ხორხე ლუის ბორხესი
არგენტინელი მწერალი ხორხე ლუის ბორხესი 1899 წელს დაიბადა ბუენოს-აირესში. მას ახალი ლათინოამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთ დამაარსებელს უწოდებენ. მკითხველებისა და კრიტიკოსების დიდი ნაწილი კი ბორხესს უნივერსალურ მწერლად მიიჩნევს.
ბორხესმა მოთხრობებისა და ნოველების წერა 1930-იან წლებში დაიწყო და როგორც პროზაიკოსმა, მალევე გაითქვა სახელი. გარდა ამისა, ის წერდა ლექსებსა და ესეებს, თარგმნიდა ფოლკნერისა და კაფკას ნაწარმოებებს, ხელმძღვანელობდა ბუენოს-აირესის ეროვნულ ბიბლიოთეკას და ჰქონდა საკუთარი ჟურნალი. თავის ტრავმის გამო მწერალი ნაწილობრივ დაბრმავდა, თუმცა მუშაობა არ შეუწყვეტია.
ბორხესის მხატვრულ ნაწარმოებებს, რომლებიც მრავალი სიმბოლოთი თუ ალუზიითაა სავსე, ლიტერატურულ ლაბირინთებს ადარებენ. მხატვრული პროზის გარდა მწერლის შემოქმედება მოიცავს ფილმებისა და წიგნების კრიტიკას, დეტექტიურ რომანს, მოკლე ბიოგრაფიებს, ფილოსოფიურ ესეებს მეტყველების, დიალოგის შესახებ და სხვ.
ხორხე ლუის ბორხესი გარდაიცვალა 1986 წელს ჟენევაში.