ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

„ობოლე აღარასდროს გაისვრის’’

„ჩვენი ერთობა ჩვენ მიცვალებულებშია. ჩვენი სასაფლაო უფრო ცოცხალია, ვიდრე ყველა ერთად აღებული სასაფლაო დედამიწის ზურგზე. როგორც ვხვდები, ეგ კარგია. ერთი მხრივ, სასაფლაო არაფერი არ არის. მეორე მხრივ, იქ ყველაფერია’’.


„შესანიშნავი შვიდეული’’ არ მინახავს, ამ წიგნს მუღამს ვერ დავუჭერ (ალბათ), როგორც „მექანიკურ ფორთოხალს’’ ვერ იგრძნობ, თუ მეცხრე სიმფონია არ მოგისმენია, ან „ულისეს’’ ვერ გაიაზრებ, თუ იქამდე ჰომეროსი და შექსპირი არ წაგიკითხავს და ა.შ. ხომ მიმიხვდით?!

„obOle’’ მაინც წავიკითხე. და სიამოვნების ნაწილი დავკარგე (ისევ - ალბათ).

ასე იწყება:

ჰენრი: მაგარი იყო ბიჭები, ორმოცდაათი წლისაც რომ შევიიქნე, მაინც მეხსომება.
რობერტი: ჰენრი, დილიჟანსი გადის.
ჰენრი: გადის და გავიდეს… მაგრამ მე ვერ ვიცოცხლებ მაგდენს… ჩათრობა ვერც მოვასწარი…
რობერტი: ჰენრი! წავიდეთ! დროზე!
ჰენრი: ლაპარაკსაც არ დაგაცლიან… მე ასეთ ბიჭებთან ერთად…
რობერტი: გეყოფა, წავედით!

აკა მორჩილაძის ამ ახალ რომანში, მთხრობელი, სახელად ირაკლი, რობერტის პროტოტიპი უნდა იყოს, ჰენრის კი – მადონე.

შესანიშნავი ორეულის სცენის გათამაშებამდე, პროფესიით სცენარისტი ირაკლი ვაკედან (განა, თბილისიდან) მურში მიემგზავრება. მური არის „ერთი პატარა ქალაქი, უფრო კი დაბა, რომელიც სულ ხელის გაწვდენაზეა ქვემო სვანეთიდან და ეგრე, ორსაათ-ნახევრის მანქანის სავალზე – ქუთაისიდან’’.

მურში მშობლიური სახლის ჭერი ჩამოქცეულა. მეზობელი ვარლამიე ირაკლის ძმას, ნიკას, სანტა ბარბარაში ურეკავს. ვარლამიესთვის, რა თქმა უნდა, გაცილებით მარტივი იქნებოდა ირაკლისთან დაკავშირება, მაგრამ უფროსად ნიკას მიიჩნევს, „ზაგრანიცა ჭრის’’.

მურში ორიოდე დღით ჩამოვედიო, მატყუებს პერსონაჟი. მგონი, სიცოცხლის გაწირვაზეც იმიტომ არის თანახმა, აქ რომ დარჩეს, საკუთარ წარსულთან, საფლავებთან, ყველაფერთან.

ირაკლი პასიურად იკვლევს ოჯახის ისტორიას. იხსენებს ან მეზობლებსა თუ ნათესავებს ეკითხება ოჯახის წევრებსა და მათ ახლობლებზე.

თითქოს სხვა თაობისთვის დაიწერა ეს წიგნი. მათთვის, ვისაც თვალი უდევნებიათ სერიალითვის „სანტა ბარბარა’’, ყოველი ნივთი შავ ცელოფანში გაუხვევიათ, ახსოვთ ყავის სიყვარულის გამო ვაკელების გაქილიკება. მათთვის, ვინც ბირჟასთან ჩავლამდე ინგლისურის რვეულს საგულდაგულოდ მალავდნენ, ნოტების რვეულის გადამალვა კი უჭირდათ.

