მსუბუქად შემოდის პიკოკი

მარიამო ჯანელიძე
27 სექტემბერი, 2024

წერილი ზაზა ბურჭულაძის რომანზე ჩემი სიმღერა

-ჩემი აქ ჩამოსვლა, თქვენც დედაჩემმა შეგატყობინათ?
-არა. ჩემთვის არავის არაფერი შეუტყობინებია. ჰო, მართლა როგორ არის დედაშენი?
-დედაჩემი მოკვდა.
-მოკვდა? რამ მოკლა ასეთი ახალგაზრდა?
-რა ვიცი. ალბათ, დარდმა. სულ ერთთავად ოხრავდა რაღაცაზე.
-ეს ცუდია. ყოველ ამოოხვრას თან სიცოცხლის ნაწილი მიაქვს. (პედრო პრამო, ხუან
რულფო)

დიალოგის შემდეგ დამიანა სისნეროსი ისე გაუჩინარდა, მკვდარი იყო თუ ცოცხალი –
პერდრო პარამო ამას დანამდვილებით ვერ იტყოდა. მაგიური რეალიზმის მაგნუმ ოპუსი
სიკვდილის განსხეულების მცდელობაა, ამ წერილში კი გადაძახილის ადრესატია,
გნებავთ ექოა ზაზა ბურჭულაძის ბოლო რომანსისა ჩემი სიმღერა. რულფოსთან
მიღმიერი სამყარო შუასკნელშია და მკვდრები ცოცხლებთან ერთად ხმაურობენ,
ქართველ მწერალთან კი სიკვდილის მოშინაურების მცდელობა კით ჯარეტის მაგალითზე
გვაჩვენებს დაბადებისა და გარდაცვალების მუდმივ ციკლს. ორივე ნაწარმოებს
სიკვდილის მოტივი და ოხვრა აერთიანებს. ბურჭულაძია რომანში ჯარეტის კვნესა
მთლიან ტექსტზე არათანაბარი ინტერვალებით, მაგრამ მაინც, შპაგატივითაა გაჭიმული.

ჩინური ანდაზასავით კაცია ჯარეტი. პირველად რომ უყურებ მის გრეხვას,
უხერხულობის გრძნობა გეუფლება, მეორედ ყურებისას გიკვირს, პირველად რა
გეხამუშა ასეთი, მესამედ უკვე აღარც წარმოგიდგენია დაუგრეხავი. ან როგორ უნდა
წარმოიდგინო როიალთან სფინქსივით მჯდარი ჯარეტი. ასე ფორტეპიანოს
მიკელანჯელი უჯდა ხოლმე, კატა რომ ეთამაშება თაგვს. რაც ეგებ ფუნდამენტური
განსხვავებაც იყოს ამათ შორის-მიკელანჯელი თითქოს ეფიცხება ინსტრუმენტს,
როგორც მზეს, ნებივრობს მის სხივებში, ჯარეტი კი ეკვრის მას, როგორც ფარვანა
ნათურას, და იფერფლება კიდეც იქვე
.

„ჩემი სიმღერა“ კით ჯარეტზეა და რამდენადაც მასზე, იმდენად მაილზ დევისზე.
ტექსტის რიტმული ქსოვილი ხანგრძლივი კონცერტია, სადაც თემები ძალიან
სწრაფად იცვლება. ჯარეტს მაილზი ცვლის, მაილზს ისევ ჯარეტი, მსუბუქად
შემოდის პიკოკი, საქართველოს პატრიარქი “მაესტროზე” ღმერთის კაცს უსმენს
და ეს კაცი ერთობ ინტროვერტია, ნარატორი ზოგჯერ კაფკას თემას წევს, ზოგჯერ
საკუთარი ბავშვობის, კომპოზიციაში წითელი ყაყაჩოს ფერი ელავს და მას
კალაშნიკოვის სტატიკური კადრი მოსდევს, ტექსტის მთავარი საყრდენი ხაზი კი
მაინც ჯაზია, ზუსტად ისე როგორც რენესანსის პერიოდის მხატვრობაში, სადაც
კომპოზიციის ცენტრალური ფიგურა სიმეტრიულ ჰარმონიას ქმნის. გამბედავ
იმპროვიზაციაზე რომ წავიდეთ და ზაზა ბურჭულაძია წიგნი ცნობილ ტილო,
ტემპერა – ად ვაქციოთ, მაილზს მივცეთ ქარის ღვთაების სახე და სული
ჩავაბერინოთ მუსიკის მშვენიერებისათვის, იქნებოდა ბოტიჩელის ვენერას
დაბადება. ჯაზის ისტორია მაილზ დევისით არ იწყება, თუმცა აღნიშნულ რომანში
ნარატორი ფიქრობს მაილზის გარეშე არა მარტო არ არსებობს ჯაზი, არამედ
ეგებ მარტო მაილზიც კი ცოტა უფრო მეტია, ვიდრე მთელი ეს ჯაზი.

