ლაშა ბუღაძე
დაიბადა 1977 წელს
ლაშა ბუღაძემ დაამთავრა თბილისის ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო კოლეჯი (ფერწერა-გრაფიკის სახელოსნო), თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოდრამატურგიის ფაკულტეტი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი.
ლაშა ბუღაძე თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეა. მისი სახელი საქვეყნოდ ცნობილი 2000-იანი წლების დასაწყისში გახდა, როდესაც მისი მოთხრობა „პატარა ქვეყანა“ საქართველოს პარლამენტში საჯაროდ წაიკითხეს და მასზე დაყრდნობით ცენზურის ამოქმედება მოითხოვეს. ამ და სხვა ტექსტების გამო, ბუღაძე არაერთხელ გამხდარა როგორც რელიგიური ლიდერების, ასევე საზოგადოების გარკვეული ნაწილის აგრესიის ობიექტი. თავის ტექსტებში ლაშა ბუღაძე ჩვენი თანამედროვეობის საჭირბოროტო საკითხებს მიმოიხილავს: ცენზურას, საბჭოთა ინერციას, ეროვნულ მენტალობასა და სხვ. მწერალი მთავარ საკითხებს უმეტესწილად სატირულ ჟანრში განიხილავს და დაძაბულ, ხშირად ტრაგიკულ სიტუაციებს იუმორისტულ ჭრილში გვიჩვენებს.
მიღებული აქვს სხვადასხვა ლიტერატურული პრემიები: საბა (2004, 2007, 2009, 2012, 2018), BBC-ს საერთაშორისო კონკურსი (2011) საუკეთესო სცენარისათვის.
მისი პიესები ნავიგატორი და პრეზიდენტი სტუმრად მოვიდა დაიდგა ლონდონის სამეფო თეატრსა და Teatro Circulo-ში, ბროდვეიზე, ნიუ-იორკში. ლაშა ბუღაძის ნაწარმოებები თარგმნილი და გამოცემულია არაბულ, შვედურ, აზერბაიჯანულ, გერმანულ, ალბანურ, ინგლისურ და მაკედონიურ ენებზე.