ავსტრალია
1 წიგნი

გრეგორი დევიდ რობერტსი

გრეგორი დევიდ რობერტსი 1952 წლის 21 ივნისს ავსტრალიის მელბურნში დაიბადა. ძალიან ცოტა რამ ვიცით რობერტსის ბავშვობის შესახებ და თავადაც იშვიათად იხსენებს
ადრეულ წლებს. შედარებით უფრო მკვეთრი მონახაზი გვაქვს ახალგაზრდობის პერიოდზე: სტუდენტობის პერიოდში ის მემარცხენე და ანარქისტულ დაჯგუფებთან იყო დაკავშირებული.

ცოლთან გაშორებისა და შვილზე მეურვეობის დაკარგვის შემდეგ, მან თავშესაფარი ნარკოტიკებში იპოვა. მალევე ხელი მძარცველობას მიჰყო, თუმცა ამ ერთი შეხედვით ძალიან გაცვეთილ კრიმინალურ საქმიანობაშიც თავისი უჩვეულო ბუნება გამოავლინა: ის ყოველთვის დახვეწილ კოსტიუმში გამოწყობილი ძარცვავდა ხალხს და თავის მსხვერპლებს თავაზიანი ფორმებით — „გეთაყვა, გმადლობთ“ — მიმართავდა. სწორედ ამის გამო მას „ჯენტლმენი ბანდიტი“ შეარქვეს.

1980 წელს დააპატიმრეს, მაგრამ ციხიდან გაპარვა მოახერხა. მეტიც — მან როგორღაც ინდოეთამდე ჩააღწია და ათი წლის განმავლობაში მშობლიურ ავსტრალიაში ძებნილად
ითვლებოდა.

ინდოეთში მხოლოდ პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის გამოსადეგი ცოდნით საავადმყოფო გაეხსნა, ადგილობრივი მაფიის წევრი გამხდარიყო, ავღანეთში საბჭოთა კავშირის შეჭრისას ებრძოლა, ბოლივუდის ფილმებში ეთამაშა და მუმბაის ციხეში ამოეყო თავი. როგორც მოგვიანებით ეს გამოცდილება აღწერა, ამ ციხეში ისე სასტიკად აწამეს, რომ არ ეგონა, თუ იქიდან ცოცხალი გამოვიდოდა.

1990 წელს კვლავ დააპატიმრეს და ავსტრალიაში დააბრუნეს. სწორედ ავსტრალიის ციხეში მეორედ მოხვედრის შემდეგ დაიწყო მან პირველ წიგნზე მუშაობა, რომლის ხელნაწერიც ციხის მცველებმა ორჯერ გაუნადგურეს.

რომანის წერა თავიდან, მესამედ დაიწყო და დაასრულა კიდეც: 2003 წელს გამოქვეყნდა შანტარამი, მსოფლიო ბესტსელერი, რომელიც 40-ზე მეტ ენაზე ითარგმნა და მისი ექვს
მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა.