ნეორეალისტი კალვინოს ორი ფრონტი
იტალო კალვინო – ობობას ბუდეების ბილიკი
ეს ის კალვინო არაა, რომელიც გიყვართ, თუკი გიყვართ. თავისი ამოუწურავი ფანტაზიით, ზღაპრული ელემენტებით, გონების თამაშით, ერთმანეთში გადახლართული სქემებით და კიდევ ბევრი ასეთი მახასიათებლით. ეს ყველაფერი თანდათანობით გაჩნდა მის ნაწარმოებებში და ჩამოყალიბდა, როგორც განუმეორებელი, იოლად ამოსაცნობი სტილი. დასაწყისი კი თურმე სულ სხვანაირი ყოფილა. და თუ კონტექსტს დავაკვირდებით, ამაში გასაკვირი არც არაფერი იქნება. კალვინო ხომ წერას მაშინ იწყებს, როცა მეორე მსოფლიო ომი სულ ახალი დამთავრებულია. როცა ფაშიზმსა და წინააღმდეგობის მოძრაობას შორის გახლეჩილი იტალია თვალში გამოხედვას და იმის გააზრებას იწყებს, თუ რა დაემართა. და როცა იბადება ნეორეალიზმი – ლიტერატურაში, კინემატოგრაფში…
„ობობას ბუდეების ბილიკი“ მოთხრობების დაწერის რამდენიმე მცდელობის შემდეგ 23 წლის ასაკში შეთხზული პირველი რომანია და იმდროინდელი იტალიური ხელოვნების ამ ძირითადი მიმართულების სათავეში მდგომ ნაწარმოებებს შორის შეგვიძლია მოვიაზროთ. 1947 წელს გამოცემულ ტექსტს კალვინო მოგვიანებით უკან მიუბრუნდება, გაარედაქტირებს, მოზრდილ წინასიტყვაობას დაურთავს და 1964 წელს ხელახლა გამოსცემს. ეს წინასიტყვაობა უაღრესად საინტერესოა, მაგრამ ამავე დროს რთულ მდგომარეობაში აყენებს იმას, ვინც რომანის შეფასებას დააპირებს, რადგან ავტორმა, შესაძლოა, სათქმელი აღარ დაუტოვოს მოწადინებულ რეცენზენტს. ყოველ შემთხვევაში, მე ნამდვილად ასე დამემართა, რადგან ბევრი ის თემა, რაზეც კითხვის პროცესში ვიფიქრე და აქცენტის დასმას ვაპირებდი, ქართული თარგმანის შემთხვევაში ამჯერად უკვე ბოლოში მოქცეულ ამ წინასიტყვაობაში გაიხსნა და თან ისეთი სიღრმით, რომ ინტერპრეტირების ყოველგვარი ხალისი დამიკარგა. ამას თუ კიდევ დავუმატებთ ჩეზარე პავეზეს ბოლოთქმას, 1947 წელს დაწერილს, მიხვდებით, თუ რა დღეში ჩავიგდე თავი და, იმედია, ძალიან ორიგინალურ ხედვას აღარ მოითხოვთ ჩემგან, მე კი ჩემი მხრივ პატიოსნად შევეცდები, მხოლოდ ციტირებებით არ გავიდე იოლად ფონს.
დავიწყოთ იმით, რომ, როდესაც ავტორი მიზნად ისახავს ისტორიული მოვლენების აღწერას, ის ან ქმნის ფართო პანოს თავისი ყოვლისმომცველი, მაქსიმალურად ობიექტური მზერით, ან ირჩევს ამ მოვლენების შუაგულში მყოფ ერთ პერსონაჟს და მის შეგრძნებებს და აღქმას მიჰყვება. მეორე შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ როგორი პერსონაჟის ხედვის არეში მოაქცევს მწერალი მისთვის საინტერესო პროცესს. ამან შეიძლება განსაზღვროს ტექსტის ხასიათი, შექმნილი სურათის სიახლოვე რეალობასთან ანდა მისი დეფორმაციის ხარისხი და კიდევ ბევრი რამ. იტალო კალვინო გვიყვება, თუ როგორ ეძებდა თავის პროტაგონისტს, სანამ ბოლოს არ მიხვდა, რომ იგი პატარა ბიჭი უნდა ყოფილიყო. ფაშისტური იტალიისა და წინააღმდეგობის მოძრაობის დასახატად მან პარტიზანთა რიგებში შემთხვევით მოხვედრილი ერთი თავხედი ბიჭი აირჩია. პინის ასაკს კალვინო არ გვიზუსტებს, ის ძალიან პატარაც არაა, ვინაიდან დუქნებში ხეტიალისას და უფროსებთან უტიფრად ოხუნჯობისას ღვინის გადაკვრასაცაა მიჩვეული და თუთუნის გაბოლებასაც, მაგრამ გარდატეხის ასაკიც აშკარად არ დასდგომია, რადგან სექსის არსს აშკარად ვერ ჩასწვდომია, მიუხედავად იმისა, რომ მეძავი და ჰყავს, და ამიტომ ეს საკითხი მისთვის სალაზღანდარო თემაა და არა დამთრგუნველ-დამაკომპლექსებელი. პინი კარგად ვერც იმას ხვდება, თუ რა ფენომენია ომი და ასე რომ, ეროსის და თანატოსის თემა, ანუ უფრო სწორად, ნაივურობისა და ინფანტილურობის პრიზმიდან ამ ორი მთავარი ინსტინქტის ჩვენება ხდება ახალგაზრდა კალვინოსთვის ერთ-ერთი მთავარი სტილისტიკური იარაღი.
თხრობის ეს მოცემულობა რომანს ცოცხალს, ენერგიულს და ხალისიანს ხდის, მაგრამ მაინც რატომ ეს რაკურსი? რატომ შეარჩია ავტორმა პატარა ბიჭის გულუბრყვილო ხედვა ასეთი ტრაგიკული მოვლენების აღსაწერად? არაა სახიფათო, რომ ასეთი მიდგომა სურათს გაამარტივებს და დაამახინჯებს? ცხადია, არის, მაგრამ არგუმენტაციაც აქვს ამ გადაწყვეტილებას. „ვაღიარებ, ერთდროულად ორ ფრონტზე ბრძოლა მინდოდა, „წინააღმდეგობის მოძრაობის“ კრიტიკოსებთან პოლემიკაც მინდოდა და „წინააღმდეგობის მოძრაობის“ მეხოტბე, ჰაგიოგრაფი ქურუმების გამოწვევაც“ – ამბობს კალვინო წინასიტყვაობაში. სწორედ ამან უბიძგა მას, „რევოლუციურ რომანტიკას“, გმირთა იმიჯებს არიდებოდა და სულ სხვა ტიპის ტექსტი შეექმნა. მნიშვნელოვანია, რომ ონავარ და ლაზღანდარა პინთან ერთად წიგნში შემოდის ჯერ ქალაქელების, მერე კი პარტიზანების მთელი გალერეა, და რაც მათ ერთმანეთთან აკავშირებს, არის ის, რომ თითქმის ყველა იდეოლოგიურად ჩამოუყალიბებელი, არამდგრადი და დაბნეულია. კალვინო გვიჩვენებს იმ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ იბრძოდნენ, მაგრამ არ იცოდნენ, თუ რისთვის იბრძვიან, და სწორედ ამიტომ, სიტუაციიდან გამომდინარე, შეუძლიათ ერთი ბანაკიდან მეორეში გადაბარგება, პარტიზანების რაზმიდან მუსოლინის „შავ ბრიგადებში“ გადასვლა, ან, პირიქით, გვაჩვენებს იმათ, ვისთვისაც ღალატი თითქმის არ არსებობს, რადგან არ არსებობს ბრძოლის იდეა, არ არსებობს მტყუანი და მართალი ამ ომში. მწერალი იწყებს პატარა პინით და თანდათან აფართოებს ველს: გვეუბნება, რომ კლასობრივი თვითშეგნების არქონა და მიმდინარე ომის არსის არცოდნა მხოლოდ ინფანტილურობის შედეგი შეიძლება არ იყოს, და რომ 40-იანი წლების პირველ ნახევარში იტალიაში მოსახლეობის საკმაო ნაწილი ასეთი იყო: ვერ გარკვეულიყო, მის ირგვლივ რა ბრძოლები იყო გაჩაღებული და რა პოზიცია უნდა დაეკავებინა ამ ბრძოლებში. ინსტინქტი მხოლოდ იმას ეუბნებოდა, რომ, რაკი მსოფლიო ომში აზელილი სამოქალაქო ომი მძვინვარებდა, უნდა აეღო ხელში იარაღი, სადმე დამდგარიყო და თავისი წილი ტყვია გაესროლა.
თუმცა მხოლოდ ასეთი ადამიანების ჩვენებით არ შემოფარგლულა კალვინო. არის 16 წლის ტერორისტი „წითელი მგელი“, არიან კომისარი კიმი და კომენდანტი ფერეირა – იდეური რევოლუციონერები, და მათი ემოციები, მათი პოლემიკის ხმაც ისმის რომანში. ოღონდ მხოლოდ იმ დოზით, რომ „მეხოტბე, ჰაგიოგრაფი ქურუმის“ დაწერილ წიგნს არ დაემსგავსოს. თან ახერხებს, რომ, მიუხედავად ასეთი პირქუში ზოგადი სურათისა, „წინააღმდეგობის მოძრაობის“ კრიტიკოსებთან დაპირისპირებაშიც იყოს, რადგან მის სტრიქონებში მუდამ გამოსჭვივის იმ პარტიზანული მოძრაობის სიყვარული, რომელშიც თავადაც იყო და რამაც ასეთი დამაჯერებელი წიგნი დააწერინა ასეთ პატარა ასაკში.
„ობობას ბუდეების ბილიკი“ რომანია ერთდროულად ადამიანურ შემართებასა და ადამიანურ სისუსტეებზე, მეგობრობასა და ღალატზე, სისასტიკესა და კეთილშობილებაზე, ვნებებსა და უბედურებებზე… ქალაქის შუკებისა და დუქნების ცხოვრებაზეც, ციხეებზეც და მთებში დაბანაკებულ თუ მოხეტიალე პარტიზანებზეც. აქ მღერიან, ხუმრობენ, ერთმანეთს დასცინიან და თან იარაღს წმენდენ, აჟღრიალებენ, ეტრფიან, იპარავენ, მალავენ, ისვრიან… მასში, მიუხედავად დრამატული მოვლენებისა, ყველაფერი მაინც ახალგაზრდული ენერგიით ჩქეფს და ხათუნა ცხადაძის არაჩვეულებრივ თარგმანშიც ეს შესანიშნავად იგრძნობა.
წიგნის მთარგმნელი: ხათუნა ცხადაძე