კორმაკ მაკართის გზა, რომელიც არსად მიდის
გაფრთხილება მკითხველს!
თუ ამ წიგნის წაკითხვას აპირებთ, ყველა იმედი გარეთ დატოვეთ!
“გახსოვდეს, თავში რასაც ჩაიბეჭდავ, ვეღარასოდეს ამოიგდებ იქიდან, უთხრა, სულ მაგაზე იფიქრე. – ისე, რაღაც მაინც გვავიწყდება არა? – ჰო. რის დამახსოვრებაც გვინდა, გვავიწყდება და გვამახსოვრდება, რის დავიწყებასაც ვისურვებდით.“ (მაკართი. გზა. 14)
ამერიკელი მწერალი კორმაკ მაკართი თავის რომანში გზა – პოსტაპოკალიფსური სამყაროს ვერგილიუსად გვევლინება, რომელიც მკითხველს წინ მიუძღვება ბნელ და უიმედო სამყაროში, სადაც არათუ მოხუცების ან ახალგაზრდების, არამედ არავითარი სულიერის ადგილი აღარ არის დარჩენილი.
გზა, როგორც სტრუქტურული და შინაარსობრივი ღერძი, რასაც შემდგომ მწერლის გამოგონილი ფიქციური სამყარო ემყარება, ერთ-ერთი მთავარი ლიტერატურული ფენომენია მსოფლიო ლიტერატურაში. ჰომეროსის “ოდისეა”, დანტე ალიგიერის “ღვთაებრივი კომედია”, მიგელ დე სერვანტესის “დონ კიხოტე”, ჯეიმს ჯოისის “ულისე” და სხვა არაერთი ლიტერატურული შედევრი, სწორედ გზას და ძიების ფენომენს ეფუძნება. გზა გვევლინება ცენტრალურ თემად 2006 წელს გამოქვეყნებულ რომანშიც, რომელმაც კომარკ მაკართის პულიცერის პრემია მოუტანა და ახლახანს ხელახლა გამოიცა ქართულ ენაზე სულაკაურის გამომცემლობის მიერ.
ამერიკელი პროზაიკოსი მისთვის დამახასიათებელი საოცრად დახვეწილი პოეტური ენით აღწერს სამყაროს განადგურების შემდეგ ცოცხლად გადარჩენილი მამა-შვილის მძიმე და ტრაგიკულ გზას, რომელიც ხანძრის შემდგომ ფერფლსა და მტვერში იძირება. “ლიტოდისეის” სერიაში გამოცემულ რომანს კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის ზაზა ჭილაძის თარგმანი, რომელიც ავტორისეულ ენას მაღალმხატვრულ ღირებულებას უნარჩუნებს და მკითხველს საოცარი პოეტურობით აჯადოებს.
„სუსხიანი, ჭირვეული ქარი აქეთ-იქით ერეკებოდა სიცარიელეში უკვე მკვდარი სამყაროს ფერფლსა და ნაცარს. დაუბერავდა, წამოყრიდა, მიმოფანტავდა და ასე გაუთავებლად. აღარაფერს შერჩენოდა ფესვი და საყრდენი. ავლიანი ქარის სათამაშოდ ქცეულიყო ქვეყნიერება, სულის ერთი, ისიც სუსტი, ოდნავი შებერვაღა უნდოდა და ეგაა, მომთავრდებოდა ყველაფერი. ნეტა ქვის გული მაინც მქონოდაო, გაიფიქრა.“ (მაკართი. გზა. 13)
პროტაგონისტებთან ერთად, წიგნის თითოეული გვერდის კითხვისას, მკითხველიც შიშითა და ძრწოლით მიუყვება გზას, სადაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე სიკვდილია ჩასაფრებული და არავინ იცის სად მიდის ან სად სრულდება. მკითხველთა ნაწილს წიგნის სიუჟეტი “The last of us”-ს მოაგონებს, ორი მთავარი გმირის ისტორია, რომლებიც იბრძვიან გადარჩენისთვის, ხოლო, მათ ერთადერთ იმედად ის გზაა დარჩენილი, რომელსაც წიგნის პირველივე ფურცლებიდან შეუპოვრად მიუყვებიან, ვიდრე უკანასკნელ გვერდამდე.
„გაბმულად ახველებდა, ისე ძლიერ, რომ ბოლოს წელში მოხრილი ხელისგულებით მუხლებს მიებჯინა. პირში სისხლი იგრძნო. სიბნელიდან ტალღების უხალისო ხმიანობა მოისმოდა და უცებ საკუთარ სიცოცხლეზე დაფიქრდა, თუმცა სადღა იყო საერთოდ სიცოცხლე? მით უფრო დაფიქრების ღირსი.“ … „ყოველი დღე ერთი დიდი ტყუილია, თქვა. სიმართლე მხოლოდ ისაა, რომ კვდები, დაამატა იქვე.“ (მაკართი. გზა. 230)
პულიცერის მფლობელი მწერლის მთავარი ფუნქცია სიკვდილსა და სიცოცხლეზე წერა იყო და განსაკუთრებით აფასებდა ავტორებს, რომლებიც ამ თემებს არ გაურბოდნენ. “სიკვდილი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია სამყაროში. შენთვის, ჩემთვის, ყველა ჩვენგანისთვის. ამის შესახებ ლაპარაკის უუნარობა ძალიან უცნაურია.“ – ამბობს მაკართი ერთ-ერთ ინტერვიუში.
კორმაკ მაკართიმ რომანი საკუთარ შვილს, ჯონ ფრენსის მაკართის მიუძღვნა და მასვე მიიჩნევდა წიგნის თანაავტორად. “ჯონი რომ არა, რომ არა ჩემი ბიჭუნა, ეს წიგნი არ იარსებებდა. ამიტომაც მივიჩნევ მას ჩემს თანაავტორად. და თუ კითხვისას ეს ისტორია გაუსაძლისად სევდიანი მოგეჩვენებათ, გახსოვდეთ, რომ ის სინამდვილეში მხოლოდ მამისა და შვილის სიყვარულზე დავწერე” – ამბობდა კორმაკ მაკართი.
„ფიქრობდა, ვინ იცის, სამყაროს აღსასრულმა სწორედ ახლაღა გახადა შესაძლებელი მისი ოდესღაც შექმნის საიდუმლოს ამოხსნაო. ოკეანეების, მთების წარმოშობისა. თითქოს უკან გადახვეულს უყურებდა ყოველივეს უკვალოდ გაქრობის ამსახველ ფირს. სიცარიელე იწოვდა და ისრუტავდა ყველაფერს. დაუნდობლად, გულგრილი სიჯიუტით. სრულ მდუმარებაში.“ (მაკართი, გზა, 262)