დავიწყებული ღმერთები

ზურა აბაშიძე
21 მარტი, 2017

„ღმერთები იხოცებიან. და როცა ღმერთები ნამდვილად იხოცებიან, მათ აღარავინ გლოვობს ან იხსენებს“.

ნილ გეიმანის სამყარო არასდროს მტოვებს იმედგაცრუებულს. ჯერ იყო პატარა კორალაინის ისტორია, მშობლებს რომ აუმხედრდება, პარალელურ სამყაროში გასასვლელ საიდუმლო კარს იპოვის  და დიდ ამბებს დაატრიალებს,  შემდეგ კი „ვარსკვლავის მტვერი” _ კიდევ ერთი გეიმანისეული ისტორია ზღაპრულ სამყაროსა და ბიჭზე, რომელიც ვარსკლავის საძებნელად გაემართება. მაგრამ „ამერიკელი ღმერთების“ შემთხვევაში ყველაფერი სულ სხვანაირადაა. აქ არც ბავშვებისა და მოზარდებისთვის გასაგებ ენაზე დაწერილ წიგნთან გვაქვს საქმე და ვერც ზღაპრულ სამყაროს აღმოაჩენთ.  ყველაფერი უფრო რთულადაა… რომანი ერთი შეხედვით  დიდების საკითხავია, იმათი, ვისაც სმენია ანტიკურ ღმერთებსა და სკანდინავიურ მითებზე, თუმცა არც პატარა ასაკია პრობლემა, მთავარია – სურვილი.

მეც, მიუხედავად იმისა, რომ არც ჟანრისადმი დიდი სიყვარულით გამოვირჩევი და უფრო ადამიანების ისტორიები მაინტერესებს, ვიდრე ღმერთებისა _ მით უმეტეს ამერიკელი ღმერთებისა, კოკა-კოლას რომ სვამენ და შტატიდან შტატში, ქალაქიდან ქალაქში დაეხეტებიან _ პირველივე ფურცლებიდან ვერ მოვწყდი წიგნს; ჩამითრია გეიმანისეულმა ჩახლართულმა სამყარომ, ჭექა-ქუხილიანმა გზატკეცილებმა, მშვიდმა ლეიკსაიდმა და ამერიკაში პირველად ჩასული ხალხის ისტორიებმა.

სინამდვილეში ნილ გეიმანის 2001 წელს დაწერილ წიგნს ვერც ერთ ჟანრს ვერ მოარგებ. მიუხედავად იმისა, რომ „ამერიკელმა ღმერთებმა“ ნებულასა და ჰიუგოს (რომლებსაც ძირითადად სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის წიგნებზე გასცემენ ხოლმე), ასევე „ბრემ სტოკერის“ (საშინელებათა ჟანრი) ან თუნდაც „ლოკუსის“(ფენტეზი) პრემიები დაიმსახურა, მაინც რთულია ერთ ჩარჩოში ჩასვა ეს რომანი და ერთი ჟანრი მიუსადაგო. დიახ, ცოტა-ცოტას ყველაფერს ნახავთ ამ წიგნში: ფანტასტიკასაც, ფენტეზსაც, ისტორიული ჟანრისთვის დამახასიათებელ ნიშნებსაც და რას აღარ! თქვენ წარმოიდგინეთ,  ოჯახური დრამაც კი გათამაშდება წიგნის ფინალში. ამ ყველაფერსაც თავი რომ დავანებოთ,  წიგნი მაინც ერთი დიდი ამბავია სიკეთისა და ბოროტების შერკინებაზე; ესაა ზღაპრის ელემენტებზე აგებული წიგნი, რომელსაც თავისი გმირიც ჰყავს, თავისი ბოროტმოქმედიც და თავისი მეორეხარისხოვანი, თუმცა მნიშვნელოვანი პერსონაჟები. თუმცა, სხვა მსგავსი ამბებისგან განსხვავებით, ნილ გეიმანი ყველა გზას გიჭრის და წიგნის კითხვისას არ გტოვებს შეკითხვა: რა მოხდება შემდეგ?

