ამბავი ძველი ქვეყნისა და ძველი მტრებისა – დათია ბადალაშვილის რეცენზია
1921 წლის თებერვლის ცივ ღამეს ქაიხოსრო ხარჯახიშვილი თავთით ეჯდა ორ მკვდარ შვილს. ზაალი რუსების ყუმბარას შუაზე გაეწყვიტა. ლევანის თავს კი, რამდენიმე დღე იყო, ეძებდნენ.. ოთახში კიდევ იყო უმცროსი შვილი ელიზბარი, რომელსაც კითხვები ჰქონდა მამასთან, მამას კი პასუხის გაცემა უფრო მეტად უჭირდა, ვიდრე შუათანა შვილის თავის მორგება ტანთან.
ქაიხოსრო ხარჯახიშვილს ახლა ელიზბარის გარდა, არანაკლებ მნიშვნელოვანი რამე ჰქონდა გადასარჩენი. ეს მისი წინაპრების
ჩანაწერები იყო. ავზაალის თუ დიდი ქაიხოსროსი, საზვერელისა თუ შალვასი. ყველა ჩანაწერი სისხლით იყო დაწინწკლული.
ჩანაწერები ომებში დაბერებულ ღვაწლმოსილ მეფეზეა, რომელიც ბევრჯერ შეცდა, მისმა უმთავრესმა შეცდომამ კი ქვეყანა გადაიყოლა. ჩვენ კი ის მაინც გვიყვარს, ვამართლებთ, სიყვარულმა გააკეთებინაო, ისევე, როგორც ქალები – მოძალადე ქმრებს, ანდა სამკვიდროდაკარგული შვილი – ლოთ მამას.
მწარედ შეცდა ის მეფე – ვისაც დახმარებას სთხოვდა, იმან ძველი მტერი მიუქსია. მახვეწარი ბოლომდე რომ გაებეჩავებინა. რომ ადვილად ხელში ჩასაგდები ყოფილიყო. ჩაიგდეს კიდეც და თანაც დაგვამადლეს, ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ ქრისტიანული კაცთმოყვარეობა გვაიძულებსო. დაგვიპყრეს და დაიწყეს: ჯერ მღვდლები მოგვისიეს, რომლებმაც საფლავებისა და საყდრების ძარცვა დაიწყეს. ერთი, რომელიც მანამდე ამბობდა, ნეხვით სავსე ორმოში რომ ჩაგაგდონ, ესე იგი ასეა საჭირო და იქიდან სარგებელი უნდა მიიღოო, გასაძარცვ საფლავს დააკვდა ზედ.
შემდეგ კი ავჯანყდით და გავიყიდეთ. საერთოდაც ამბობენ, ამბოხი იმათ გასცეს, ვინც გენერლის ეპოლეტები დაიკრა მხარზე და თან სევდიან, უნიჭო ლექსებს წერდნენ ქეიფსა და სამშობლოზე. დასჯით კი უბრალო და ამასთანავე ბრალიანი გლეხის შვილები დაისაჯნენ. ამათგან ერთ საიდუმლო ანბანის შემქმნელ ბერს მკერდიდან ჯვრის ჩამოგლეჯასარ აკმარებენ და მონასტრიდან თბილისამდე ათრევენ ცხენზე გამობმულს.
ერთი უნიჭო რომანტიკოს-გენერალი კი თავის ულამაზეს ქალიშვილს ასაკით ბევრად უფროს ნაძირალას მიათხოვებს, თან ისეთს, რომელზეც იცის, რა სულისაც არის ის. წიგნში გაიგებთ, თუ რას ამბობს ის კაცი თავის ცოლზე და როგორ მოიხსენიებს მასზე შეყვარებულ ქალს. როგორ წავა თეირანში წყლის ასამღვრევად და როგორ დაამთავრებს სიცოცხლეს. თუმცა ამ კაცს ჩამოასვენებენ და ერთ-ერთ ყველაზე წმინდა ადგილას დაფლავენ. დონალდ რეიფილდი თავის წიგნში „ საქართველო – იმპერიათა გზაჯვარედინი“ ჰყვება, რომ კონსტანტინე გამსახურდიამ სწორედ ამის გამო თქვა უარი იმ ადგილას დამარხვაზე, სადაც ქრისტე და იუდა ერთად მარხია.