შესაბამისად, ტილოზე მინიჭებულ როლს ეს კაცი შესანიშნავად ასრულებს.
მაილზი ვარდების თოვაში არც ტილოზეა მარტო და არც ბურჭულაძის ტექსტში
მაილზი თავიდან ბოლომდე ექსტროვერტია. თითქოს გავალდებულებს, მის
მუსიკას ვინმესთან ერთად მოუსმინო,
ჯარეტისთვის კი ნიმფის როლი
გამოვიმეტოთ, ცენტრალური ღერძის მარჯვნივ სივრცეს სრულად ავსებს მასიურ
სამოსში გახვეული ფიგურა- ხელში მოსასხამით, რომლითაც ვენერას შემოსვას
ცდილობს – კით ჯარეტი მარტო უკეთ ისმინება.

შრომამ შექმნა ჯარეტი. მაგრამ ამ შრომაში უცბად ისეთი სევდა გამოჟონავს
ხოლმე, თხემით ტერფამდე შეგაჟრიალებს. ზოგჯერ კი ისეთი მსუბუქია,
შეიძლება დაგახრჩოს.

ბოტიჩელის ტილოს ესთეტიკა გაცილებით მაღალმხატვრული ნაწარმოებია, თუმცა
მიზანი აქ მხოლოდ ერთია – ჩემი სიმღერა გეომეტრიული ფიგურების პრინციპით
დავშიფროთ. არც ჯაზია ზღვის ქაფიდან დაბადებული მშვენიერება და არც
ჯარეტია ნიმფა, თუმცა რომანში ჯაზს, როგორც ტილოზე ვენერას, მიემართება
ყველა და ყველაფერი. მაილზი თავისუფალ ცურვაშია, გნებავთ მსუბუქად
ფრენაში, სიკვდილით სავსე ჯარეტი კი მძიმეა, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში
ისინი ერთმანეთს კვეთენ – ასეთია რენესანსული კომპოზიციის პრინციპი. ამ
ავანტიურაში რომ დიდხანს არ დავრჩე, ჩემი სიმღერა არის ტექსტი, სადაც
მუდმივი შედარების კვალდაკვალ ორი დიდი ჯაზ შემსრულებლის სახე
ფორმირდება.

მაილზი უკონკურენტო კაცია, მისი მუსიკა ერთი კაცის მუსიკაა, რაც იმას ნიშნავს,
რომ მის ბენდში ყოველი წევრი მარტო მისთვის უკრავდა, გიყვარს თუ არა
მაილზი, მისი მუსიკა აჯადოებს. ადრეულიც, გვაინდელიც. აკუსტიკურიც,
ელექტრონულიც. როგორც უნდა შეეწინააღმდეგო ამას ტვინით, შენი ტანი
მოახდენს რეაგირებას, ჩართავ – აგატოკებს, მთლად თუ არ აგაცეკვა.

ჯარეტთან პირიქითაა, მის ბენდებში არავინ უკრავდა მარტო მისთვის. უარეს
შემთხვევაში, უკრავდნენ თავისთვის, უკეთესში- ერთმანეთისთვის,
იდეალურში – თვითონ მუსიკისთვის. ასეთი იდეალურია ტრიო ჯარეტი-
პიკოკი – დეჟონეტი.
მივადექით ტრიოს, რომელმაც დაუკრა კიოლნში და არა
მხოლოდ, ჩემი სიმღერა თარიღებზე აგებული ტექსტია, რომ გამოვაკლოთ ამ
რომანს ტექსტი და დავტოვოთ მხოლოდ თარიღები, სახელები და გვარები,
მუსიკალური ნაწარმოებები და ადგილები, წიგნის ნახევარი დაისტამბება. ეს
რომანი ისეთივე სახელმძღვანელოა, როგორც, მაგალითად, ზურაბ ქარუმიძის
ჯაზის ცხოვრება. ორივე მათგანს მუსიკის თანხლებით კითხულობ და ორივე
შემთხვევაში ჯაზურ კომპოზიციას ქართველი მწერალი უკვეთავს. ჯაზის ცხოვრება თანმიმდევრულია, ჩემი სიმღერა სრულიად არათანმიმდევრული და არაფრით ჰგავს ჯაზს, როგორც ტილოდ ვაქციეთ ეს წიგნი, ისე თუ მუსიკალურ კომპოზიციად დავშიფრავთ, რას მივიღებთ, არ ვიცი, მაგრამ დანამდვილებით გეტყვით, ეს არ არის ჯაზივით წიგნი, როგორც, მაგალითად, კორტასარის კლასობანა. არც ვფიქრობ, ზაზას ჩანაფიქრი ისეთი ტექსტის დაწერა ყოფილიყო, რომელიც ჯაზივით გაიჟღერებდა.

