კარლ უვე კნაუსგორი
დაიბადა 1968 წელს
ნორვეგიელი მწერალი კარლ უვე კნაუსგორი პირველივე რომანით მოექცა ლიტერატურის მოყვარულთა თვალთახედვის არეში. მისმა სადებიუტო ნაწარმოებმა „სამყაროდან გასული“ ნორვეგიელ კრიტიკოსთა პრიზი დაიმსახურა. ამის შემდეგ მას მრავალი ლიტერატურული ჯილდო მიენიჭა, რომელთა შორის აღსანიშნავია ბრაგეს (რომანისთვის „ჩემი ბრძოლა“, წიგნი პირველი) და გილდენდალის პრემიები. კნაუსგორის წიგნები თარგმნილია 30 ენაზე.
მისი მაგნუმ ოპუსი, ე.წ. ავტოფიქციური რომანი „ჩემი ბრძოლა“ ექვსი წიგნისგან შედგება და 3500 გვერდს აერთიანებს, სადაც მისი ცხოვრების სხვადასხვა მონაკვეთებია აღწერილი. ის უკვე იქცა თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურის მნიშვნელოვან ნაწილად. რომანი უდიდეს აღტაცებასა და მძაფრ ემოციას იწვევს მკითხველში. ნაწარმოების გამოსვლის შემდეგ კნაუსგორზე საუბრისას ხშირად ახსენებენ მარსელ პრუსტს და ავტორს მის თანამედროვე მემკვიდრედაც მოიხსენიებენ.