ბოლოს კი სრულიად რუსეთის იმპერატორი ჩამოდის თბილისში. დატრიალდებიან ქართველები წელებზე ფეხს იდგამენ, რომ როგორმე თვითმპყრობელს ასიამოვნონ.. ის კი არაა მათით კმაყოფილი – შეწუხდა კაცი, ყველა ერთმანეთს აბეზღებს: გლეხი თავადს, ჩინოვნიკი ჩინოვნიკს, მთავარმართებელი პოლიცმაისტერს. მოიწყინა კაცმა. ქართველები დატრიალდებიან, უნდათ, გაღიზიანებული კაცი მოალხინონ და თან სათხოვარი აქვთ. სათხოვარი კი მარილზე ფასის დაწევას თუ სამხედრო სასწავლებლის გახსნას ეხება. იმპერატორს მოიმადლიერებენ და თან ისეთი გზებით, რომ წაიკითხავთ, გული აგემღვრევათ, საკუთარ ხორცს მოიძულებთ.
უბედურება ისაა, რომ ეს ყველაფერი სიმართლეა, არაფერი გამოუგონია მწერალს. უბრალოდ, გარდაცვლილ მსხვერპლებს მოერიდა და სახელები შეცვალა, თუმცა, ვფიქრობ, რომ შეცდა.
ბათუმის „ბიბლუსში“ ვიჯექი, როცა ვკითხულობდი. წიგნის მაღაზია იმ შენობაშია, რომელშიც ილია ჭავჭავაძე ჩერდებოდა ხოლმე. ეს – იქამდე, ვიდრე ტყვიას არ ვთხლეშდით შუბლში. ხო, ვთხლეშდით, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ დასხლიტა თოფი, ბერბიჭაშვილმა, ორჯონიკიძემ თუ ბადალაშვილმა. და ყოველთვის ვკლავთ, როცა იმას ვყიდით, რის შენახვაც გვავალია.
მე წიგნისგან სხვა რამეს ველოდი, იმას, თუ როგორ დაგვჩაგრა ერთი მუჭა კეთილშობილი ხალხი მრავალრიცხოვანმა მტერმა, რომ აუცილებლად გვეშველება, რადგან ღვთისმშობლის წილხვედრები ვართ.
ამ წიგნში კი ბესო სოლომანაშვილმა თავისი ქართლური მოურიდებლობით მომახალა, რომ თავიდათავი ჩვენ ვართ და სულშიც ჩამახედა. მე ვტიროდი ბათუმის „ბიბლუსში“ და მინდოდა, დამერეკა სოლომანაშვილისთვის და ქართლურადვე მეგინებინა მისთვის. რადგან ამ წიგნში ყველაფერს მოჰყვა რასაც ვმალავთ სახლში, კარში თუ ქეიფში. არ დავურეკე იმიტომ, რომ პაპაჩემი ბიძაშვილმა დააბეზღა, მის კალოზე ედგა თვალი. რომელიც დაუტოვეს კიდეც, როცა პაპაჩემი თონესთან დახვრიტეს შვილის თვალწინ. ბიძაჩემებიც ქართველის მიერ გაყიდულ ომში დაიხოცნენ. საერთოდაც ღვთისმშობელს წარმოდგენაც არ ექნება, რა ვალსაც ქართველები ვადებთ. ბედი მისი, რომ აქ არ ჩამოდის. ამ წიგნში ექვსას გვერდზე მეტია და ამბების ფონზე სულაც არ იჩაგრება მწერლური ხელობა. სოლომანაშვილი კარგი რეჟისორიცაა და დრამატურგიული ხრიკები არ ეშლება.
ეს წიგნი ბრწყინვალეა და, ჩემი აზრით, ერთ-ერთი საუკეთესო, რომელიც კი ქართულ ენაზე წამიკითხავს.
რაც შეეხება ენას, ამ ექვსას გვერდში ნასახს ვერ ნახავთ ჟურნალიზმისა. ვერცერთ სიტყვას, უშნოდ რომ აჭყიტებს და წიგნში მჟღერი ხმის გამო როა ჩატენილი.
ახლა კი ათას ცხრაას ოცდაერთი წლის თებერვალია და ხარჯახიშვილი თავის მკვდარ შვილებს ბოლო ღამეს უთენებს. კოჯორთან დახოცილი იუნკერი შვილები ეკლესიასთან უნდა დამარხოს. მალ-მალე ოთახიდან გადის და გვერდით ოთახში ძილად მივარდნილ ცოლს დასცქერის, უნდა, დარწმუნდეს, რომ სუნთქავს. უკან გამობრუნებისას დაინახავს, რომ გამოწეულ უჯრაში სისხლიანი და ტყვიით გახვრეტილი წერილი დევს. წერილს ფრთხილად იღებს – არ უნდა, ქაღალდმა იშრიალოს და მწუხარე ქალს გაეღვიძოს. ხელწერა იცნო – უთავოდ დარჩენილი ლევანის წერილია.