ან, იქნებ, ამ სასიამოვნო მოსაუბრეს ჩვენი გამოჭერაც სურდა, ჩვენი, ბავშვები რომ აღარ ვართ და უფროსებს აღარ ვუსმენთ, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც სამშობლოზე გვესაუბრებიან. ჩვენ ხომ სოფლებისკენ მიმავალი გზები დავივიწყეთ, ნათელიკეს და ვარლამიეს არ ვიცნობთ, შიშველი, კაშკაშა ნათურები, რომლებსაც ღამის პეპლები ეხლებიან, ჩვენში ემოციებს არ აღვიძებს.

„obOle’’ იმ იმედით გადავფურცლეთ, რომ კიდევ ერთი „პლეხანოვური’’ გარჩევის მოწმედ ვიქცეოდით, ან სანტა ესპერანსაში მივეფიცხებოდით მწველ მზეს. მაგრამ არა. დღეს სხვა განწყობა აქვს მწერალს. შორიდან იწყებს.

’’საერთოდ, მგონი ქართველების იმიტომ არ ესმით მსოფლიოში, რომ ჩვენ ძალიან შორიდან ვიწყებთ ლაპარაკს. პირდაპირაც და ირიბადაც. შორი ხალხი ვართ, და აბა იმათ არ უყვართ ეგ სიშორე, მგონი აბრაზებთ კიდეც. ჩვენ კი, როგორც წეღანაც მოგახსენეთ, გვგონია, რომ თუ შორიდან არ დავიწყეთ ლაპარაკი, ვერავის ვერაფერს გავაგებინებთ. იმათ კიდევ, მსმენელებს, ეგ შორიდან ლაპარაკი აბნევთ და აშინებთ და საერთოდ, ვიღას უყვარს შორიდან ლაპარაკი? დღეს და ახლა, როგორც ”ბურგერ კინგი” მენიუ’’.

მეც მაშინებს. მეც ”ბურგერ კინგის” მენიუს ვითხოვ! მერე კი, ამ გრძელ, მიხვეულ-მოხვეულ გზას მივყვები, ვწყდები თბილისს, რადგან თბილისიც გორის ტრასას ჰგავს. გორის ტრასა გრძელია და ბოლო არ უჩანს. თითქოს არც თავი ჰქონდეს და არც ბოლო. არც წარსული და არც მომავალი. „საერთოდ, მგონი ეგ არის საქართველო, მიხვეულ მოხვეულობა’’… დიახ. მიხვეულ-მოხვეულ გზებზე წარსულს ეჩეხები. „თუ ბაბუაშენის მამა არ იცი, გორის ტრასაღა რჩება’’. და კიდევ ორმაგი ჩიზბურგერის გასწვრივ მითითებული ფასი.

ობოლე კი თოფია, სირცხვილისგან ლოყებშეფაკლული პრინცესა დაიანასავით თოფი. მაგრამ ამ ისტორიას თავად გაეცანით.

This entry was posted in თანამედროვე ქართული პროზა, ქართული პროზა and tagged , , . Bookmark the permalink.

4 Responses to „ობოლე აღარასდროს გაისვრის’’

  1. Pingback: ობოლე აღარასდროს გაისვრის | Kafka on the Shore

  2. მარტო კოლუმბიეს და პოვიდლოს ეპიზოდისთვის ღირს ამ წიგნის წაკითხვა :)

  3. რუსუდანი says:

    მართლა ძალიან მოგვენატრა მისი წიგნები, მე ჯერ ვიხანგრძლივებ წაკითხვის სიამოვნებას!

  4. რუსუდანი says:

    ხო “გოიმობაზე” წერს, მაგრამ ისეთი სიყვარულით, რომ ინტერესით გაკითხებს. თხრობის მანერა აქვს გემრიელი. არადა მაგ გოიმ კაცებზე უფრო არაფერი მეჯავრება ბავშვობიდან.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>