რომანი დავიწყებულ ღმერთებზეა. მითები, ღმერთები, მაგიური არსებები ერთ წიგნში ცოცხლდებიან და ამერიკაში იყრიან თავს, იქ განაგრძობენ არსებობას. მართალია დასუსტებულები არიან, მაგრამ მაინც არ კარგავენ მხნეობას და გეგმავენ ბრძოლას _ ბრძოლას ახალი ღმერთების წინააღმდეგ; ბრძოლას მედიის, ინტერნეტის, კაზინოებისა და რის წინააღმდეგ აღარ. ახალმა დრომ ახალი ღმერთები შვა, ხოლო ძველები დაივიწყა. თუმცა არც მთლად ეგრე მარტივადაა საქმე. მე მგონი, წიგნი უფრო ადამიანებზეა, ღმერთები რომ დაივიწყეს და იმ ადამიანებზე, ამდენი საუკუნის განმავლობაში რომ ემსახურებოდნენ ღმერთები და ახლა ასე უმოწყალოდ ჩაანაცვლეს ახლებით.

წიგნში მოქმედება ციხეში იწყება. შედოუ მუნი მესამე წელია, რაც ციხეში ზის და მისი გათავისუფლების დრო მოვიდა. ყოველდღე ფიქრობს თავისუფლებაზე, მშვიდ ცხოვრებასა და საყვარელ ცოლზე, ლორაზე, რომელიც სახლში ელოდება, მაგრამ სანამ ციხიდან გამოუშვებენ ტრაგიკულ ამბავს აცნობებენ _ ლორა ავარიის დროს დაიღუპება და შედოუსაც მთელი გეგმები ეცვლება. იმის ნაცვლად, რომ სახლში დაბრუნდეს, გარიგებას დებს ღმერთთან, უენდზდეისთან, რომელიც თავდადებას, მორჩილებასა და თუ საჭირო გახდა, თავის შეწირვას ითხოვს შედოუსგან. შედოუც თანხმდება და აქ იწყება ნახევრად ღმერთული და ნახევრად ადამიანური თავგადასავალი.

მიუხედავად იმისა, რომ ავტორი არცერთ კითხვას არ ტოვებს უპასუხოდ, არცერთი კარი არ რჩება დახურული და არცერთი თემა ამოუწურავი, შედოუ მუნის შეყვარება მაინც ჭირს. არცერთ გვერდზე არ ნერვიულობ მასზე, არც ხეზე ჩამოკიდებული გედარდება და არც გაყინულ წყალში მომაკვდავი გიჩუყებს გულს. ვერ შევძელი, მთელი წიგნის კითხვისას მეერთგულა მისთვის, გამეზიარებინა მისი დარდი თუ სიხარული… მაგრამ ეგ არაფერი, წიგნში ძალიან ბევრი სხვა პერსონაჟი შეგხვდებათ, რომლებსაც ვერასდროს დაივიწყებთ. თუნდაც ამერიკაში ჩამოსულ პირველ ხალხს და მათ ისტორიებს,  ღმერთებს რომ მატებენ ძალას; მეძავ ღმერთს, რომელიც მთელი სხეულით ისრუტავს კაცს, ვერც ტაქსის მძღოლ ღმერთს დაივიწყებთ და ვერც ტყუპი აფრიკელი და-ძმის ისტორიას.

და მანამ, სანამ ახალ ღმერთებს დავემონებით, ნუ დავივიწყებთ ოდინს, ისტერს, ჩერნობოგს, მისტერ ნანსის, იბისს, ვისკი ჯონს და სხვა ღმერთებს, თორემ შეიძლება უზარმაზარი ბრძოლა გაიმართოს და ბრძოლის ველი ჩვენი, ადამიანების გონება იქნება.

საბოლოოდ, ვისაც წაკითხული არ გაქვთ „ამერიკელი ღმერთები“, წინ ძალიან დიდი მოგზაურობა გელოდებათ, ხოლო ვინც უკვე წავიკითხეთ, ამ წიგნის მიხედვით გადაღებული სერიალით შევიქცევთ თავს, რომელიც სულ რამდენიმე კვირაში გამოვა ეკრანებზე და დაველოდებით ქართულ ენაზე გამოცემულ გეიმანის სხვა წიგნებსაც.

მიხეილ ციხელაშვილი - ბლოგი
On.ge
მარიამო ჯანელიძე
ანდრო ყირიმელი
ლანა ღოღობერიძე
ლევან ცაგარელი
დათია ბადალაშვილი
შოთა იათაშვილი
ზაზა აბზიანიძე
გუგა მგელაძე
ანა მიქაუტაძე
გუგა მგელაძე