე იყო და თან იქვე, მაშინვე ახდენდა მოვლენების ფილოსოფიურ გააზრებას ლექციებზე, ტრიბუნიდან თუ პირად საუბრებში. ავტორმა ეს პერსონაჟიც მისთვის ჩვეული სტილით აღწერა: ცოტა აგდებულად, ცოტა ირონიით, მაგრამ მისი გამორჩეულობის სათანადო დაფასებით. რადგანაც, მიუხედავად ამ, ერთი შეხედვით, დამაკნინებელი ინტონაციისა, მე რომანში ამოვიკითხე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩემი პირადი თვალთახედვა: დამოკიდებულება ადამიანისადმი, რომელიც უდიდესი გამბედაობით და მხოლოდ და მხოლოდ ინტელექტის სიძლიერით ეწინააღმდეგება ფანატიზმს.
და თვალწინ დამიდგა: საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ტრაგიკული მოვლენებით სავსე პერიოდი. სახალხო ფრონტის გამოჩენა პოლიტიკურ ასპარეზზე. მისი ყრილობა, სადაც მამარდაშვილმა წარმოთქვა ის საბედისწერო სიტყვები ჭეშმარიტების შესახებ…
და კიდევ უფრო პირადი მოგონება: დიდი ხნის მანძილზე, ყოველ ოთხშაბათს როგორ ვიკრიბებოდით ჩემთან რამდენიმე ადამიანი, მათ შორის მერაბ მამარდაშვილი; ვიკრიბებოდით იმისათვის, რომ გვესაუბრა საქართველოზე, მის დღევანდელობასა და მომავალზე, განვითარების გზებზე. ყურადღების ცენტრში, თავისთავად და ბუნებრივად, ყოველთვის მამარდაშვილი ექცეოდა. მომხიბლავი იყო მისი რეფლექსიის შინაარსიც და სტილიც, ისე ხელშესახებად გრძნობდი, როგორ იბადებოდა მის გონებაში ფიქრი. მგონი მაშინ, ჩვენ თვალწინ დაებადა, ასეთი საინტერესო აზრი ქართულ კულტურაში არსებული კოდირებული ელემენტის – „სიხარულის ანუ სიცოცხლის ტალანტის“ შესახებ…
მე მგონი, ლაშა ბუღაძისთვის ეს რეალური პერსონაჟი სწორედ იმითაა საინტერესო, რომ ის მთელი თავისი არსით, ანუ რეფლექსიისადმი მიდრეკილებით, ეწინააღმდეგება ფანატიზმს. „აქ იმიტომ ვარ, რომ უაღრესად სუბიექტურად აღვიქვამ მოვლენებს. მაგრამ აქ ყველა სუბიექტურია… ყველა განადგურების ჟინით არის შეპყრობილი. ხოლო ის, რაც მიწასა და ცას შორის არის გამოკიდებული, სამწუხაროდ, მდუმარე და ბეჩავია. არადა ეს შუაა სიცოცხლე, რადგან გადარჩენა შუაგულშია და არა უკიდურესობებში. ცენტრი სადაა? მე საყრდენ კედელს ვეძებ, იცით“…
ეს რომანის პერსონაჟის თითქმის ბოლო სიტყვებია. სიტყვები პერსონაჟისა, რომელიც იაზრებს მოვლენებს, ეძებს ჭეშმარიტებას – საყრდენ კედელს – და წვალობს. და ასე, ეჭვით და წვალებით, კვდება.
ვეთანხმები რომანის ბოლოსიტყვაში გამოთქმულ აზრს, რომ ამ წიგნში პირადი ისტორიის პარალელურად ვითარდება “მეტისმეტად ახალგაზრდა, ქაოსით მოცული, დაბნეული საქართველოს ბიოგრაფიაც”.
და ჩვენ ყველა ამ ბიოგრაფიის ნაწილი ვართ. იქნებ დადგა დრო და ეს რომანიც ამის მაუწყებელია, წიგნის პერსონაჟებთან და ავტორთან ერთად უფრო სიღრმისეულად გავიაზროთ ჩვენი წარსული, რომელიც, ფაქტობრივად ჯერ წარსულიც არაა, იმდენად ჯერ კიდევ ცოცხალია და მფეთქავი…