აზიმოვის დასაბამის „დასაბამი”

დათო სამნიაშვილი
27 სექტემბერი, 2017

რა არის ადამიანი და მისი დასაბამი? ერთი შეხედვით ეს განუსაზღვრელი არსება – მე, შენ და ყველა სხვა, – ისტორიაში, ფსიქოლოგიასა და მათემატიკაში შეგვიძლია მოვაქციოთ.

ისტორია თუ მასების ქცევა, საერთო რეაქციები და კოლექტიური ინფორმაციაა, ფსიქოლოგია ინდივიდების აღქმა, ნეირონების ჯაჭვში გაჩენილი ილუზიაა, რომელიც გვაჯერებს, რომ „მე“ შეიძლება სამყაროს ცენტრი იყოს, მათემატიკა კი ამ ყველაფრის ჯამია.

ადამიანი სოციალური ცხოველი და, ამასთან ერთად, ინდივიდია. სწორედ ეს ოქსიმორონია ერთგვარი მიწოდება-მოხმარება. ჩვენ ყოველდღე გვიწევს საზოგადოებაში ადაპტირება, კოლექტივს საკუთარ თავს ვაწვდით, ეს უკანასკნელი კი მას ამუშავებს. ჩვენ პროდუქტი ვართ, ხოლო საზოგადოება – ბაზარი. ჩვენ ვიბადებით საზოგადოებაში, შესაბამისად ვმუშავდებით და  ვიყიდებით.

დღეს არსებობენ ბაზრის მკვლევარები. ისინი ცდილობენ გათვალონ და განსაზღვრონ, თუ როგორ მუშაობს ეკონომიკა, შესაბამისად, მათი მიზანია, იწინასწარმეტყველონ წარმოებული პროდუქციის მომავალიც. აიზეკ აზიმოვთან ასეთი მკვლევრები ფსიქოისტორიკოსები არიან, მათ არ აინტერესებთ კერძო პროდუქტი, მათთვის პროდუქტი კაცობრიობა და ცივილიზაციაა.

ჰარი სელდონი შორეულ მომავალში, გალაქტიკური ერის 11988 წელს დაიბადება და მომავალს დაითვლის. გალაქტიკური იმპერიაც დაითვლის, მაგრამ ის – საკუთარი არსებობის უკანასკნელ წლებს. ეს ყველაფერი ჰარი სელდონს, როგორც მოწინავე ფსიქოისტორიკოსს, მშვენივრად მოეხსენება, ის დიდებული ისტორიკოსი, ფსიქოლოგი და მათემატიკოსია. ისტორიაზე დაკვირვებით, მასების და ინდივიდების ქცევით და ამ ყველაფრის გამოთვლით, მან იცის, რომ იმპერიას დიდი ხნის სიცოცხლე არ დარჩენია.

თუმცა, დასასრულს ყოველთვის დასაწყისი მოჰყვება. ასე არა მხოლოდ ადამიანების ცივილიზაციაა მოწყობილი, თავად სამყაროს კანონებიც ამ ფუნდამენტზეა დაშენებული. შესაბამისად, მან ვინც იცის, რომ დასასრული ახლოვდება, დასაბამი უნდა მოიფიქროს. ჰარი სელდონი ამ მძიმე ტვირთს საკუთარ გონებას აკისრებს…

ისტორიის, ფსიქოლოგიის და მათემატიკის სინთეზით აზიმოვი გვთავაზობს მომავლის პროფესიას – ფსიქოისტორიკოსობას. „დასაბამში“ ჰარი სელდონს მეცნიერება რელიგიის მასშტაბებზე აჰყავს. ის ერთგვარი მესიაა, რომელიც მომავალში ღმერთსაც უტოლდება და მის გათვლილს თაობები, როგორც რელიგიას, ისე მიჰყვებიან.

რა არის სელდონის სამეცნიერო რელიგიის ამოსავალი წერტილი? ალბათ, ფუნდამენტი მაინც ხერხზე გადის. ხერხი ღონეს ყოველთვის მოერევა, მაგრამ აზიმოვი „დასაბამით“ მიგვანიშნებს, რომ არც ხერხი და არც ღონე სტატიკური არ არის. ისინი ადგილებს იცვლიან. დღევანდელი ხერხი ხვალ შეიძლება ცარიელ ღონედ მოგვევლინოს, ხოლო ის რაც ღონე იყო, ახლა ხერხად ტრანსფორმირდეს.

აზიმოვი ერთგვარ პარალელურ სამყაროს, ამოტრიალებულ რეალობას გვიჩვენებს, რომელშიც რელიგია და მეცნიერება ერთამენთს არ უპირისპირდებიან, პირიქით – „დასაბამში“ მეცნიერება ხდება რელიგია. მეცნიერების ველური ძალა თავს რელიგიის მოხერხებულობაში აფარებს. მეცნიერების ხერხი რელიგია ხდება.

მიუხედავად ამისა, წიგნის კითხვისას მეტამორფოზის მოწმენი ვხდებით: ძველი ხერხი ნელ-ნელა ბლაგვდება, კბილები უჩლუნგდება და შიშველ რკინად რჩება, რომელიც კი არ ჭრის, არამედ მხოლოდ აზიანებს. ერთი სიტყვით, წიგნის ბოლოსკენ აქ უკვე რელიგიაა მოძველებული და ხერხიდან უხეშ ძალაში გადასული. ასეთ დროს ახალი ხერხი ხდება საჭირო და რელიგიის ადგილს კომერცია იკავებს. შეიძლება ითქვას, ამით ავტორი შუა საუკუნეების რელიგიურ ფანატიზმს ველური კაპიტალიზმით ცვლის, სადაც „ქურუმებს კომერსანტები ანაცვლებენ“.

სელდონმა იცის, რომ მეცნიერება ერთგვარი ძალაა, რომელიც გამუდმებით თავშესაფარს ელის, და ზოგჯერ შეიძლება საპირისპიროს, თავისი თავისგან განსხვავებულს შეაფაროს თავი – თუნდაც ისეთს, როგორიც რელიგია ან ფულია.

აშკარა ისაა, რომ ქართულ ენაზე თარგმნილ სამეცნიერო ფანტასტიკას კიდევ ერთი საინტერესო წიგნი შეემატა. აღსანიშნავია, რომ „დასაბამი“ ეს პირველია სამიდან, რომლებიც თითქმის 30 წლის განმავლობაში „დასაბამის ტრილოგიის“ სახელით იყო ცნობილი. დროთა განმავლობაში აზიმოვმა ტრილოგიას კიდევ ოთხი წიგნი შემატა და „დასაბამი“ ამ სამყაროს ქრონოლოგიაში მესამე ადგილზე გადავიდა. ასე რომ, წინ კიდევ 6 წიგნია.

სამწუხაროდ, ფსიქოისტორიკოსი არ ვარ და მომავალს ვერ გავთვლი, მაგრამ რაც მთავარია, დასაბამის „დასაბამი“ შედგა. მომავალი უკვე მკითხველზეა დამოკიდებული.

მიხეილ ციხელაშვილი - ბლოგი
On.ge
მარიამო ჯანელიძე
ანდრო ყირიმელი
ლანა ღოღობერიძე
ლევან ცაგარელი
დათია ბადალაშვილი
შოთა იათაშვილი
ზაზა აბზიანიძე
გუგა მგელაძე
ანა მიქაუტაძე
გუგა მგელაძე