ჯარეტისგან გათავისუფლების მცდელობასაც ჰგავს ჩემი სიმღერა, ნუ
გავაიგივებთ ნარატორს ავტორთან, თუმცა არსებით მნიშვნელობასაც ნუ
მივანიჭებთ – აქ კაცი, რომელსაც უყვარს მუსიკა, იმ შემსრულებლისგან ცდილობს
თავის დაღწევას, მისი ცხოვრების დიდი ნაწილი მუსიკით რომ შეავსო.
მაგალითად, God Bless The Child ჯარეტი-პიკოკი-დეჟონეტის ვერსიით იმდენჯერ
მოუსმენია, 40 წელია მისგან დაცლას ცდილობს და ვერ დაიცალა, ჩვევაში
გადასული მოსმენის ციკლი კი ათასებზე ადის და ვფიქრობ, იქნებ ამ კაცს
ჯარეტისგან გათავისუფლებაში ჯაზის ცხოვრება დახმარებოდა, სადაც ზურაბ
ქარუმიძე წერს:

ავიღოთ 1975 წლის კიოლნის კონცერტი – რომელიც უზარმაზარი ტირაჟით
გაიყიდა ახალგაზრდებშიც და ძველგაზრდებშიც და დღესაც ასეა. ხოლო ამ
დღევანდელი გადასახედიდან ‘კიოლნის კონცერტს რომ ვუსმენ, ჩამესმის
ელტონ ჯონის ნელად შეზავებული ბილ ევანსი, ან პირიქით. ჩემი აზრით,
ჯარეტის ეს მუსიკა არის ძალიან კარგი პროპედევტიკული ანუ
მოსამზადებელი მასალა დამწყები მსმენელისთვის, რომელსაც როკი უფრო
უყვარს, ვიდრე ჯაზი, ხოლო კლასიკისა საერთოდ არაფერი გაეგება.

ზაზა ბურჭულაძის ბოლო რომანსი, სადაც მოვლენების ქრონოლოგიური
თანმიმდევრობა არ მიემართება მისი გადმოცემის თანმიმდევრობას, ისევე
იკითხება, როგორც ისმინება. ტექსტი სადაც ბევრია თავად ჯაზის ისტორიიდან,
მკითხველს ამბის განვითარების კვალში არ აყენებს, მაგრამ თემიდან თემაზე ისე
მსუბუქად გადადის, როგორც პიკოკის შემოსვლაა what is this thing called love – ის
01:07 წუთზე. ამ წიგნს ხრჩობის ეფექტიც აქვს, რადგან ის (ჯარეტი) თითქმის
სულ იხრჩობა დაკვრისას.

ჭეშმარიტი მარტო დაბადება – სიკვდილის ფაქტია, ყველაფერი მათ
შორის კი უსასრულოდ მონტაჟდება

ეს ტექსტიც დამონტაჟებული მასალაა, ზაზა ბურჭულაძის ბოლო რომანისგან რაც
გამოდნა, ეს წერილია, დაიბადა აზრი და რამდენიმე წინადადების შემდეგ
საბოლოო წერტილის დასმისას მოკვდება და დაკონსერვდება. წიგნმა, რომელიც
ზაზას შემოქმედებაში საუკეთესოდ მიმაჩნია, ჩემს ლისტს ბევრი კარგი
კომპოზიცია შესძინა, მათგან მამის მოსაძებნად წასული პედრო პარამო ალბათ
Solar – ს მოუსმენდა, 1987 წლის ჩანაწერში ჯარეტი დაკვრის დროს ფეხზე დგება
და ცეკვავს. მე კიდევ ყველაზე ხშირად ისევ ეს მახსენდება God Bless The Child –
“ღმერთო დალოცე, ბავშვი!”, რომ დაბადების და სიკვდილის ფაქტებს შორის
ცხოვრების დამონტაჟება შეძლოს, ნუ იქცევა ერთ ბომბად და ერთ ამოოხვრად
მისი ცხოვრება.

მიხეილ ციხელაშვილი - ბლოგი
On.ge
ანდრო ყირიმელი
ლანა ღოღობერიძე
ლევან ცაგარელი
დათია ბადალაშვილი
შოთა იათაშვილი
ზაზა აბზიანიძე
გუგა მგელაძე
ანა მიქაუტაძე
გუგა მგელაძე
თემუკა ზოიძე