ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ლიტერატურული პრემია "საბა" ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის 4 წიგნს ერგო


12 ივლისს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში გაიმართა ლიტერატურული პრემია  “საბას” რიგით  მე-10  საიუბილეო დაჯილდოვების  ცერემონია.

ფინალურ ეტაპზე წარდგენილი 42 წიგნიდან წლევანდელმა ჟიურიმ 9 გამარჯვებული წიგნი გამოავლინა. მათგან 4 "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" მიერაა გამოცემული.

ლიტერატურული პრემია "საბა" ნომინაციაში "წლის საუკეთესო ესეისტიკა" გადაეცა გიორგი მაისურაძეს წიგნისთვის "ჩაკეტილი საზოგადოება და მისი დარაჯები". ეს წიგნი "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისა" და გიორგი მაისურაძის პირველი ერთობლივი პროექტია, წელს ქართველ მკითხველს შესაძლებლობა აქვს ამ ახალგაზრდა ქართველი მწერლისა და ისტორიკოსის მეორე წიგნსაც გაეცნოს, "დაკარგული კონტექსტები" უკვე იყიდება წიგნის მაღაზიებში.

ლიტერატურული პრემია "საბა" წლის საუკეთესოს პიესისთვის ლაშა ბუღაძეს ერგო რადიოპიესისთვის "ნავიგატორი". ამ პიესამ უკვე მოიპოვა აღიარება როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში, ის გასული წლის BBC-ის რადიოპიესების მსოფლიო კონკურსის გამარჯვებულია. ლაშა ბუღაძის "ნავიგატორი" BBC-ის ჟიურიმ ათასობით სხვა პიესას შორის გამოარჩია და მთავარი პრიზიც გადასცა.

ლიტერატურული პრემია "საბა" წლის საუკეთესო თარგმანისთვის დავით წერედიანს გადაეცა იოჰან ვოლფგანგ გოეთეს "ფაუსტის" თარგმნისთვის. 

წლის საუკეთესო რომანის ნომინაციაში "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" 2 რომანი იყო წარდგენილი, ზაზა ბურჭულაძის "გასაბერი ანგელოზი" და აკა მორჩილაძის "obOle".
აღსანიშნავია, რომ "გასაბერი ანგელოზი"  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული პრემიის მფლობელია ნომინაციაში "წლის საუკეთესო რომანი", "საბა" კი აკა მორჩილაძის "obOle-ს" ერგო.

 

გაზიარება