„მამა,
უპირველესად გთხოვ, დედას წერილი არ წაუკითხო.
შემდგომ მინდა გითხრა, რომ აქ ჯოჯოხეთია, რუსები უმოწყალოდ გვიტევენ. ძალიან, ძალიან ბევრნი არიან, თითქოს მხოლოდ ჩვენი ქვეყნის დამარცხება წყვეტს მათ ბედსა, თან რომ ქართველებისვე ხელით აკეთებენ ყველაფერს.
გუშინ იმათი ჯარიდან ათი ტყვე ავიყვანეთ. აქედან სამი ქართველი იყო, ვერ ვიჯერებდი. იქვე დახვრიტეს. პაპაჩემის ჩანაწერებს რომ ვკითხულობდი, არ მჯეროდა, ახლა მჯერა.
მამა, შენ ხომ იცი ჩემი ხასიათი. საქართველოს მტრების სიძულვილი შენ ჩამინერგე ბავშვობიდანვე. საფუძვლიანად კი რუსეთში ყოფნისას შემძულდა. რა ლომივით ბიჭები დაეცნენ! ძნელია ატანა.
ჯერჯერობით ცოცხალი ვარ, ვნახოთ, რას მოიტანს მომავალი.
იარაღი გვინდა, იარაღი! ცარიელი ხელებით რა უნდა გააკეთო.იყინება ყველაფერი.
ქარბუქი ძვალსა და რბილში ატანს. დარწმუნებული ვარ, გავიმარჯვებთ.
ზაალი დღეს დილას ვნახე, ყოჩაღადაა, ყველას აოცებს სიმამაცით.
19 თებერვალი, 1921 წელი“
ხელით სინჯავდა მამა ხარჯახიშვილი შვილების სიცოცხლის ბოლო ნიშანს. ფრთხილად ფშვნეტდა ქაღალდზე შემხმარ სისხლს და თითებს ილოკავდა. მიხვდა, რატომ არ უჩვენა ცოლმა წერილი, რა ვერ გაუნაწილა, წერილი პირუჩუმრად ჩააბრუნა უჯრაში და შვილებთან გამობრუნდა. უკვე იცოდა, რა უნდა ეთქვა ცოცხლად დარჩენილი უმცროსი ვაჟისთვის.
„იმიტომ უნდა გაჩენილიყავი, რომ ნებისმიერი ჩვენგანის გაჩენას აზრი აქვს. რომ შენი სისხლი უნდა დაიცვა, ნებისმიერ ფასად.“ იმასაც დაამატებს, რომ ჩანაწერები სიცოცხლესავით უნდა გადაარჩინოს.
დილით ხარჯახიშვილი შვილებს დამარხავს სხვა დახოცილებთან ერთად. მოგვიანებით ამ ეკლესიას და საფლავებს ბოლშევიკები
ააფეთქებენ და ნეშტებს გააქრობენ. ხარჯახიშვილი ამას ვერ მოესწრება –
მას დაკითხვაზე გაუსკდება გული..
ხარჯახიშვილის სახლში ათას ძაღლსა და მამაძაღლს შეასახლებენ. მისი ცოლი შესახლებულებს უვლის, რომ გადარჩეს. შვილს სიცოცხლესთან ერთად საგვარეულო ჩანაწერებიც აქვს გადასარჩენი და ისეთ გზას იპოვის, რომელსაც ორი სახელი ექნება. მასზე ავსაც იტყვიან და კარგსაც. მე ამ წიგნის წაკითხვისას მისი კარგი დავიჯერე.
ჩვენი სკოლის – სადაც ვაჟა-ფშაველა ასწავლიდა და იქიდან გავაგდეთ – ყველა კლასში მოვყევი ამ წიგნიდან ნაწყვეტები, მოვყევი, რომ ამ წიგნში ყველაფერი სიმართლეა, რომ არაფერია გამოგონილი, რომ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს მიწას. ვუკითხავდი ისე, როგორც ადრე სხვა მწერლებისას ვუკითხავდი, თუმცა ეს წიგნი მათთვის ბევრად მეტია ადრე წაკითხულებზე.
ძველი ქვეყნის ძველ მტრებზეა ეს წიგნი. საერთოდაც აღმოჩნდება ამ ძველი ქვეყნის მტრები ჩვენვე ვართ. ხეს უთქვამს, ცული ვერაფერს დამაკლებდა, ტარი ჩემი ჯიშისა რომ არ ჰქონდესო.
რეცენზიის ავტორი: დათია ბადალაშვილი
mastsavlebeli.ge-ზე გამოქვეყნებული ყველა მასალა წარმოადგენს გაზეთის საკუთრებას და დაცულია საქართველოს კანონით საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ.