სენეგალური ანტი „ალუდა ქეთელაური“ – დავიდ დიოპის „სულიერი ძმა“
წიგნები ომზე სხვადასხვანაირია. ადრე ბატალური სცენების დახატვა უყვარდათ და სიმართლე რომ ითქვას, საამისოდ ოსტატობა და ნერვებიც ჰყოფნიდათ. მერე თანდათან მწერლებმა ერთ მთავარ პერსონაჟზე იწყეს კონცენტრირება. მაგრამ აქაც რაკურსს გააჩნია: სადაა ის პერსონაჟი – ფრონტის წინა ხაზზე, უკანა ხაზზე თუ საერთოდაც სამოქალაქო პირია, რომლის სივრცეშიც მოულოდნელად იჭრება ომი. შესაძლოა, სულაც დეზერტირი იყოს, ან ხანმოკლე შვებულებით ფრონტიდან მშობლიურ ქალაქში დაბრუნებული ჯარისკაცი. მოკლედ, ვარიანტი ბევრია. და ამიტომ ომის აღქმაც კარდინალურად იცვლება. მაგრამ უმეტეს შემთხვევაში პროტაგონისტმა იცის, თუ რა ომში იღებს მონაწილეობს, რატომ იბრძვის, ან თუნდაც რატომ არ იბრძვის. ამ რომანში კი სულ სხვანაირადაა: ალფა ნდიაის წარმოდგენა არა აქვს, რა ომში ამოყო თავი და არც არავითარი პატრიოტული განცდა არ გააჩნია. ის მხოლოდ იმიტომ აღმოჩნდა იქ, რომ მის უახლოეს მეგობარს (როგორც თავად ამბობს, „ძმაზე უფრო ძმას“) წასვლა მოუნდა, რათა ამით სოციალურ კიბეზე ცოტა უფრო მაღლა ასულიყო. და ისიც გაჰყვა. სენეგალელი ოცი წლის ბიჭი, რომელმაც ფრანგულიც კი არ იცის, პირველ მსოფლიო ომში ფრანგულ არმიაში ეწერება და გერმანელებს ებრძვის. და სწორედ იმიტომ, რომ ომში წასვლის ერთადერთი მოტივაცია სულიერი ძმა, მადემბა დიოპია, ხდება ის, რაც ხდება. ხოლო ის, რაც ხდება, არც მეტი, არც ნაკლები, ვაჟა-ფშაველასთან დიალოგია, მასთან პოლემიკაა. ჰო, თანამედროვე სენეგალური წარმოშობის ფრანგი მწერალი, ისე, რომ ალბათ თავადაც არ იცის, ჩვენს კლასიკოსს ელაპარაკება, მისი მთავარი გმირის ანტიპოდს ქმნის, მისეული კაცთმოყვარეობის ამოტრიალებულ ვარიანტს გვთავაზობს.
ერთი სიტყვით, დავით დიოპის „სულიერი ძმა“ „ალუდა ქეთელაურის“ წმინდა წყლის ნეგატივია. რომანი სინდისის ქენჯნით იწყება, ეგრევე ჩნდება სიტყვა „ჰუმანურობა“, და პროტაგონისტი თავიდანვე გველაპარაკება იმაზე, რომ მან შეძლო მოვალეობით ნაკარნახევი აზრებისგან გათავისუფლება და იმ ფიქრებით აზროვნება და მოქმედება, მხოლოდ და მხოლოდ მას რომ ეკუთვნის. ანუ ავტორი გვიბიძგებს, ალფა ნდიაი იმ პერსონად ჩავთვალოთ, რომელიც საზოგადოებრივ მორალს, თემის ადათ-წესებს განუდგა და საკუთარი სიმართლით დაუპირისპირდა ყოველივე ამას. მაგრამ ასე მარტივად არაა საქმე. ეს არაა გარღვევა ცნობიერებაში, ეს უფრო ცნობიერების დარღვევაა, რაც იმიტომ ხდება, რომ იგი იმ ერთადერთ ადამიანს კარგავს, რომელიც ამ ომთან აკავშირებს, და თან კარგავს ისე, რომ ბოლო სურვილს ვერ უსრულებს: ნაწლავებგადმოყრილს, მომაკვდავსა და ტანჯულს ვერ კლავს. ვერ ახერხებს ამის გაკეთებას იმიტომ, რომ ვერ აჩუმებს შინაგან ხმას, რომელიც სინამდვილეში წინაპრების ხმაა. მაგრამ ამის გაცნობიერებას და საზოგადოებრივი მორალის ვითომ გადაგდებას კათარსისი კი არ მოაქვს, არამედ შურისძიების წყურვილი და აბსოლუტური გაბოროტება, რაც „ალუდა ქეთელაურის“ ფაბულასთან იკვეთება. თუკი ალუდას კონფლიქტი თემთან იმით იწყება, რომ ის ადათს ღალატობს და მოკლულ მტერს, მუცალს მარჯვენას არ აჭრის, ალფა, პირიქით, მტრების სასტიკად დახოცვას, შემდეგ მათთვის ხელის მტევნის მოჭრას და თანამებრძოლებთან მათ მიტანას იწყებს. ეს მის რიტუალად იქცევა და ეს რიტუალი თავიდან თუ სახალისო და მოსაწონია ჯარისკაცებისათვის, თანდათან შემაძრწუნებელი ხდება და, თუ შეიძლება ასე ითქვას, არმიის „თემთან“ კონფლიქტს იწვევს, რის გამოც ცოტა სხვანაირად, მაგრამ მასაც აძევებენ თემიდან: ფრონტის ხაზიდან „დასასვენებლად“, სინამდვილეში კი სამკურნალოდ უშვებენ. კათარსისი აქედან ეწყება ალფას, მაგრამ, სანამ ამ ფაზაზე გადავიდოდეთ, ავტორის ხელწერას შევეხოთ და იმას, თუ როგორ აღწერს იგი ომს.
რომანი მცირე ზომისაა, სულ რაღაც 120 გვერდი და ამ ლაკონიურ ტექსტში ავტორს ერთი აკვიატებული სცენა აქვს, რომელსაც განუწყვეტლივ იმეორებს და ამ სცენის ვარიირებით ქმნის დაძაბულობას. ეს ჯარისკაცების სანგრიდან ამოვარდნა და მტრის მიმართულებით გაქცევაა. სანგრიდან, რომელსაც ალფა გრანდიოზული ქალის საშოს ამსგავსებს. ამ საშოს დატოვება (ან ისევ იქ შებრუნება) – ესაა ძირითადად დავიდ დიოპისთვის ომის სცენები. და ეს ყველაფერი, ცოტა არ იყოს, მძლეოსნობის სასტარტო კადრებს ჰგავს, სადაც კაპიტანი არმანი მსაჯის როლშია, სასტვენით ხელში, და ყველა დაძაბული ელოდება, თუ როდის დაუსტვენს იგი, რათა თავის დისტანციაზე გაიქცეს. მაგრამ კაპიტანი რიგითი ობიექტური მსაჯი არაა, ის ომით შეპყრობილი ადამიანია, და როდესაც მის ქვეშევრდომებს შორის სხვა შეპყრობილი ადამიანი ჩნდება, რომელიც მის მეორე დასტვენას, რაც უკან დაბრუნებას ნიშნავს, არ ემორჩილება და ტალახსა და სისხლში ამოგანგლული საკუთარი რიტუალის შესასრულებლად მოწინააღმდეგის მიმართულებით ხოხვას აგრძელებს, ეს მას არ მოსწონს. და განსაკუთრებით არ მოსწონს გამარჯვების ნიშნად მოტანილი მოკვეთილი ხელის მტევნები იმ იარაღთან ერთად, რომელიც გერმანელ მეომარს ჩაბღუჯული ჰქონდა ბოლო მომენტამდე. ორი შეპყრობილი ერთ სივრცეში ვერ იქნება, და სწორედ ამიტომ ალფას სანგრის დატოვება და საავადმყოფოში გადანაცვლება უწევს. აქედან იცვლება როგორც პროტაგონისტის ფსიქოლოგია, ისე ტექსტის ესთეტიკა. ომის რეფრენული, ულმობელი, ნატურალისტური სცენების ნაცვლად ჩნდება სენეგალის პასტორალური გარემო თავისი ეროტიზმითა და ნაივურობით. ეს კონტრასტი, ამ ორი სამყაროს შეჯახება ქმნის კიდეც წიგნის მთავარ ეფექტს. მშობლიურ სამყაროსთან დაბრუნება და მისი გახსენება თერაპიაა ალფასთვის, და შეიძლება მეტიც: მხოლოდ თერაპია კი არა, ის კათარსისიც, რომელსაც მკითხველი შინაგანად პირველივე გვერდიდან ელის.
კაპიტანი არმანი ექიმ ფრანსუათი იცვლება, თარჯიმანი იბრაჰიმა სეკი კი ნახატებით. ენის არმცოდნე ალფასთვის კომუნიკაციის საშუალებად ხატვა იქცევა. ის ცდილობს, თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდები ექიმს ნახატებით მოუთხროს. ასე ხატავს დედას, „ძმაზე უფრო ძმა“ მადემბა დიოპს, შემდეგ კი მოკვეთილ მტევნებს, რომლებსაც ვერანაირად ვერ ელევა და სანგრიდან საავადმყოფოში აქვს წამოღებული (თუმცა ბოლოს მაინც ჩაფლავს მათ ეზოში). და მაინც: რამ გააჩინა მასში ამ ველური საქციელის ჩადენის სურვილი? ნუთუ მართლა იმან, რომ „თავისი ფიქრებით დაიწყო აზროვნება“? ეს ასე ჰგონია მას, მაგრამ სინამდვილეში ვაჟა-ფშაველასგან ჩვენ ვიცით, რომ ეს უძველესი ადათია და როგორც ხევსურეთშია, წესით, სენეგალშიც ისე იქნება – როგორც არქეტიპული აზროვნების ნიმუში. არქეტიპების, მითების სამყაროდან წამოსული და შუაგულ ომში სრულიად მარტო დარჩენილი ადამიანი არაცნობიერად კვლავ იქ ბრუნდება, სადაც პასტორალურობისა და ეროტიკულობის გარდა თავისი სასტიკი კანონებიც მოქმედებს. და მხოლოდ ამის გავლის შემდეგ შეიძლება დაიწყოს კათარსისი, მიაჩნია ავტორს, და ეს, პრინციპში, მაინც უფრო პრიმიტიულ ხედვად ჩანს, ვიდრე ხედვა ჩვენი კლასიკოსისა.
დაბოლოს, კიდევ ერთი პარალელი ქართულ ლიტერატურასთან: წიგნის დასასრულს არის ჭირვეული პრინცესისა და გრძნეული ლომის იგავი, სადაც დევნის სცენა „წიქარას“ დევნის სცენის იდენტურია. მთლიანობაში, ის მოულოდნელი ფინალი, რომელსაც მივადგებით, არის ავტორის მცდელობა, სულიერი ძმების ამბავს სხვა ხაზი შემატოს, მათი სული და სხეული ბოლომდე გადააჭდოს ერთმანეთს და მოთხრობილ ისტორიას ახალი იდუმალება შესძინოს. მე ეს მცდელობა ცოტა არ იყოს ხელოვნურად მეჩვენა, თქვენთვის არ ვიცი, როგორი იქნება და ამიტომ მის აღწერასა და შეფასებას მოვერიდები. რაც ვთქვი, მგონი, ისედაც საკმარისზე მეტია და ინტერესი უნდა გამოიწვიოს.
წიგნის მთარგმნელი: პაატა ჯავახიშვილი